01/05/2024
Latest:
ეკონომიკა

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა

„ახალი სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში, კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის  „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში“ მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები, ასევე  ქართველი პროდიუსერები, ტურისტული კომპანიების, საქართველოს ავიახაზების, სასტუმროს ქსელებისა და კინოწარმოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დარგების წარმომადგენლები.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი, ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომლის მიზანია საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს. ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალი კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით.

„პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, არის კიდევ ერთი დარგის განვითარების ხელშეწყობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ავაღორძინოთ და განვავითაროთ ის დარგები, რომელსაც საქართველოში აქვს პოტენციალი, მაგრამ განვითარებული არ არის. როდესაც ჩვენ დავიწყეთ „აწარმოე საქართველოში,“ მაშინ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო და დღესაც მნიშვნელოვანია წარმოების განვითარება, ხოლო დღეს ჩვენ უკვე ვიწყებთ კინოინდუსტრიის წახალისებას და ამ დარგის განვითარებას. მოლოდინი საკმაოდ კარგი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წამახალისებელი ღონისძიებები იმუშავებს როგორც ადგილობრივი კინოინდუსტრიის, ასევე საზღვარგარეთიდან მოზიდული ახალი ფილმების მიმართულებით, რაც მოემსახურება უკვე სამუშაო ადგილების შექმნას, მოემსახურება ჩვენი ვალუტის სტაბილურობას და რა თქმა უნდა, მოემსახურება თვითონ ამ დარგის განვითარებას“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ შეიქმნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. სააგენტო საერთაშორისო პროდიუსერებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად დაინტერესებულ მხარეს  „ერთი სარკმლის“ პრინციპით მომსახურებას სთავაზობს, რაც მომართვის შედეგად პროდიუსერისთვის  სასურველი ლოკაციების მოძიებაში, კინოგადაღების დაგეგმვაში, ნებართვების მიღებასა და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციაში კონსულტაციის გაწევასა და დახმარებას მოიაზრებს.

პროგრამის ფარგლებში ინერგება ე.წ. cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს. აღნიშნული მექანიზმი მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ეყრდნობა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის უპირატესობებია:

  • პროგრამა წარმოადგენს სტიმულს ბევრი აღიარებული საერთაშორისო რეჟისორისა თუ პროდიუსერისთვის, ჩამოვიდეს საქართველოში და გამოიყენოს აღნიშნული ახალი შესაძლებლობა;
  • ხელს უწყობს გადასაღები ლოკაციების კუთხით საქართველოს პოტენციალის წარმოჩენას, ახდენს ქვეყნის პოპულარიზაციას და ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენას;
  • კინოინდუსტრიას მომიჯნავე დარგებზე სარგებლის გადადინების ეფექტი ახასიათებს;
  • ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას;
  • მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოდინების კუთხით, ახდენს ადგილობრივი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას;
  • ხდება მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება-გადახალისება და ისეთი დარგების განვითარება, რომლებიც დაკავშირებულია მხატვრული და სატელევიზიო ფილმების, ტელესერიალების ან მინისერიალების, ანიმაციური ფილმების,  დოკუმენტური ფილმებისა და მუსიკალური ვიდეოების შექმნასთან.
ანაზღაურების მექანიზმი ეხება შემდეგ მიმართულებებს:
  • მხატვრული ფილმი
  • სატელევიზიო ფილმი
  • ტელესერიალი ან მინი-სერიალი
  • ანიმაცია
  • დოკუმენტური ფილმი
  • სარეკლამო ვიდეოპროდუქცია
  • რეალითი შოუ
  • მუსიკალური კლიპი
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამერიკის საელჩოსთან ერთად დაგეგმა და უმასპინძლა Disney-სა და MaryAnn Hughes და  Entertainment Partners-ის (EP) წარმომადგენლებს. მათი ვიზიტის მიზანი იყო კინოინდუსტრიის განვითარებისა და წახალისების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის მაქსიმალურად ათვისება და აღნიშნული მიმართულებებით  საინტერესო საკითხების ტექნიკურ დონეზე განხილვა.ინფორმაცია გადაღებულ ფილმებზე

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მჭიდრო კავშირი ჰქონდა არაერთ უცხოელ პროდიუსერთან, რის შედეგადაც ქვეყანას ესტუმრა ინდოელ პროდიუსერთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც საქართველოში გადაიღეს 3 ფილმი, 2 მუსიკალური კლიპი და 5 სარეკლამო ვიდეო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო