04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“საქართველო მიდის სწორი გზით, იმ მიმართულებით, რომ ჩვენ გვაქვს მრავალვექტორიანი განვითარება”

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის პირველი კვარტლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ ასეთი მაკროეკონომიკული მაჩვენებლები 2007-2008 წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა, როცა მშპ-ს წლიური ზრდა შესაბამისად 9 და 12%-ს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდპირი უცხოური ინვესტიციების მოცულამ 2016 წლის პირველ კვარტალში 376 მლნ აშშ დოლარი შედგინა.ამ და სხვა გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და მის გამომწვევ ფაქტორებზე “ბანკები და ფინანსები” ეკონომისტ იოსებ არჩვაძეს გაესაუბრა.

– 2016 წლის პირველ კვარტალში შემოსული ინვესტიციები 2008 წლის შემდგომ სარეკორდო მაჩვენებლისაა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 103%-იანი ზრდა გვაქვს. რით არის განპირობებული მსგავსი ტრენდი და რა დგას ამ ციფრების უკან?

– ციფრების უკან შეგვიძლია დავინახოთ უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკით დაინტერესება, რასაც განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. სტაბილური საგადასახადო გარემო არის გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებადი საქმიანობის შესაძლებლობა, რისკების განსაზღვრული დონე, რომ ეს არ იქნება დავუშვათ მოულოდნელი ან სწრაფი ცვლილებები საკანონმდებლო კოდექსში და საგადასახადო კოდექსში და ა.შ. სტაბილურობის ფაქტორი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

მეორე ფაქტორი არის ის, რომ საქართველოში ცხოვრების დონე და ფასების დონეც, როგორც საინვესტიციო ბაზარზე, ასევე სამომხმარებლო ბაზარზე, საკმაოდ დაბალია და ჩამორჩება მსოფლიო ბაზრის დონეს. სხვადასხვა შეფასებით ეს მონაცემები მერყეობს 43%-დან 60%-მდე. ეს ნიშნავს, რომ დღესდღეისობით დონე საკმაოდ დაბალია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთეული ეფექტის მისაღწევად უცხოურ ინვესტორს აქ შეუძლია მოახდინოს უფრო ნაკლები დანახარჯებით, იგივე ზომის მოგების მისაღებად. აღსანიშნავია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება.

მესამე ფაქტორად გამოვყოფდი საქართველოს გეოგრაფიული სიახლოვეს გასაღების მდიდარ ბაზართან, როგორიც არის ევროპული ბაზარი. ეს არამარტო ქართველი ბიზნესმენებისთვის არის საინტერესო, არამედ ჩვენი შორეული პარტნიორებისთვისაც. რამდენიმე კვირის წინ შედგა ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში და ვფიქრობ, მათ ინტერესი არამარტო აბრეშუმის გზის კუთხით იყო, არამედ იმაზეც, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პლაცდარმი იმის, რომ ჩინეთმა მოახდინოს თავისი პროდუქციის გატანა ევროპულ ბაზარზე. საუბარი მიდის ჩინეთთან ანალოგიური ხელშეკრულების დადებისზე, რაც გვაქვს ევროკავშირთან. ყველაფერი ჯამში თავს იყრის და გვაძლევს იმ ციფრებს რაც მივიღეთ პირველ კვარტალში.

ინვესტიციების იერარქიულ დონეს რომ გადავხედოთ, მოწინავე ქვეყნებში აზერბაიჯანი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, კორეაა. თქვენი აზრით რამ გამოიწვია ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხრიდან მსგავსი გააქტიურება?

– თურქებს, ჩვენ საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში, თუ სავაჭრო ურთიერთობებს ავიღებთ, პირველი ადგილი და ლიდერის მაისური 2006 წლიდან არ გაუხდია, მას შემდგომ, რაც რუსეთმა ემბარგო დააწესა ქართულ პროდუქციაზე და დღეის მდგომარეობით თურქეთთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იმაზე მეტია, ვიდრე ვთქვათ, 2003-2004 წლებში იყო საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, თურქეთის ჩათვლით. აზერბაიჯანის ინტერესი ჩვენდამი, როგორც ტრანზიტული ქვეყნისადმი, აქ ინფრასტრუქტურაა, რაც ენერგორესურსების ტრანსპორტირებას, გატანას უკავშირდება.

თუმცა, მარტო ეს მომენტი არ უნდა იქნას გათვალისწინებული. სავაჭრო ეკონომიკურ ჭრილს აქვს სულ ცოტა ოთხი ასპექტი.

პირველი არის ინვესტიციები, მეორე არის სავაჭრო ბრუნვა, ტურიზმის მომსახურება და მეოთხედ მე დავასახელებდი ფულად ტრანზაქციებს, იმ ფულად ნაკადს, რომელიც ქვეყანაში ჩვენი ემიგრანტების მხრიდან შემოდის. ცალკეულ პოზიციებზე თითქოს სპეციალიზება ხდება. პირველ ადგილზე საქონელბრუნვაში თურქეთი გამოდის, მეორე ადგილზე ინვესტიციებში ძალიან ხშირად აზერბაიჯანი, ფულად ტრანზაქციებში რუსეთი, რომელიც არასდროს ყოფილა მას შემდგომ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე. ეს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ობიექტი ქვეყანაში სწორედ რუსეთს ეკუთვნის, მათ შორის ენერგეტიკაში, რუსული კაპიტალი საკმაოდ სოლიდურად არის გამოყვანილი.

ევროკავშირთან ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ითაა შემცირებული. რამ განაპირობა მისი შემცირება?

– აქ რამდენიმე ფაქტორია. ევროკავშირთან გასული წლის თებერვლის თვეში მივაღწიეთ ისტორიულ მაჩვენებელს, ჩვენი ექსპორტი გაცილებით მეტი იყო ევროკავშირთან ვიდრე დსთ-ს ქვეყნებთან. დღეის მდგომარეობით დსთ-ში ექსპორტი უფრო მეტია ვიდრე დსთ-ს ქვეყნებთან იმიტომ, რომ ღვინოზე მოთხოვნის გამო გაიზარდა ღვინის გატანა დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთშიც გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ევროკავშირში საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი თხილი, აქ ფასების დაცემის და სხვა რიგი მიზეზების გამო ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა და პირიქით იმპორტი გაგვეზარდა. ამის გამო 28%-ითაა შემცირებული ექსპორტი და ამას მე ერთ-ერთ ინტერვიუში მე ამას `ბრუსილოვის გარღვევა~ ვუწოდე.

ერთი მომენტიცაა, ევროკავშირი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა, მაგალითად კანადა, საქართველოს ეხმარებიან იმ გლობალური პროგრამის განხროციხელებაში რასაც ჩ ჰეპატიტის დაძლევა ჰქვია და ირლნდიიდან და კანადიდან წლის დასაწყისიდან 700 მილიონზე დოლარზე მეტი ღირებულების წამლები შემოვიდა. ეს აბსოლუტურად უსასყიდლოდ არის, თუმცა, მეთოდოლოგიით ეს იმპორტში იგულისხმება და ზრდის იმპორტის მოცულობას.

რას იტყვით იმპორტის სტრუქტურაში ცვლილებებზე?

– იმპორტდამოკიდებულება ჩვენთან საკმაოდ მაღალია. თუ ავიღებთ სხვა მაჩვენებელს, როგორც არის ექსპორტ-იმპორტის გადაფარვა, აქ სატრაბახოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს. ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, დაახლოებით 23%-ის დონეზეა. მაშინ როცა ჩვენ ბოლო ოთხ წელიწადში გვქონდა გაცილებით მაღალი მაჩვენებელი, მაგალითად ორი წლის წინ 37%-მდე გვქონდა. ეს მაჩვენებელი არასასურველია და არ ასახავს იმ პოტენციალს, რაც საქართველოს გააჩნია.

–  2016 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული ინვესტიციების მაჩვენებელი 2008 წლის შემდგომ ყველაზე მაღალია. თუ შეგიძლიათ შეადაროთ 2007-2008 წლებში საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, როდესაც მშპ-წლიური ზრდა 9% და 12% იყო. რამდენად იძლევა პირველი კვარტლის მონაცემები იმის საფუძველს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდა დაგეგმილს გადააჭარბებს?

– რაც უფრო მაღალი ზრდა იქნება მით უფრო სასურველია. პროგნოზი დღეს გამოქვეყნდა და წლის ბოლომდე ვარაუდობენ რომ შეიძლება ეკონომიკურმა ზრდამ 3.2% გადააჭარბოს. ეს აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია იმ პრობლემების და გამოწვევების ფონზე, რაც საქართველოს გააჩნია და რა მოლოდინებიც გააჩნია ჩვენს მოსახლეობას, კეთილდღეობის გაუმჯობესების მხრივ და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ. უნდა შევხედოთ კიდევ ერთ მომენტს. რამდენად არის ინვესტიციები საკმარისი იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს განვითარებას.

ინვესტიციების პირობებშიც კი ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი გარემოება. დაახლოებით 10 წლის წინანდელი მშპ გაცილებით ნაკლები იყო და ვთქვათ, მილიარდიანი ინვესტიციის გავლენა გაცილებით შთამბეჭდავი იყო ვიდრე დღეს. ამიტომ, იმისათვის რომ ანალოგიური ეფექტი გვქონდეს, დღეს საჭიროა უფრო მეტი ინვესტიციები. გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდთან შედარებით ფასების დონეც გაიზარდა. გაიზარდა სამუშაო ძალის შრომის ანაზღაურების დონე და ამიტომ აი ეს ეფექტი, რაც უცხოურ ინვესტიციებს ჰქონდა შემცირდა. ამიტომ, ანალოგიური ეფექტის მისაღწევად დღეს ჩვენ დაგვჭირდება თითქმის 3-ჯერ მეტი ინვესტიცია ვიდრე გვჭირდებოდა 2007-2008 წლებში. იმ წარმატებას, რაც პირველ კვარტალში გვაქვს უნდა შევხედოთ ზომიერი ოპტიმიზმით და ყოველგვარი აღტაცების გარეშე და ვიმუშაოთ იმისათვის, რათა საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოელი ინვესტორებისათვის, რომ მათ აქ გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესი დაინახონ.

ლარის გამყარებამ და გარკვეულწილად კურსის სტაბილურობამ, ამასთან ინფლაციის შემცირებამ, რამდენად მოახდინა ზეგავლენა 2016 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე?

– ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში, თუმცა, ლარის გამყარებას პირდაპირ კავშირში ვერ დავინახავ იმიტომ, რომ ლარი მყარდება დოლართან, თუმცა, დოლარის ემიტენტ ქვეყნებთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა არ აღემატება ცალკეული პერიოდების მიხედვით 6%-დან 8%-ს. ჩვენ დოლარით ვვაჭრობთ სხვა ქვეყნებთან, ეს არამარტო დამოკიდებულია ლარის გამყარებით დოლართან, არამედ იმაზეც, თუ როგორია, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტის კურსი იმავე ამერიკულ დოლართან. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩვენ ლარს ვამყარებდეთ, მაგრამ ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, მაგალითად უკრაინა იქნება, აზრბაიჯანი თუ სხვა ქვეყნები, მათი ვალუტა კიდევ უფრო მეტად მყარდებოდეს დოლართან. ჩვენი იმპორტი კი არ გაგვიიაფდება ქართული ლარის გამყარების გამო, არამედ გაგვიძვირდება. ეს შემდეგ პირდაპირ გავლენას მოახდენს წმინდა ექსპორტის მოცულობაზე. მისი სიდიდე ამან შეიძლება შეამციროს. ამიტომ, უნდა შევხედოთ კომპლექსურად.

ეკონომიკაში არ არის, რომ რაღაცას დავაჭერთ და სიჩქარეს მოვუმატებთ, ან კიდევ მუხრუჭს და სიჩქარე დაიკლებს. კომპლექსური პრობლემებია და მთლიანობაში უნდა შევხედოთ კომპლექსურად. საქართველო მიდის სწორი გზით, იმ მიმართულებით, რომ ჩვენ გვაქვს მრავალვექტორიანი განვითარება. ის რომ მინერალური წყლების ექსპორტშიც კი აღარ ვიღებთ მაინც და მაინც მთლიანობაში მხოლოდ რუსეთზე ორიენტაციას, იგივე ჩინეთის მიმართულება, ყაზახეთის მიმართულება, პოლონეთი, გერმანია და ევროპა მთლიანად, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მთლიანად ვიმოძრაოთ სხვადასხვა მიმართულებით. ინგლისური ანდაზაა – ნუ ჩააწყობ ყველა კვერცხს ერთ კალათში, – მგონი ჩვენი ეკნომიკური პოლიტიკა აღნიშნულ პრინციპს მთლიანად ითვალისწინებს.

ბაჩანა ჯინჭარაძე