04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“საქართველოს შეუძლია უდიდესი გეოპოლიტიკური გარღვევა მოახდინოს გაზის ტრანზიტში”

“სოკართან” გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დამატებით 200 მილიონი კუბური მეტრი მივიღეთ, არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო დღემდე აწარმოებდა. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისგან ნატურით მისაღები 10%-ის მოცულობა ჩრდილოეთ-სამხრეთ მაგისტრალური გაზსადენიდან კვლავ ძალაშია. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა რუსული მხარის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს გაზის ტრანზიტისთვის ნატურით გადახდა მხოლოდ საქართველოსთვის დაწესდა, როგორც გამონაკლისი, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი პრაქტიკა არსებობს, მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკიდან, ევროპის, ეგრედწოდებული “მეორე გაზის დერეფნით” მომარაგების დროს, კერძოდ, ალჟირი-ტუნისიდან იტალიის მიმართულებით. ალჟირი სწორედ ნატურით გადახდის მეთოდს იყენებს ტუნისთან მიმართებაში. ანალოგიური გადახდის წესია ალჟირი-მაროკო-ესპანეთის მიმართულებით.

ასე, რომ მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია “სოკართან” ანალოგიური ურთიერთობის გაგრძელებაც, რადგან 2018 წელს იწყება “შაჰდენიზი 2”-ის პროექტი, 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოცულობით, საიდანაც 6 თურქეთს დარჩება და დანარჩენი ევროპის მიმართულებით წავა. გაზსადენი საქართველოსაც გაივლის, ასე რომ ჩვენ გვექნება საშუალება უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით მივიღოთ გაზის გარკვეული მოცულობა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, მილიარდამდე კუბური მეტრი მოცულობის გაზი შეიძლება სწორედ საქართველოს დარჩეს, რაც ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ს ზრდის ტემპების გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე  ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ზურაბ გარაყანიძე საუბრობს.

მართალია, ნავთობის ფასი უკანასკნელ პერიოდში შესამჩნევად დაეცა, თუმცა, საერთაშორისო ექსპერტები 2017 წლიდან კვლავ ფასების ზრდას პროგნოზირებენ, შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში, რამდენად მომგებიანია ის პირობები, რაც მივიღეთ, როგორც “გაზპრომისგან”, ასევე “სოკარისგან”?

– დაწყებული “ბლუმბერგიდან”, დამთავრებული მსოფლიო ბანკით, ყველა ანალოგიურ მოსაზრებას იზიარებს. ვინაიდან, გაზის ფასი იანგარიშება ნავთობის ფასიდან გამოანგარიშებული ფორმულით, მოიმატებს ბუნებრივი აირის ფასიც. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გაზის შეძენა ნატურით.

  ამავე დროს, აღსანიშნავია, ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, კერძოდ იქმნება მსოფლიო გაზის ბაზარი. შეერთებული შტატებიდან ევროპის მიმართულებით მოხდა პირველი გათხევადებული გაზის ტრანზიტი ტანკერით, რომელიც პირველმა პოლონეთმა მიიღო. გარდა ამისა, ევროპის 16 პორტი არის მზად იმისთვის, რომ მიიღოს აღნიშნული თხევადი გაზი. ეს არის ისტორიული მოვლენა. რადგან, ექსპერტების მოსაზრებით 50-70 ტანკერით შესაძლებელია ევროპისთვის გაზის იმდენივე მოცულობის მიწოდება, რამდენსაც რუსეთი გეგმავს “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მეშვეობით. ამრიგად, რუსეთს აშშ-ს სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. მსგავსი კონკურენციის პირობებში, რუსეთს ძალიან გაუჭირდება იმ მონოპოლიის შენარჩუნება, რაც აქამდე ჰქონდა ევროკავშირის ბაზარზე.

 – ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს “სოკარისგან” შესასყიდი სოციალური გაზის მოცულობა შეუმცირდა, თუმცა, კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებენ, შესაბამისად, არსებული გაურკვევლობა კვლავ ქმნის სპეკუალციების საშიშროებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო გაუფასურებული ვალუტის პირობებში, კვლავ განაგრძობს სოციალური გაზის ტარიფის სუბსიდირებას. აქედან გამომდინარე, სოკარის გადაწყვეტილებას ხომ არ აქვს სიმბოლური ხასიათი, მითუმეტეს რომ არჩევნები ახლოვდება?

– როგორც წესი, პოლიტიკოსები იყენებენ მსგავს მეთოდებს, თუმცა, დღეს “სოკარის” გაზის ფასი ათას კბ.მ-ზე 110 – 130 დოლარის ფასებში მერყეობს, რუსული გაზის ფასიც ფაქტობრივად იგივეა. აზერბაიჯანული გაზის მოცულობიდან გამომდინარე, ეს ფასი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია. არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროპის ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ამ დიფერენციაციას მოხსნა, ანუ საქართველოსთვის გაზის ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობა უნდა იყოს ისეთივე, როგორიც დანარჩენი ევროპისთვისაა. შესაბამისად, ამ შეღავათებს შეიძლება საფრთხე დაემუქროს, თუმცა, არსებობს მეორე მხარეც, ელექტროენერგიის მოპოვების 85%-იანი წილი ჰოდრო რესურსებზე მოდის და მხოლოდ 15% უჭირავს თბორესურსებს, აქედან გამომდინარე ელექტროენერგიის გაიაფება სრულიად რეალურია.

ის ფაქტი, რომ ბუნებრივი აირის დიდ ნაწილს “შახდენიზის კონსორციუმი” მოგაწვდის, საზოგადოების დიდი ნაწილს გარღვევად მიაჩნია. როგორ აფასებს გაზის მიღების ამ გზას და რამ განაპირობა ქართული მხარის წარმატება?

– აქ საუბარია სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან მისაღებ გაზზე, რომელზეც რამდენიმე მხარე ფლობს უფლებებს, შესაბამისად, მოლარაკებებიდან გამომდინარე, გაზის მოცულობის გარკვეული ნაწილის მიღება, მითუმეტეს თუ რუსული მხარის მიმართ ნატურით გადახდა კვლავ გაგრძელდება, წარმატებული ნაბიჯია. დამატებით ფაქტორი კი წლის ბოლოს მოსალოდნელი გაზის ფასების გაზრდაა.

ჩემთვის სრულიად მისაღებია, რუსულ მხარესთან კომერციული თვალსაზრისით დიალოგი, გაზის დამატებითი მოცულობის მიღებისთვის, მითუმეტეს, რომ პილიტიკოსებს და ექსპერტებსაც ავიწყდებათ ის, რომ “სოკარიც” 100%-იანი სახელმწიფო მონოპილიით სარგებლობს, როგორც “გაზპრომი”.

აზერბაიჯანი დღესაც მონოპოლისტ მომწოდებლად რჩება, რადგან კონსორციუმში სწორედ “სოკარი” ფიგურირებს, რამდენად შეგვიძლია ეს წყარო განვიხილოთ, როგორ მოწოდების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა?

– დღევანდელ სიტუაციას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ დივერსიფიცირებულს, რადგან ენერგოუსაფრთხოების ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ ქვეყანას უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის სულ ცოტა 3 წყარო ჭირდება.

ამრიგად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერით დაწყებული ტრანსკავკასიის პროექტი, რომლის მშენებლობაც მოლაპარაკე მხარეების საერთო სურვილებიდან გამომდინარე, წესით, მალე უნდა დაიწყოს. ასევე, რატომღაც ჩვენს ექსპერტებს არ სურთ ირანის წყარო ხსენება, რომელიც მსოფლიოში უდიდესი მომპოვებელია და ძალიან დიდი სურვილი აქვს ევროპის ბაზარი აითვისოს, სწორედ კავკასიის გავლით. არსებობს ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ თურქეთთან გართულებული ურთიერთობის გამო, სწორედ საქართველოს შესთავაზოს თანამშრომლობა შავი ზღვის პორტების გამოყენებით.

სწორედ აღნიშნული ურთიერთოებებია საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავალი აღნიშნულ ვითარებაში. სწორედ ეს არის ჰაბი. თუ საქართველო გადაიქცევა ჩრდილო-სამხრეთ და აღმოსავლეთ-დასავლეთი ტრანზიტული მიმართულებების გადაკვეთის წერტილად, ეს იქნება უდიდესი გეოპოლიტიკური გარღვევა.