05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

,,ლარის გამყარება არის ნეგატიური მოვლენა”

,,ლარის გამყარების გამომწვევი მიზეზი არის ბანკების აქტიურობის შეზღუდვა და მეტი არაფერი”

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის წასვლის შემდეგ ლარი ყოველდღიურად მყარდება. ექსპერტები ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე საუბრობენ. რამ გამოიწვია კურსის მკვეთრი გამყარება, არის თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვა მიმდინარე პროცესებთან კავშირში და რა უნდა გაკეთდეს ლარის კურსის დასტაბილურებისთვის, ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაცემა “ეკონომეტრს”, ეკონომისტი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

-რამ გამოიწვია ლარის კურსის დასტაბილურება, რასაც მთავრობაც ვარაუდობდა?

-მე არ ვფიქრობ, რომ ლარის გამყარების ტენდენცია რაც ახლა ჩამოყალიბდა, არის საიმედო ან სასიხარულო. ეს პროცესები ბადებს უამრავ კითხვებს. არც ფინანსურ სექტორში და არც სხვაგან ვალუტის ფასის ასეთი სწრაფი ცვლილება არ ხდება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხელოვნურ პროცესებთან უფრო არის დაკავშირებული, ვიდრე მას ფუნდამენტალური საფუძვლების ცვლილება ჰქონდეს გავლენად. პირადად მე დეტალურად გამაცნო ბატონმა ქადაგიძემ ეროვნული ბანკის შიდა სამზარეულო თავისი მმართველობის ბოლო დღეებში, დეტალურად ვნახე ყველაფერი თუ როგორ ფორმირდება სავალუტო კურსი.

შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი მიზეზი, რომელიც შეიძლება იყოს დღესდღეობით ლარის გამყარების გამომწვევი, არის ბანკების აქტიურობის შეზღუდვა და მეტი არაფერი. რადგან არც შიდა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, არც საგარეო ფაქტორები ისე რადიკალურად არ შეცვლილა, რომ ჩვენ მიგვეღო ლარის მკვეთრი გამყარება.

გაუგებარია რატომ უნდა მყარდებოდეს ლარი, როდესაც საზოგადოებამ უკვე დიდი ფული გადაიხადა ამ დევალვაციაში. მე არ ვფიქრობ, რომ გამყარების ტენდენცია არის სწორი, ანდა ამას აქვს რაიმე ობიექტური ეკონომიკური საფუძველი. ეს არის უფრო ტექნიკური მანიპულირების შედეგი.

-ლარის დასტაბილურება დროში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვას დაემთხვა. ქადაგიძის პრეზიდენტობის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე ფინანსთა მინისტრმა ლარის კურსის გამყარება დააანონსა. რამდენად უკავშირდება ლარის გამყარების ტენდენცია პოლიტიკურ პროცესებს?

-მე ვთლი, რომ ამას კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესებთან. საქმე ისაა, რომ გამყარებას გვერჩივნა სტაბილურ კურსზე გვესაუბრა, ანუ პროცესზე როცა კურსის რხევა მაღალი არ არის. ჩვენ კი ვხედავთ არასტაბილურ კურსს და ახლა თუ კი გამყარებისკენ არის ტენდეცია ეს ყოველთვის უფრო დიდი ეჭვის საბაბია, ვიდრე დიდი იმედისა. არავითარი ბანკთაშორისი ბირჟა საქართველოში არ არსებობს და ვალუტის კურსი ბანკთაშორის ბირჟაზე არ დგინდება. ეს დგინდება ბლუმბერგზე ვაჭრობის შედეგად, როდესაც ბანკების ტრანზაქციების შედეგად საშუალო კურსს გამოიყვანს ეროვნული ბანკი. ეს არის კურსი, რომელიც შემდეგ ცხადდება. არადა, მსგავსი მიდგომა დაუშვებელია.

 მიუხედავდ იმისა, რომ არ მინდა ნეგატიური განწყობები შევქმნა ან პესიმისტური განწყობა მქონდეს, მაინც ვერაფერს საიმედოს ვერ ვხედავ ამ პროცესებში.  რა ეჭვიც მქონდა დამიდასტურდა, მაშინ როცა თითქმის ორი საათის განმავლობაში დეტალურად გავიარე ეროვნულ ბანკში ყველაფერი. თუ ვინმეს უნდა აჩვენოს, რომ ქადაგიძე ცუდი იყო და მისი წასვლის შემდგომ ლარი გამყარდება, მაშინ ეს კიდევ უფრო დიდ შეცდომაა. საქმე იმაშია, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ არ არსებობს ასეთი მძლავრი ტენდენცია იმისა, რომ ლარის კურსზე ასეთი დიდი გავლენა მოეხდინა.

-რა არის საჭირო ლარის კურსის დასტაბილურებისთვის?

-ლარის სტაბილურობისათვის საჭიროა ცხადი ეკონომიკური პოლიტიკა, ფულად–საკრედიტო პოლიტიკა და საბიუჯეტო–საგადასახო პოლიტიკა, რომელიც შეთანხმებული იქნება ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის და ეს ყველაფერი მიიღებს ნორმატიული დოკუმენტის ფორმას, ანუ იგი პარლამენტში იქნება შესაბამისად დამტკიცებული. ჯერ–ჯერობით არ არსებობს ისეთი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მთავრობის ეროვნულ პოლიტიკას და ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო პოლიტიკას. ის რაც ბიუჯეტში არის დაფიქსირებული აბსოლუტურად არასაკმარისია, იმისათვის რომ ეროვნულ ბანკს გააჩნდეს საკმარისი ორიენტირები რათა დადგენილი პოლიტიკის ფარგლებში იმოქმედოს. დღეისათვის კი  ეროვნულ ბანკს არანაირი მიმანიშნებელი არ გააჩნია, გარდა ერთი ინფლაციის მაჩვენებლისა, რომელიც არ უნდა იქნეს გადაჭარბებული. სხვა ყველაფერს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად აკეთებდა.

ახლაც ვფიქრობ, რომ გაურკვეველი ინიციატივების გზას ადგას ეროვნული ბანკი და მე არ მინდა რაიმე ნეგატიური შეფასება გავაკეთო დღეს. 1–2 კვირის ფარგლებში გამოჩნდება თუ საბოლოოდ როგორ მიმართულებას მიიღებს. არ ვფიქრობ, რომ ეროვნული ვალუტის აღმა–დაღმა სიარული საქართველოს საზოგადოებისთვის ან ბიზნესისთვის მომგებიანი იქნება. ბიზნესმა როგორ უნდა გათვალოს თავისი გეგმები თუ ხან მყარდება ვალუტა ხანაც არანორმალური სისწრაფით უფასურდება.

-ოპტიმისტური მოლოდინის შექმნას ექსპერტები არჩევნების მოახლოებასაც უკავშირებენ. თქვენ როგორ გგონიათ შეინარჩუნებს ლარი სტაბილურობას არჩევნების შემდეგაც?

– მე ვფიქრობ, ლარი სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს, რადგან ამის საფუძველი არც საგარეო ფაქტორებშია და არც ქვეყნის შიგნით საქართველოს ეკონომიკაში. თუ გამყარება ასე სასიხარულოა და ასე ხელოვნურად შეიძლება ლარის გამყარება, მაშინ ვიტყოდი, რომ ათი შაური ვაქციოთ ერთი დოლარი და ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით, რომ დოლარზე უფრო ძლიერი ვალუტა გვაქვს. თუმცა, სწორედ მაშინ ჩვენ საბოლოოდ დავიქცევით. ამიტომ ასეთი ტენდენციის გამყარება ყოველთვის არის ნეგატიური მოვლენა და არ ვფიქრობ, რომ იგი რაიმე სარგებელს მოიტანს.

-თქვენი შეფასებით როგორი შეიძლება იყოს უახლოესი ტენდენცია?

– ვფიქრობ, 2 კვირა საკმარისია იმისათვის, რომ კითხვები რომლებიც ჩნდება საბოლოოდ დასაბუთდე. მე ვურჩევდი ეროვნული ბანკის დღევანდელ მესვეურებს და მთავრობასაც, რომ იფიქრონ სტაბილიზაციაზე და არა გაუგებარ გამყარებაზე, რომლითაც ჩვენ სხვა მიმართულებით მოძრაობას აუცილებლად ვნახავთ. შეიძლება ახლო მომავალში არა, მაგრამ წლის განმავლობაში აუცილებლად.