03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

შოთა გულბანი: ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება, ქართველი მეწარმეებისთვის სამართლიანი ბიზნეს გარემოს ფორმირების მნიშვნელოვანი საფუძველია

“აფბას” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი შოთა გულბანი, ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების აუცილებლობაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს: „ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში, თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ფუძემდებელი, ინგლისელი ეკონომისტი ადამ სმითი ამტკიცებდა, რომ ქვეყანამ არ უნდა აწარმოოს კონკრეტული სახეობის პროდუქცია, თუ ანალოგიური პროდუქცია სხვა ქვეყანაში იწარმოება უფრო იაფად, სწრაფად და ხარისხიანად, რომლის გასაყიდი ფასიც, ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციასთან შედარებით მოხმარებლისთვის უფრო მისაღებია. ანალოგიური სცენარი განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში  მეწარმეები ვერ აწარმოებენ კონკურენტუნარიან პროდუქციას, მოხდა ისე, რომ ადგილობრივი ბაზრები იმპორტულმა, შედარებით იაფმა და ხარისხიანად ნაწარმოებმა პროდუქციამ მოიცვა. კარგია ეს თუ ცუდი? მოცემულ ეტაპზე, როცა მთავრობას სხვა გზა არ დარჩენია, კარგია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი შედეგის მომტანი. ვინაიდან ქვეყანა, რომელიც  არ აწარმოებს პროდუქციას და მომსახურებას, არ გააჩნია კონკურენტული უპირატესობა ცალკეულ დარგებში და არის დამოკიდებული იმპორტზე, შესაბამისად მისი ეკონომიკის იმუნიტეტიც სუსტი იქნება საგარეო შოკების მიმართ, ადვილად მოექცევა რეგიონში არსებული კრიზისის ზეგავლენის ქვეშ და ასევე ადვილად სამართავი ხდება სხვადასხვა ჰეგემონი სახელმწიფოების მხრიდან. სწორედ ამიტომ დროა, მთავრობამ რეალური ნაბიჯები გადადგას ადგილობრივი წარმოების გამოსაცოცხლებლად, რაც პირველ რიგში საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებით უნდა დაიწყოს. ამ კუთხით ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ვფიქრობ დაგვიანებული, თუმცა მართებულია.

რას შეცვლის ანტიდემპინგური კანონმდებლობა ადგილობრივი მეწარმეებისთვის

ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება არ არის დაკავშირებული მწარმოებლურობის დონის ამაღლებასთან, თუმცა მინიმუმ უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში გარკვეული სასტარტო პირობების არსებობისას, სამართლიანი და კონკურენტული გარემო ჩამოყალიბდეს პროდუქციაზე საფასო პოლიტიკის წარმოებისას. მაგალითად, როდესაც რომელიმე უცხოური კომპანია შემოდის ჩვენს ბაზარზე, რომელსაც ჭარბი ფინანსური რეზერვები გააჩნია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას უღირს, რომ მომხმარებლის მოზიდვის მიზნით პროდუქციის რეალიზება თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად აწარმოოს, რითაც საკმაოდ მოხერხებულად “ძირავს” ადგილობრივ კონკურენტებს და ამის რეალური მაგალითები ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მცირე და საშუალო ადგილობრივი ბიზნესები, რომლებიც ერთმანეთთან სამართლიან კონკურენციაში იყვნენ, ქრებიან იმის გამო, რომ უცხოურმა ძლიერმა კომპანიამ მათთან არასამართლიანი მეთოდებით კონკურენციაში შესვლა გადაწყვიტა. რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო? განვითარებად, ასევე განვითარებულ სახელმწიფოებში მსგავსი ქმედებების პრევენციისთვის ანტიდემპინგური კანონმდებლობა არსებობს, რომელსაც დღეს ჩვენთან ბევრი მოწინააღმდეგე ყავს. ხშირად ხდება აპელირება იმაზე, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებით, გარკვეულ ეტაპზე მომხმარებელბი იძულებულნი იქნებიან ადგილობრივი წარმოების ძვირი პროდუქცია შეიძინონ, თუმცა მსგავსი მსჯელობა არარელევანტურია, რადგან ანტიდემპინგური კანონმდებლობის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი მწარმოებლები დავიცვათ არასამართლიანი კონკურენციისგან, ასევე არ მივცეთ შესაძლებლობა უცხოურ კომპანიებს, ადგილობრივები ჩაძირონ პროდუქციაზე ბაზართან შეუსაბამო ფასის დაწესებით.

აღსანიშნავია, რომ გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული იმის დადგენა, პროდუქციის სარეალიზაციო ფასი არის თუ არა მის თვითღირებულებაზე ნაკლები ან მეტი, ბუნებრივია ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები იქნება განსახორციელებელი, რის შესაძლებლობასაც კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს.

სამწუხაროდ ჩვენ სათანადო პრობლემად არ აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ბალანსი დაახლოებით 20%-80%–ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქამდე არსებული ეკონომიკური პოლიტიკა ადგილობრივი პროდუქციის წარმოების სტიმულირების კუთხით, იყო ცალსახად უარყოფითი. ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ შექმნა ბიზნესისთვის ის გარემო, რაც პირველ რიგში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფდა. დღეს ამ პრობლემის გადაჭრა გრძელვადიან პერიოდში უნდა განვჭვრიტოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ცალკეული სამთავრობო პროექტების განხორციელების პარალელურად, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას გულისხმობს, უნდა ვიზრუნოთ საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგებაზე, მათ შორის ანტიდემპინგური კანონის მიღებაზე, რომელიც კიარ უკარნახებს ბაზარს ფასების დაწესებას, არამედ სამართლიანი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების საფუძველი იქნება.

ანტიდემპინგურიკანონმდებლობის მიღების აუცილებლობაზე DCFTAც მიგვითითებს

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების – DCFTA, მე-40 მუხლში ცალსახად დაფიქსირებულია, რომ საქართველომ ვალდებულება იკისრა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, იმოქმედოს ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანას უნდა გააჩნდეს ანტიდემპინგური და დაცვითი ღინისძიებების შესახებ კანონმდებლობები, რითიც შესაძლებელი იქნება ადგილობრივი ინდუსტრიების დაცვა იმპორტისგან“.