საზოგადოება

თბილისის მერია “სითი პარკს” ისევ უტევს  

 

“ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მანქანები აღარ მიჰყავთ. ავტომობილების გადაყვანა, როგორც ხდებოდა, ისევ ისე ხდება”

 

თბილისის მერი დავით ნარმანია ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ნარმანია “სითი პარკის” თემას ისრაელიდან გამოეხმაურა.

მერის განცხადებით, თბილისის მერიამ, “სითი პარკთან” ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო.

“ერთი თვის წინ ჩვენ “სითი პარკს” შევთავაზეთ ცვლილებების ჩვენეული ვერსია და მივეცით ერთ თვიანი ვადა, რომ გაეანალიზებინათ ვითარება და მოეცათ არგუმენტირებული პასუხი.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელშეკრულება შევცვალოთ ისე, რომ მოხდეს ქალაქზე მიყენებული ზარალის კომპენსაცია. ამასთან, დაჯარიმების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბალანსი და თანაბრად განაწილდეს შემოსავლები “სითი პარკსა” და ბიუჯეტს შორის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, უნდა აიკრძალოს ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა და შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით.

“უნდა განხორციელდეს ეს და სხვა მსგავსი ხასიათის ცვლილებები, რამაც უნდა დაასრულოს ამ ერთი კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე”, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარებაზე. კერძოდ, თბილისის მერის თქმით, ტარდება კვლევა კონკრეტული ტერიტორიების ასარჩევად, რამაც ამ თვალსაზრისით “სითი პარკის” მონოპოლიური მდგომარეობა უნდა შეასუსტოს.

“ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკურ პოპულიზმზე აგებულ განცხადებებს და საქმიანად გვსურს პრობლემის მოგვარება. ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ “სითი პარკი” არ წამოვა გონივრულ ცვლილებებზე, თბილისის მერია უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რამდენიმე დღის წინ “სითი პარკის” საჯარიმო ავტოსადგომთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეთა განცხადებით, კომპანია ავტომობილების უკანონო გადაყვანას ახდენს. მათი თქმით, ავტომობილის გადაყვანა კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ ის აფერხებს მოძრაობას ან შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების გადაადგილებას.

აღნიშნულ საკითხზე “სითი პარკის” წარმომადგენელი ლევან ტაბიძე ამბობს, რომ კომპანია კანონის შესაბამისად მოქმედებს.

“ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მანქანები აღარ მიჰყავთ. ავტომობილების გადაყვანა, როგორც ხდებოდა, ისევ ისე ხდება”, – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან ტაბიძემ.

ის იმ რამდენიმე შემთხვევასაც ასახელებს, რომლის გამოც ავტომობილი ევაკუაციას ექვემდებარება – იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ვიწრო ქუჩაზეა გაჩერებული, ქმნის საცობს, ფეხით მოსიარულეს მოძრაობას უშლის, გაჩერებულია შშმ პირებისთვის გამოყოფილ პარკირების სპეციალურ ადგილზე, გაჩერებულია ე.წ. ზებრაზე/შუქნიშნის გადასასვლელ ზოლთან და ა.შ., სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანას ექვემდებარება.

“ავტომობილებს ფოტოებს ნებისმიერ შემთხვევაში ვუღებთ, დაჯარიმების დროსაც კი. თუ მძღოლი არ ეთანხმება ევაკუაციას, შეუძლია გაასაჩივროს მერიაში, მერიაშიც თუ მის სასარგებლოდ არ მიიღეს გადაწყვეტილება, შეუძლია სასამართლოში წავიდეს და იქ იჩივლოს”, – აცხადებს ტაბიძე.

კომპანია “სითი პარკს” დგომა-გაჩერების წესების დარღვევით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება 15 ივნისიდან შეეზღუდა.

ცვლილებების თანახმად, კომპანიას აღარ აქვს უფლება, მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს, თუკი არ ქმნის საავარიო სიტუაციას, არ აფერხებს ფეხით მოსიარულეებს ან არ წარმოშობს საცობს. ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი მანქანა დგომა-გაჩერების წესების დარღვევით დგას, მძღოლი მხოლოდ ადმინისტრაციული წესით – 10 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად აპროტესტებენ იმას, რომ “სითი პარკს” ავტომობილები ისეთივე სიხშირით გადაყავს, როგორც ადრე ხდებოდა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტომობილი არც საავარიო სიტუაციას ქმნის და არც ფეხით მოსიარულეების გადაადგილებას აფერხებს.

ელენე ციგრიაშვილი