თბილისს შშმ პირთათვის ადაპტირებული 150 ავტობუსი ეყოლება
11 მაისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის “თბილისის ავტობუსების პროექტის” მხარდაჭერის ხელშეკრულება გაფორმდა.
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, გაზზე მომუშავე 150 ავტობუსის შეძენა. მათი ცნობით, ავტობუსები იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის და ექნება სპეციალური პანდუსები.
მემორანდუმის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის მერიას პროექტის განსახორციელებლად 27,000,000 ევროს ოდენობით სესხს გამოუყოფს.
გარდა ამისა, თბილისის მერია მიიღებს გრანტს 7,000,000 ევროს ოდენობით, რომელიც გამოყოფილი იქნება აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვის პარტნიორობის (E5P) მიერ. (E5P) მრავალდონორიანი ფონდია, რომელსაც EBRD მართავს.
მემორანდუმს ხელი თბილისის ვიცემერმა ლაშა აბაშიძემ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბანკირმა თეა მელიქაძემ და “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ჭეიშვილმა მოაწერეს.
“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 150 ახალი ავტობუსის შეძენას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას. მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ახალი სამარშრუტო სქემა გვქონდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პროექტებში გვიჭერენ მხარს,” – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტი წარმოადგენს ფართო წამოწყების ნაწილს, რომლის მიზანია თბილისში საჯარო ტრანსპორტის მობილობის გაუმჯობესება და რომელიც გულისხმობს ავტობუსების არსებული მარშრუტების რესტრუქტურიზაციას.
დედაქალაქის მერიამ საკონსულტაციო კომპანიის მოსაძიებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომელიც თბილისს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონული გადახდის სისტემას შესთავაზებს. შესყიდვის პროცედურები ხორციელდება EBRD-ის რეგულაციების შესაბამისად.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შესყიდვის მიზანია მგზავრზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის განვითარება, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება მობილობის პრობლემას. მათი ცნობით, პროექტის ღირებულებაა 800 ათასი ევრო, საიდანაც 300 ათასს თბილისის მთავრობა ბიუჯეტიდან დააფინანსებს, ხოლო 500 ათას ევროს საერთაშორისო ორგანიზაციიდან გრანტის სახით მიიღებს.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ EBRD-ის მხარდაჭერით წამოწყებული პროექტები საფუძველს ჩაუყრის დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ძირეულ რეფორმას, რის შედეგადაც მოსახლეობა ევროპული სტანდარტების მომსახურებას მიიღებს.