საზოგადოება

ჭიათურაში ახალი საბაგიროების მონტაჟისთვის 8,5 მილიონია გათვალისწინებული

ჭიათურაში ახალი საბაგიროების მონტაჟი იწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა არსებულის დემონტაჟისა და ახალი რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოებისთვის 8 564 804 ლარია გამოყოფილი. წინადადებების მიღების ვადა 3 ივნისს 12:00 საათზე სრულდება.

ჭიათურაში გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების მთლიანი კომპლექტაცია მიწოდებული იქნება ფრანგული კომპანია „პომაგალსკის“ მიერ.

აშენდება ცენტრალური სადგური, ასევე ნაგუთის,  ლეჟუბანისა და სანატორიუმის სადგურები.

ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს.

საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლუატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირ-გზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა.

წყარო: Gbc.ge