საზოგადოება

პაატა რატიანი: სამედიცინო ტურიზმი საქართველოში, შეიძლება, იქცეს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ სერიოზულ აქსელერატორად

საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის დასრულების შემდეგ თბილისის სამი საავადმყოფოს მმართველობა სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელით განხორციელდება.იგეგმება ამ კლინიკების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, პერსონალის გადამზადება და მომსახურების ხარისხის ზრდა.

საინტერესოა, რამდენად ექნება შანსი საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და დღეისათვის რა ვითარებაა პაციენტების გადინების თვალსაზრისით.

Jandacva.ge-ს შეკითხვებს სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტი, სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში პაატა რატიანი პასუხობს.

ბატონო პაატა, მოგეხსენებათ, თბილისის სამი საავადმყოფოს (რესპუბლიკური, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები და ონკოლოგიური ცენტრი) განვითარება იგეგმება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით (PPP მოდელი). იგეგმება 0,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია. როგორც მედიკოსი და სამედიცინო ტურიზმით დაკავებული ბიზნესმენი, როგორ შეაფასებთ ამ პერსპექტივას?

–  სამედიცინო ტურიზმის სპეციალისტებში არსებობს მოსაზრება, რომ გლობალური ჯანდაცვის განვითარების მთავარი ტრენდი მსხვილი კლასტერების შექმნაა, ანუ დიდ, მულტიპროფილურ და თვითკმარ ცენტრებში თავს მოიყრის ძირითადი სამედიცინო ინტელექტუალური, მატერიალური და ტექნიკური შესაძლებლობები.საქართველოსთვის 3-4 ამგვარი კვანძი საკმარისი იქნებოდა.

ინფორმაცია ამ კონკრეტულ პროექტზე არ გამაჩნია, ამიტომ გამიჭირდება შეფასება. თუმცა კლინიკების გამსხვილებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმები. აუცილებელია, ეს არ იყოს ერთჯერადი პიარ-აქცია და ქვეყანაში ჯანდაცვის გრძელვადიანი ხედვისა და სტრატეგიის ჭრილში იყოს გააზრებული. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით წარსულში გვაქვს უარყოფითი გამოცდილება.

ცნობილია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, გადამზადდება პერსონალი, გარემონტდება და ბოლო თაობის ტექნიკით აღიჭურვება საავადმყოფოები. ეს ფაქტი როგორ აისახება პერსონალის მუშაობის და შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე?

–  რა თქმა უნდა, მისასალმებელია ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდასა და პერსონალის გადამზადებას ითვალისწინებს. ეს მუდმივი პროცესი უნდა იყოს და ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გააუმჯობესებს სამედიცინო სერვისებს. სამედიცინო მომსახურების ხარისხი ძალიან კომპლექსური საკითხია და მას მრავალი კომპონენტი განსაზღვრავს. მაგალითად ის, თუ როგორია სამედიცინო პერსონალის ფინანსური მდგომარეობა, მათი კარიერის სტაბილურობა და ა.შ.

თქვენ, როგორც სამედიცინო ტურიზმის ექსპერტს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რამდენად დიდია საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების რაოდენობა?

–  საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიმავალი პაციენტების რაოდენობა, მარტივი დაკვირვებით, მუდმივად იზრდება. სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. მაგრამ ძალიან გახშირდა უბრალოდ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, მარტივ კვლევებსა თუ პროცედურებზე უცხოეთში მიმავალი მოქალაქეების მიმართვიანობა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სეგმენტი სულ უფრო მასობრივი ხდება. ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ამ სიტუაციის შეცვლა მოსალოდნელი არ არის. ეკონომიკურად სუსტ ქვეყანაში ძლიერი და სანდო ჯანდაცვა არარეალისტური ამოცანაა. ამიტომ მოთხოვნა უცხოურ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე მყარია. დაახლოებით ისევე, როგორც მოთხოვნა უცხოურ უნივერსიტეტებში ხარისხიან განათლებაზე და ა.შ.

საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და თან სადაზღვეო პაკეტები არ მოიცავს ამ ხარჯების ანაზღაურებას. განვითარებული და სრულად აღჭურვილი საავადმყოფო შეამცირებს პაციენტების გადინებას ქვეყნიდან? გაიზრდება პაციენტთა სანდოობა ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების მიმართ? 

–  ის კლიშე, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა ფუფუნებაა, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ხშირად, შესაძლებელია საკმაოდ კონკურენტულ ფასად უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება უცხოეთის უფრო მაღალი დონის კლინიკებში.საერთაშორისო ჰოსპიტალებს შორის კონკურენცია სულ უფრო იზრდება, რაც ფასების დაწევასაც განაპირობებს. ჩემი აზრით, სრულიად არარეალისტური ამოცანაა, რომ ადგილობრივი საავადმყოფოების აღჭურვას მყისიერად მოჰყვება უცხოეთში პაციენტთა ნაკადის შემცირება. ამას დასჭირდება ძალიან დიდი დრო, ლოკალური მედიცინის მიმართ ნდობის აღდგენა, ჯანდაცვის ეკონომიკის ზრდა, ქვეყნის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება – მინიმუმ 2-3 ათწლეული, თუ ქვეყანა დიდი ტემპებით განვითარდება.

რამდენად ექნება შანსი საქართველოს განავითაროს სამედიცინო ტურიზმი ჰოსპიტალების რეაბილიტაციის შემდგომ?

–  საქართველოს აქვს შანსი, განავითაროს სამედიცინო ტურიზმი მცირე რეგიონული მასშტაბით, სამიზნე ბაზრების, პროდუქტების სწორი შერჩევითა და ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებით. აუცილებელია, მოინახოს რეალობის ადეკვატური ნიშა. ამ შემთხვევაში სამედიცინო ტურიზმი შეიძლება იქცეს ჩვენი ჯანდაცვის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ სერიოზულ აქსელერატორად. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვმართებს თურქეთის რესპუბლიკასთან, რათა ჩვენ ვიქცეთ მათთვის მთავარ რეგიონულ ჰაბად კავკასიაში.