09/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ეროზიის დაწყება „ჰუმანითი ჯორჯიას“ იაფი ჯენერიკების სტრატეგიას უკავშირდება”

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ მედიკამენტების ფასების კონტროლის მიზნით, შეიმუშავა ფანასკერტელის ინდექსი. აფბა ატარებს კვლევას და ყოველთვიურ რეჟიმში აკვირდება 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასებს. კვლევის შედეგების თანახმად, მიმდინარე ეტაპზე, მედიკამენტების ბაზარზე ბოლო 4 თვის განმავლობაში ფასები იკლებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარეს თინათინ ტურძილაძეს:

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მედიკამენტებზე ფასები ბოლო 4 თვის განმავლობაში იკლებს. რამდენად ეთანხმებით ამ კვლევის შედეგებს?

–  აღნიშნული  კვლევა აჩვენებს ბაზარზე სამომხმარებლო ფასის ცვლილების გარკვეულ დინამიკას.ეს მონაცემები ჩემთვის საკმარისი არ არის ფასის კლების დასკვნის ექსტრაპოლაციისთვის, თუმცა, ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ  წამლის ფასების ეროზიის ნიშნები სახეზეა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს პროცესები მარტივად არ მიდის, სავარაუდოდ, წამლების იმ ნაწილზე, რომლის იაფი გენერიკებიც ბაზარზე შევიდა, ფასებმა გარკვეულად დაიწია. პარალელურად, აიწია ფასმა  ქართული ბაზრის იმ ე.წ. ბლოკბასტერებზე, რომლის სეგმენტშიც კონკურენცია არ დაწყებულა. ალბათ, ამ პროდუქციით შეეცდება „დანაკარგის“ ანაზღაურებას ბიზნესი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჰოლდინგების „სააფთიაქო ქსელებისთვის“ პრიორიტეტად თავისი პროდუქციის გაყიდვები რჩება, გასაგებია, რომ ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის კონკურენტი პროდუქციის საცალო რეალიზაციას. დაიწყო საკმაოდ წინააღმდეგობრივი პროცესები.

ანუ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის  „ჰუმანითი ჯორჯიას“ იაფი წამლების  ფაქტორმა იქონია ფასების შემცირებაზე გავლენა?

 

–  დიახ, ეს მქონდა მხედველობაში, „ჰუმანითი ჯორჯიას“ იაფი გენერიკების  სტრატეგიას უკავშირდება ფასების ეროზიის დაწყება ქართულ ბაზარზე.

ზოგადად, ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა რა გავლენას ახდენს არსებულ მდგომარეობაზე?

 

–  ახალი მოთამაშის გავლენა ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ინვესტიციის მოცულობაზე, სტრატეგიაზე, სასაქონლო პორთფელზე… „ჰუმანითის“ შემოსვლამდეც, ბაზარზე ათასობით  ეკონომიკური აგენტი მუშაობდა, მაგრამ მათი გავლენა ბაზარზე მათი სასაქონლო წილის პროპორციული იყო და არის. „ჰუმანითის“გავლენა მისი დიდი სასაქონლო პორთფელის და არჩეული სტრატეგიის გამო, სავარაუდოდ, არსებითად შეცვლის ქართული ბაზრის პეიზაჟს. ეს წარმატებული იქნება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კვალიფიციურად და ვალიდურად გაიმიჯნება გენერიკი და სიმილატი. თუ გამიჯვნა წარმატებით დასრულდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მთავარი ამოცანა შესრულდა. რაც შეეხება  კომპანიებს, რომლებიც აქამდე ქმნიდნენ ქართული ბაზრის ლანდშაფტს, შესაძლოა, მათი ნაწილის რეორიენტირება მოხდეს ბრენდულ სეგმენტზე და კერძო დაზღვევით რეიმბურსირებაზე, ნაწილი კი დარჩეს იაფი გენერიკების სექტორში, ოღონდ მოუწევთ, ეს წამლები გენერიკის ფასებად გაყიდონ.ასეთი მოდელით ბიზნესი კონკურენციის რეჟიმშია, საზოგადოება და სახელმწიფო კი მოგებულია.  ძალიან საინტერესო პროცესები მიდის…

თავისუფალ ბაზარზე, როგორც წესი, სახელმწიფო ზემოქმედებს  2 ბერკეტით: ერთი, რეგულაციების გამკაცრებით და მეორე, კონკურენციის ხელშეწყობა-წახალისებით. ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლის წახალისებით სახელმწიფო მეორე გზას ირჩევს. როგორ შეაფასებთ ამ ნაბიჯს – თავისუფალმა კონკურენციამ თავად უზრუნველყოს ფასების დაწევა მედიკამენტებზე?

 

–  ჩვენი მიზანი არც ბაზრის თავისუფლებაა და არც მისი რეგულირება. ჩვენი მიზანი ეფექტიანი და ხარისხიანი წამლის ხელმისაწვდომობაა. ამ მიზნის მისაღწევად არსებობს რეგულაციის და კონკურენციის რაციონალური კომპლექსი. ამ ეტაპზე ფარმაცევტულ ბაზარზე „კონკურენციის ინექცია“ გაკეთდა. ეს სწორია, მაგრამ საკმარისი არ არის… სწორია იმდენად, რამდენადაც გვჭირდება ხარჯების შემცირება, მაგრამ არასაკმარისია რეალური ხელმისაწვდომობისთვის, რადგან დადასტურებული ეფექტურობის გენერიკი უსაზღვროდ ვერ გაიაფდება. მოსახლეობას აუცილებლად დასჭირდება ფინანსური მხარდაჭერა წამლის კომპონენტში. ამიტომ რეიმბურსაციის გზით იქნება, თუ სუბსიდირების გზით, თანადაფინანსების სქემები უნდა ამუშავდეს. ამ შემთხვევებში არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ ფასრეგულაციის ინსტრუმენტიც გამოიყენოს. ამ ეტაპზე ბაზარზე ფასების თერაპია იაფი გენერიკებით მიდის – მიზანი  მონოპოლიური ფასების ეროზიაა. თეორიულად სქემა სწორია, თუმცა არსებული ბიზნეს-მოდელების პირობებში, ეს წინააღმდეგობრივი პროცესებია…