05/05/2024
Latest:
საზოგადოება

თუ კომპიუტერს აზრებს ხმამაღლა გაანდობთ, წერა აღარ მოგიწევთ

ქართველმა კიბერ-მეცნიერმა ირაკლი ქარდავამ ელექტრონული სპექტროსკოპისთვის ორ და სამგანზომილებიანი გრაფიკული გამოსახულებების მისაღებად სპეციალური პროგრამა შექმნა. ამჟამად სხვადასხვა საგნებსა და ორგანოებზე მისი გამოცდა დაიწყო და ეს არ არის კიბერ-მეცნიერის პირველი და ერთადერთი წარმატება.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი პროგრამის წყალობით ირაკლი ქარდავა ქართულ კიბერ-ისტორიაში შევა, რადგან მის მიერ შექმნილი პროგრამით,,ვირტუალურ საქართველოს” შესაძლებლობა ექნება “Google-Voice“-ის სისტემის ნაწილი გახდეს.

ნათქვამი ყველასთვის გასაგები რომ იყოს, განვმარტავ, რომ კომპიუტერს არც მაუსი დასჭირდება და არც კლავიატურა, რადგან მასში ტექსტები ხმოვანი, ანუ თქვენს მიერვე წაკითხული ფორმით აიკრიფება. ირაკლი ქარდავას სამეცნიერო მონოგრაფია “ზოგიერთი ნაბიჯი ადამიანის ტვინსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის დიალოგის ჩამოყალიბებისთვის“ სხვადასხვა ენებზე უკვე ითარგმნა და მან სამეცნიერო წრეების ყურადღებაც მიიქცია.

-ირაკლი, თქვენი გამოგონების წყალობით, მსოფლიოს ვებ-გვერდები:Google, youtube, yahoo ქართულ ენაზე დასმულ კითხვებს პასუხს გასცემენ, რაც მანამდე არ ყოფილა?

— ეს შესაძლებლობა რამდენიმე სხვა ენისთვის ადრეც არსებობდა, მაგრამ ქართული ენა ამ საკითხში ჩამორჩენილი იყო, ამიტომაც შევქმენი ქართული ენის აკუსტიკური მოდელი, რომელიც ჩემს მიერ ჩამოყალიბებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით სისტემაში ინტეგრირებული ენების მსგავსად მუშაობს. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ უკვე არსებობს ბრაუზერი, რომელიც google-ს, yahoo-ს, youtube-ს, wikipedia-ს და სხვა მსგავს სისტემებში ქართულად წარმოთქმულ სიტყვებს თუ წინადადებებს ავტომატურად ძებნის ან კლავიატურის ღილაკების გამოყენების გარეშე თარგმნის. ასევე პროგრამისტის მიერ წინასწარ შექმნილი ფუნქციების მეშვეობით ქართულ ხმოვან ბრძანებებს ასრულებს. თუმცა, აკუსტიკური მოდელი უნივერსალური უნდა გავხადოთ, რომ საყოველთაო მოხმარებისთვის მზად იყოს.

-პრაქტიკულად თქვენი პროგრამა დაეხმარება მათ, ვინც კომპიუტერი ცუდად ან საერთოდ არ იცის?

— დიახ, ჩემი კვლევის მიმართულებაა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც სწორედ კომპიუტერისგან ძალზე შორს მდგომი ადამიანისთვისაა. საკმარისია, მხოლოდ თითის დაჭერა ღილაკზე და ის ყველაფერს ავტომატურად გააკეთებს. ესაა ამოცანა, რაც კონკრეტული მომენტისთვის გვჭირდება. იგი ძალიან მარტივია და არანაირი ცოდნა არ სჭირდება. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და საქმე იქითკენ მიდის, რომ ყველაფერი რობოტიზებული, ანუ ხმით მართვადი გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კომპიუტერს ვესაუბრებით და ისიც ხმით გვაძლევს პასუხს,- ყველაფერი მარტივი იქნება. ეს პროგრამა, რომელსაც მსოფლიოს,,Speech Recognizer,, ჰქვია, რომ გადავთარგმნოთ “ხმის ამომცნობს” ნიშნავს. სიტყვებს წარმოთქვამ და კომპიუტერი ამ სიტყვების ტექსტურ ვარიანტს კლავიატურაზე აკრეფის გარეშე შექმნის. საქართველოში ეს მიმართულება ძალიან დაბალ დონეზე იყო. რადგან ჩემი კვლევა კომპიუტერულ ლინგვისტიკას მოიცავს, ამიტომ მასში სიტყვები გრამატიკულად გამართულად უნდა იყოს დაწერილი. ამ შემთხვევაში ერთ დეტალს კიდევ გავითვალისწინებდი, ქართულ ანბანში 33 ასო-ბგერაა. ჩვენ მათ ფონემებს ვეძახით. ფონემა ყველაზე მცირე ნაწილაკია და ეს მხოლოდ ქართულისთვისაა დამახასიათებელი. არის ენები, რომლებშიც 2-3 ასო იწერება და მხოლოდ ერთი იკითხება.

ქართველი კიბერ-მეცნიერი ირაკლი ქარდავა. არქივის ფოტო
ქართველი კიბერ-მეცნიერი ირაკლი ქარდავა. არქივის ფოტო

– ანუ ქართული ენა იმდენად სრულყოფილია, რომ ეს პროგრამა მასზე უფრო მორგებულია?

– დიახ, ნამდვილად ასეა, ჩვენზე უფრო მორგებულია.

– თქვენი პროგრამით შეგიძლიათ იმ ენებსაც დაეხმაროთ, რომლებსაც ასეთი ფუფუნება არ გააჩნია?

– კი ბატონო, ამ პროგრამით ამ ენების სპეციფიკაცაა გათვალისწინებული და ამით საქართველოს შეუძლია,სხვა ქვეყანასაც დაეხმაროს.

-ირაკლი, თქვენი სამეცნიერო მონოგრაფიის სათაურია „ზოგიერთი ნაბიჯი ადამიანის ტვინსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის დიალოგის ჩამოყალიბებისთვის“, ანუ ეს იქნება რობოტთან? 

— ეს მონოგრაფია რამდენიმე ენაზე უკვე ითარგმნა და ის გამოსცა გერმანულ-ამერიკულმა სამეცნიერო გამომცემლობამ „Lambert Academic Publishing“-მა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში. მონოგრაფია ინგლისურიდან ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და იაპონურ ენებზე ითარგმნა. მას შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ სამეცნიერო თუ არასამეცნიერო საიტების საშუალებით გაეცნოთ.

-ადრე განაცხადეთ, რომ მალე ადამიანები ყველაზე სანდო არსებად რობოტს ჩათვლიანო,- ეს აზრი არ შეგიცვლიათ?

— ეს აზრი არ შემიცვლია და უფრო მეტიც, სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობ პოლონეთში, ნანობიომედიცინის კვლევით ცენტრში, სადაც ადამიანის ტვინსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ნეირონების გაცვლით ორმხრივი დინამიური დიალოგის შესაძლებლობის ჩამოყალიბებას ვცდილობთ. სხვათა შორის იაპონიაში ამ მხრივ ანგარიშგასაწევი შედეგები აქვთ მიღებული. გაცვლილი ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის მე თვითგანვითარებადი სინტაქსისა და სემანტიკის ცნება შევქმენი. ამ ეტაპზე ელექტრონული სპექტროსკოპისთვის ორ და სამ განზომილებიანი გრაფიკული გამოსახულებების მისაღებად სპეციალური პროგრამა შევქმენი და ვფიქრობ, მედიციანაში ჩემი ექსპერიმენტების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გარკვეული მიმართულების სამედიცინო დანადგარები საინტერესო შესაძლებლობებს შექმნიან.

ქართველი კიბერ-მეცნიერი ირაკლი ქარდავა. არქივის ფოტო
ქართველი კიბერ-მეცნიერი ირაკლი ქარდავა. არქივის ფოტო

–თქვენ სოხუმში დაიბადეთ, ბავშვობაც იქ გაატარეთ. ალბათ ფეხბურთის თამაშს წიგნის კითხვას ამჯობინებდით?

–მივხვდი, რასაც გულისხმობთ. არიან ადამიანები, რომლებსაც გარეგნულად ეტყობათ, რომ კომპიუტერზე არიან მიჯაჭვულები. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს შემთხვევაში სულ სხვაგვარად იყო საქმე, ბავშვობაში მძლეოსნობით ვიყავი დაკავებული და მათემატიკა მიყვარდა. ბევრჯერ ყოფილა, როცა ვერ ვხსნიდი ამოცანას, მისი პასუხი სიზმარში მინახავს. მერე შემიმოწმებია და სწორი აღმოჩენილა. ამიტომ ფურცელი და კალამი ყოველთვის საწოლის გვერდით მედო და როცა რაიმე დამესიზმრებოდა, ეგრევე ვინიშნავდი. ჩემი დამოკიდებულება კომპიუტერთან კი დღესაც მხოლოდ მეცნიერულ ხასიათს ატარებს.

Sputnik საქართველო