06/05/2024
Latest:
საზოგადოება

,,სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ზრდაზე”

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) ,,ჯანდაცვის პლატფორმასთან” ერთად ახორციელებს ყოველთვიურ კვლევას მედიკამენტებზე ფასების ცვლილების დასადგენად. ფასების ცვლილების სპეციალიზებული ინდექსის ,,ფანასკერტელის ინდექსის~ მარტის თვის შემაჯამებელი შედეგების მიხედვით, წინა თვესთან შედარებით ინდექსი 12,5 %–ით შემცირდა და 11.1 პუნქტი შეადგინა.
მედიკამენტებზე ფასების კლების გამომწვევ მიზეზებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებზე აფბას ვიცე–პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე საუბრობს.

– აფბასა და ,,ჯანდაცვის პლატფორმის” ერთობლივი კვლევის ბოლო შედეგები გვიჩვენებს, რომ მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია. თქვენი აზრით, რა ფაქტორებს შეიძლება გამოეწვია ფასთა ცვლილება?
– ფასთა კლება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს უკავშირდება, როგორებიცაა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარება დოლართან მიმართებაში, რამაც ადგილობრივ და იმპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს უბიძგა ფასების კლებისკენ. და, ცხადია, მეორე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ფარმაცევტულ ბაზარზე რეალურად გაზრდილი კონკურენცია.

– საინტერესოა, რა რაოდენობის მედიკამენტებსა და სააფთიაქო ქსელზე დაკვირვების შედეგს ასახავს ,,ფანასკერტელის ინდექსი”?
– ,,ფანასკერტელის ინდექსის~ შემუშავება ხდება 200–მდე დასახელების ყველაზე მოთხოვნად წამალზე. მედიკამენტების ბაზრის კვლევა 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლო დაკვირვების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ ფასები შემცირებულია 76 მედიკამენტზე.

– ფასების კლების არსებული ტენდენციის შესანარჩუნებლად რა ნაბიჯების გადადგმა მიგაჩნიათ საჭიროდ სახელმწიფოსა და თავად ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან?
– ვფიქრობ, საჭიროა ფარმაცევტული ბაზრის უფრო მეტად დივერსიფიცირება. გაცილებით მრავალფეროვანი უნდა გახდეს როგორც მწარმოებლების, ისე იმპორტიორი კომპანიების რაოდენობა. გარდა ამისა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდაზე, რაც სათანადო ევროსტანდარტების ლაბორატორიის გარეშე წარმოუდგენელი იქნება.