04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

უნდა მოხდეს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მჯელობა მუდმივად მიმდინარეობს. თემა საკმაოდ აქტუალურია. პრემიერად დანიშვნის შემდგომ,  გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრისას ერთ-ერთი განხილვის თემაც სწორედ ეს იყო. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ჯერ ვერ აკონკრეტებენ კონკრეტულად თუ რა კატეგორიის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მოხდება.

აუცილებელია თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რა შეღავათებს მოუტანს ის ბიზნესს და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ბიზნესმენებს და სფეროს სპეციალისტებს ვთხოვეთ. გთავაზობთ მათ პოზიციას.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორებისთვის

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი: ,,ცვლილებების პაკეტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორის ერთ-ერთია საგადასახადო ადმინისტრირების საკითხი, რომელიც სრულყოფილად არ ასახავს ე.წ. დეკრიმინალიზაციას. დეკრიმინალიზაცია სიტყვიდან გამომდინარე გულისხმობს იმას, რომ ის შემთხვევები, რომლებიც აქამდე ითვლებოდა კრიმინალურ შემთხვევებად და ისჯებოდა სისხლის სამართლის კოდექსით, იქ შემსუბუქებდება გარკვეული ზომები და აღარ ჩათვლება სისხლის სამართლის კოდექსის შემთხვევად. ამ შემთხვევაში საუბარია ზღვრებზე, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობასთან და მის არ გადახდასთან. მიმაჩნია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან და ვალუტის ცვლილებასთან ერთად ეს ზღვრები კარგავს თავის მნიშვნელობას და უნდა იქნას გადახედილი. მისი გადახედვა და ცვლილება არ არის უმნიშვნელო საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საქართველოში თუნდაც უმნიშვნელო შეცდომას არ მოჰყვება მათი ან მათი თანამშრომლების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

მთლიანობაში ეკონომიკა და საგადასახადო სისტემა არ გულისხმობს ერთი კონკრეტული კომპონენტის გაუმჯობესებით ყველაფრის მოგვარებას. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის გაუმჯობესებით ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი. ეს ეხება როგორც ამ კონკრეტულ საკითხს, ისევე დანარჩენ კომპონენტებს რომლებიც უკვე ასახული არის საგადასახო კოდექსის ცვლილებეის პაკეტში”, – განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.

,,ეკონომიკური დანაშაული ყოველთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი არ უნდა იყოს”

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ნანუაშვილი: “ვინც გადაწყვეტს გადასახადების დამალვას და ამ მიზნით იმოქმედებს  შეგნებულად, გაყალბებით, არასწორი ინფორმაციების მიწოდების გზით, მას უნდა სჯიდეს სახელმწიფო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული წესით.

თუმცა,  არც მსხვილი, არც მცირე და არც საშუალო ბიზნესი საგადასახადო ადმინისტრირების პროცესში, შეცდომებისაგან დაზღვეული არ არის. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური დანაშაული ყოველთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი არ უნდა იყოს”, – აცხადებს ნიკოლოზ ნანუაშვილი.

,,დეკრიმინალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რაც უფრო მალე შევა იგი ძალაში მით უკეთესი”

აშშ-ს სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი: ,,დეკრიმინალიზაციასთან მიმართებაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი,  თუ როგორ ხორციელდება ამა თუ იმ ბიზნესსაქმიანობის კრიმინალიზაცია დღესდღეობით.

სერიოზული ტენდენცია არსებობს და კარგი ნაბიჯები იდგმება მსხვილი ბიზნესის მიმართ საგადასახადო მექანიზმის ამოქმედებით. დიდი ხანია მიმდინარეობს ანალიზი, შემოწმება და სერიოზულ პრობლემას უხსნის  ბიზნესებს ამგვარი მექანიზმების და ინსტრუმენტების გამოყენება.

თუმცა, პრობლემა გახლავთ კიდევ იმაში, რომ წარსულში საგამოძიებო სამსახური, ე.წ. საგადასახო პოლიცია, აგრესიულ პოზიციას იკავებდა, კომპანიების შემოწმებასთან მიმართებაში. ისინი თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ კომპანიები  დამნაშავეები იყვნენ და მათ პირველივე ეტაპზე ასე უდგებოდნენ.

უნდა მიმდინარეობდეს შიდა რეფორმების პროცესი საშემოსავლო სამსახურის აუდიტორებთან, მათი კვალიფიკაციის ამაღლების თვალთაზრისით. კანონში უნდა შევიდეს ცვლიბები, რომელიც გაყოფს პასუხისმგებლობას გამომძიებლებსა და აუდიტორებს შორის, რომ საგადასახადო პოლიცია არ შევა ბიზნესებში შესამოწმებლად. ეს ორი თემა ამსუბუქებს კრიმინალიზაციას. თუმცა ზღვარი ჯერ-ჯერობით რჩება ძალაში, სადაც შეიძლება უკვე დანაშაულად აღიქვას ესა თუ ის ქმედება.

დეკრიმინალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რაც უფრო მალე შევა იგი ძალაში მით უკეთესი. პრემიერის ცვლილებების პაკეტი საკმაოდ მოცულობითია და ძირითადად საგადასახადო კოდექსზე ახდენს აქცენტირებას და არა სისხლის სამართლის კოდექსზე.  პრაქტიკული მნიშვნელობებიც გააჩნია თუ რატომ მოხდა აღნიშნული პროექტის შემოტანა ამ ეტაპზე. ჩვენ ვმუშაობთ ომბუდსმენის ოფისთან, გვავქს კომუნიკაცია და გვაქვს ინფორმაცია რომ სამთავრობო სტრუქტურები მუშაობენ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც დეკრიმინალიზაციას გულისხმობს, ალბათ, მალე ვიხილავთ შედეგებსაც. ბიზნეს ნდობის ინდექსი, რომელიც ISEთ-მა გამოაქვეყნა, ცხადყოფდა, რომ მაჩვენებელი 16%-დან 38-% გაიზარდა. ანუ,  ბიზნეს წრეებში არის აღქმა იმისა, რომ ახალ ხელისუფლებასთან შეიძლება თავისუფლად მუშაობა”, – აცხადებს ჯორჯ ველტონი.

,,აუცილებელია, გადაიხედოს ზღვარი და სხვა მუხლების დეკრიმინალიზაციაც მოხდეს”

გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავჯდომარე გიგლა მიქაუტაძე: “ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევაში სასჯელი განისაზღვრება დაახლოებით 5 წლით და ეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქონელს რომელის ღირებულება 25 000 ლარზე მეტია. 25 00 ლარი არ არის იმხელა თანხა, რომლის გამოც ადამიანები 5 წლით ციხეში უნდა მიდიოდნენ. აქაც გვაქვს დაბალი ზღვარი და თუ მთავრობას დეკრიმინალიზაციის სურვილი აქვს, მაშინ ბიზნესთან, ექსპერტებთან ერთად უნდა განიხილოს ეს საკითხი დეტალურად”, – აცხადებს მიქაუტაძე.