ეკონომიკა

გიორგი შაგიძე: თიბისი ბანკის ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის მიმართ პოზიტიური მოლოდინები აქვთ

– დაახლოებით ორი კვირის წინ, პრემიერის ვიზიტის დროს, ლონდონში გამართული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში თიბისი ბანკმა Capital Market Day-ს უმასპინძლა. რას წარმოადგენს ეს ღონისძიება და რა შედეგებზე იყო ორიენტირებული?

– თავდაპირველად გეტყვით, რომ 13 მაისს ლონდონში ორი ღონისძიება გაიმართა – პირველი იყო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ორგანიზებული სადილი რომელსაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა და რომლის ორგანიზებაში ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართულნი. ამ მიღებაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის სამომავლო სტრატეგიებზე, ძირითად პრიორიტეტებზე და რეფორმებზე, რომლებზეც მთავრობა მუშაობს. ამ ღონისძიების შემდეგ გაიმართა TBC Bank Capital Market day, სადაც თიბისი ბანკს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა ანალიტიკოსებს, ინვესტორებსა და ბაზრის სხვა მონაწილეებს და გაეცნო მათთვის ბანკის სამომავლო გეგმები, ფინანსური შედეგები და სტრატეგია, ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება უშუალოდ შეხვედროდნენ თიბისი ბანკის მენეჯმენტის გუნდს -რამაც ძალიან წარმატებით ჩაიარა და მივიღეთ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება.

– ყველაზე მეტად რა აინტერესებდათ მათ თიბისი ბანკისა და საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ?

– დავიწყოთ მაკროგარემოთი: საქართველო არის რეგიონში გამორჩეული ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობის და ეკონომიკის ზრდის მხრივ. შარშანაც კი, როდესაც მთელმა რეგიონმა უამრავი რთული გამოწვევა გაიარა, ჩვენი ეკონომიკა 2,8%-ით გაიზარდა, რაც, ცხადია, მიღწევაა. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ყველა აღიარებს და ეს ითქვა TBC Сapital Market Day-ზე რომ ქართული საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონში. რაც შეეხება ჩვენს ბანკს, თიბისი ბანკი არის საქართველოში უმსხვილესი ბანკი, როგორც საცალო დეპოზიტების კუთხით, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს ჩვენ განვახორციელეთ IPO, რის შედეგადაც მოვიზიდეთ ბევრი უცხოელი ინვესტორი. ასეთი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას შევხდეთ, როგორც არსებულ, ასევე, პოტენციურ ინვესტორებს, გავესაუბროთ მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენი ბანკის მიღწევებზე, სამომავლო სტრატეგიაზე და ა.შ.

– მიღწევების გარდა, იყო თუ არა საუბარი რისკებზე, მათ შორის ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით?

– ბუნებრივია, ლარის გაუფასურებამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა საბანკო სექტორზე და მათ შორის თიბისი ბანკზე, თუმცა ბოლო თვეების პროცესებს თუ შევხედავთ, საქმე გვაქვს უფრო სტაბილურ გარემოსთან. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონის ვალუტების გაუფასურების ფონზე ჩვენმა ქვეყანამ ყველაზე კარგად გაუძლო ამ პრობლემებს და ამას ციფრებიც ადასტურებს – ლარის კურსის დაცემა დოლართან მიმართებაში, ასევე ინფლაცია დაბალი იყო ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დონით და ეკონომიკური ზრდის ტემპებით კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვართ რეგიონში.

– თქვენი ბანკის ინვესტორების განწყობები, როგორც თიბისის, ისე საქართველოს ეკონომიკის მიმართ, დადებითი და ოპტიმისტურია?

– დღემდე ვიღებთ პოზიტიურ გამოხმაურებას. ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ბანკისთვის, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი აქციები ივაჭრება ლონდონის ფინანსურ ბაზარზე, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დღეების გამართვა, როდესაც იქ არსებულ ინვესტორებს შეუძლიათ მოვიდნენ და ბანკის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მენეჯმენტის ყველა წევრისგან მოისმინონ.

– რამდენად აქტიურად წარადგენს საქართველოს ხელისუფლება მსგავს ფორუმებზე საქართველოს საინვესტიციო გარემოს?

– ქვეყნის ეკონომიკისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის ასეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსგავსი ფორუმი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ასე რომ პროცესი გააქტიურდა, რაც მისასალმებელია.

– ლარის მკვეთრი გამყარება როგორ აისახა თქვენს ბანკზე და ხედავთ თუ არა ამ პროცესში გარკვეულ საფრთხეებს?

– რაც დღემდე ხდება, ვფიქრობთ, ეს დადებითი მოვლენაა და ლოგიკური გაგრძელება ქვეყანაში ტურისტების შემოდინებისა, რეგიონის უფრო მეტი სტაბილურობისა, ვხედავთ, რომ როგორც სავაჭრო, ასევე მიმდინარე ანგარიშის ბალანსი გაუმჯობესებულია. ამ ფაქტორების ლოგიკური შედეგია ლარის გამყარება, რასაც, ცხადია, ბევრი პოზიტივი აქვს. პირველ რიგში, ადამიანებს, ვისაც დოლარში სესხი აქვთ, შეუმსუბუქდებათ ეს ტვირთი და დარჩენილი თანხა ისევ ეკონომიკას ხმარდება. ვნახეთ ძალიან დროული მოქმედება ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, რაც ასევე პოზიტიურად აისახება საპროცენტო განაკვეთებსა და სესხებზე. თუ მოხდა უფრო მეტი გამყარება, რომელიც არ იქნება რეგიონში ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ეროვნული ვალუტების გამყარების კონსისტენტური, ეს პრობლემური იქნება და ეკონომიკამ შესაძლოა კონკურენტუნარიანობა დაკარგოს. ეს რისკი აქვს ზედმეტ გამყარებას, თუმცა ჯერჯერობით მსგავსს ვერაფერს ვხედავთ და ამას მხოლოდ თეორიის დონეზე ვამბობ. ზოგადად, ლარის გამყარებას აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკის ზრდა, შესაბამისად, ადამიანების მიერ მოხმარების გააქტიურება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, მეტი დახარჯონ, რაც საბანკო სისტემაზე, ცხადია, პოზიტიურად აისახება.

– არის იმის ნიშნები, რომ ლარისადმი ნდობა გაიზარდა და მან დაკარგული დაგროვებითი ფუნქციის დაბრუნება დაიწყო?

– ამის სათქმელად მეტი დროის გასვლაა საჭირო, რათა ანალიზისთვის შესაბამისი ციფრები გვქონდეს.

წყარო: commersant.ge