საზოგადოება

ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ზედამხედველობის გარეშე ასე ფართოდ არ იქნას გამოყენებული ანტიბიოტიკები

საქართველო ანტიბიოტიკების მოხმარების კუთხით პირველ ადგილზეა. რა უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს არასათანადოდ დანიშნული ანტიბიოტიკი პაციენტისთვის და რა უნდა ვიცოდეთ ამ ტიპის მედიკამენტებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით  ვესაუბრეთ პაატა იმნაძეს,  მედიცინის დოქტორს, სამეცნიერო დარგში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს.

პაატა იმნაძის განცხადებით, ანტიბიოტიკ–რეზისტენტობის პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს მსოფლიოს პრობლემაა ბოლო წლების განმავლობაში.

„არცთუ დიდი ხნის წინ ანგელა მერკელსაც ჰქონდა საჯარო მიმართვა ამ საკითხზე. ის ყურადღებას ამახვილებდა სწორედ ანტიბიოტიკების არასათანადო მოხმარებაზე. ბოლო პერიოდში დადგა ერთგვარი ,,ანტიბიოტიკების ერა“, ბევრი დაავადების, რომელიც ადრე განუკურნებელი იყო, ანტიბიოტიკებით მკურნალობა გახდა შესაძლებელი. ანტიბიოტიკებს აქვთ სპეციალური მექანიზმები რითიც გამძლეები ხდებიან სხვა ანტიბიოტიკებისადმი. კიდევ უფრო ცუდი თვისებაც აქვთ – გამძლეობის გენი შეუძლიათ ერთმანეთს გაუცვალონ. აქედან გამომდინარე, კაცობრიობა შეიძლება დადგეს იმის წინაშე, რომ დაუბრუნდეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს, როდესაც ანტიბიოტიკები არ იყო. ანუ ჩვენი ანტიბიოტიკები გახდეს არამოქმედი იმ ბაქტერიებისადმი, რომლებისთვისაც ისინი გამოიყენება მედიცინაში. ეს არის მსოფლიო პრობლემა,  რომელიც საქართველოსაც შეეხება და რეზისტენტობა შემდეგ ფართოდ ვრცელდება მთელ მსოფლიოში“,

– აცხადებს იმნაძე.

„ჩვენთან, ანტიბიოტიკებთან მიმართებაში, პირველი ნაბიჯი ამ მხრივ რეცეპტების ინსტიტუტის შემოღებით გადაიდგა  და კარგია, რომ მოსახლეობა ანტიბიოტიკებს დიდი რაოდენობით აღარ სვამს თვითნებურად ან თუნდაც ექიმის დანიშნულებით. ახლა დადგა მეორე ეტაპი, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ, ანტიბიოტიკები გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი მართლაც უკიდურესად საჭიროა. ვირუსული დაავადებების დროს თუ არ არის ბაქტერიული გართულება ანტიბიოტიკი არაფერს შველის, პირიქით – ხელის შემშლელია ორგანიზმისთვის ვირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ანტიბიოტიკები ანტიბაქტერიული საშულებებია, არცერთი მათგანი არცერთ ვირუსზე არ მოქმედებს“,

– ამბობს იმნაძე.

მისი თქმით, მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ანტიბიოტიკი არ არის ჩვეულებრივი წამალი. ამ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი არის ის სინჯარა, სადაც ანტიბიოტიკმა უნდა მოკლას ან შეაჩეროს ზრდა–განვითარება კონკრეტული ბაქტერიისა. ჩვენი ორგანიზმისთვის არცერთი ანტიბიოტიკი კარგს არაფერს აკეთებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია მოკლას ბაქტერია.  სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორი დიაგნოზის დასმა. წლევანდელი წელი და მომავალი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ექიმებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ  მსოფლიოში საუკეთესო გაიდლაინი ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ. მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე ასე ფართოდ არ იქნას გამოყენებული ანტიბიოტიკები“ ,

– აღნიშნა პაატა იმნაძემ.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]