06/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ყურძნის ფასს სახელმწიფო არ ადგენს და ფასი 35 თუ 50 თეთრი იქნება, ეს ბიზნესის საქმეა”

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას და მომავალი კვირისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას პირდება. ტყემალაძე გლეხებს სთავაზობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ან სამშაბათს მათი მონაწილეობით გაფართოებული სხდომა გაიმართოს.

“ქუჩაში საუბარი არასდროს გამოდის. დავსხდეთ წყნარად, მშვიდად. ჩვენ რომ გვცოდნოდა დღეს მოსვლას აპირებდით, შესაბამის სამსახურს მოვიწვევდით, შეიძლება ბიზნესისთვისაც გვეთხოვა, რომ მოსულიყვნენ და აეხსნათ, თუ რა ხდება და როგორ. აღნიშნულ საქმეს დეტალური შესწავლა სჭირდება”, – მიმართა პარლამენტში მისულ მევენახეებს ტყემალაძემ და ასეთი ფორმატის შეხვედრის  მომავალი კვირის დასაწყისში გამართვას დაპირდა.

ზურაბ ტყემალაძის თქმით, ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ახორციელებს სუბსიდირებას. მისი განცხადებით, ყურძნის ფასს სახელმწიფო არ ადგენს და ფასი 35 თუ 50 თეთრი იქნება, ეს ბიზნესის საქმეა. ტყემალაძემ  აღნიშნა, რომ ზოგადად სუბსიდირება სწორი არ არის, მაგრამ მისი საჭიროებიდან გამომდინარე სახელმწიფო ამას ახორციელებს.