21/05/2024
Latest:
საზოგადოება

„Check in Georgia” – საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე

“საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

პროექტი „Check in Georgia” მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, წელს მასშტაბული კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილია კონცერტები მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით: ეროს რამაზოტი (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსი (27 მაისი, თბილისი), “Maroon 5“ (7 ივნისი, ბათუმი), ხოსე კარერასი (18 ივნისი, ქუთაისი).

გარდა ამისა, „Check in Georgia” მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, 35 ფესტივალს, მათ შორის: თეატრალური ფესტივალები, კინოფესტივალები, მუსიკალური ფესტივალები, ანიმაციური ფილმების ფესტივალები, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები, ქორეოგრაფიული ფესტივალი, მოდის კვირეულები, ფოტოფესტივალები და სხვა…

„Check in Georgia”-ს განხორციელებით კიდევ უფრო მრავალაფეროვანი გახდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქ ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე გახმოვანების აპარატურით, განათებით, სცენით, დაცვის მომსახურებითა და ყველა იმ სერვისით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი კონცერტის ჩასატარებლად.

„ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო შეთავაზება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებისათვის, მომღერლებისა და მუსიკოს-შემსრულებლებისათვის, მათ მთელი ზაფხულის სეზონზე შეეძლებათ სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების პარალელურად, დაგეგმილია კერძო და საჯარო სექტორის მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობა, ისეთი, როგორიც არის ღვინის, ყველისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ფესტივალები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები; პროექტში ინტეგრირებული იქნება ეკო-ტურიზმის მიმართულება: ველო-ტურები, ლაშქრობები, სპეცილაური ტურები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.

აღნიშნული შეთავაზებები პროექტს „Check in Georgia“ ჩვენი მოქალაქეებისათვის და ქვეყნის სტუმრებისათვის უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ,რომ „Check in Georgia” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, გაიზრდება მისი როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა და საერთაშორისო იმიჯი.

„პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა”- აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

წყარო: ipress.ge