ეკონომიკა

10 ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში

 

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის I კვარტალში 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე.

რომელმა კომანიებმა განახორციელეს პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამის შესახებ ინფორმაცია “კომერსანტს” საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა. კონკრეტული თანხების დასახელებისგან, თუ ვინ რამდენი ინვესტიცია განახორციელა, მათ თავი შეიკავეს.

ამასთან, წარმოდგენილი კომპანიების რიგითობა არ ასახავს თანმიმდევრულ მიმდევრობას ინვესტიციების მოცულობის მიხედვით.

 

შპს შავი ზღვის ტერმინალი –  ტერმინალი აზერბაიჯანულ “სოკარს” ეკუთვნის,  საუბარია ყულევის ნავთობტერმინალზე, რომელიც შავი ზღვის გავლით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას ახორციელებს. ყულევის ნავთობტერმინალი ექსპულატაციაში 2008 წელის მაისში გაეშვა. მისი სიმძლავრე წელიწადში 10 მლნ ტონა ნავთობპროდუქტებია. 2015 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, შავი ზღვის ნავთობტერმინალში 155 ტანკერი ჩაიტვირთა.

 

შპს ტურინვესტი –  კომპანია ბათუმის “ჰილტონის”  შენობის მფლობელია, სასტუმროს მართვას კი საერთაშორისო ბრენდი “ჰილტონი” ახორციელებს. კომპანია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებითაც არის დაინტერესებული. 2014 წელს კომპანიაში აცხადებნენ, რომ ბათუმის ზღვისპირა პარკში 5 ათას კვადრატული მეტრ ტერიტორიაზე ორი საცურაო აუზის მოწყობასა და მცენარეებით გამწვანებული ხიდის მშენებლობას გეგმავდნენ.

 

სს ბიჯეო ჯგუფი – საინვესტიციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშია “საქართველოს ბანკი”, სამშენებლო კომპანია “მ2”, “თელიანი ველი”, “საქართველოს ჯანდაცვის” ჯგუფი.

 

BP – ბრიტანული BP ერთ-ერთი უდიდესი ენერგო კომპანიაა მსოფლიოში. საქართველოში ის 1996 წლიდან მუშაობს. მისი ძირითადი ბიზნესი ენერგიის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მიწოდებაა. კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ მილსადენს უწევს ექსპლუატაციას.

 

შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია – კომპანია არის “პაშა ჰოლდინგის” ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. საქართველოში ჰოლდინგი “პაშა ბანკის” და “პაშა დეველოპმენტის” სახით არის წარმოდგენილი.

 

შპს აჭარისწყალი ჯორჯია – კომპანია წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ერთეულს, რომელიც მდინარე აჭარისწყალისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა. ,,აჭარისწყალი ჯორჯია” ერთობლივი საწარმოა შექმნილი ინდური კომპანია ,,Tata Power-ის” ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ. კომპანია მდინარე აჭარისწყალზე ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

 

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” – კომპანია “სამედიცინო კორპორაცია ევექსს” და  სადაზღვევო კომპანია “იმედი L-ს” მართავს. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია განთავსებული. მიმდინარე წელს ჯგუფმა სააფთიაქო ქსელი “ჯიპისი” შეისყიდა.

 

სს ნენსკრა ჰიდრო – კომპანია არის კორეელი ინვესტორის მიერ ნენსკრა ჰესის განვითარების მიზნით შექმნილი საპროექტო კომპანია. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს კი საპარტნიორო ფონდი კორეულ სახელმწიფო კომპანია ??K-water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ.სთ იქნება.

 

სს მეტრო ავრასია ჯორჯია – თურქული კომპანია, რომელიც სხვადასხვა სფეროში ოპერირებს.  კომპანია ახორციელებს მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას, არის  ბათუმის პირველი საერთაშორისო ავტოსადგურის მფლობელი, კომპანია ბათუმის ტერიტორიაზე 150 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, აქ უნდა აშენდეს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროებს, კაზინოს და სხვა ინფრასტრუქტურას.

 

შპს ჯენერალ პროჯექთ მენეჯმენთ სერვისიზ – კომპანია საქართველოში 2015 წელს არის რეგისტრირებული. მის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ იძებნება. საინფორმაციო ცენტრების ბაზაში კი მითითებულია, რომ კომპანია ელექტრონული ნაწარმის კომერციით არის დაკავებული.