10/05/2024
Latest:
საზოგადოება

ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება

ბათუმში მრავალფუნქციური რესპუბლიკური საავადმყოფო შენდება. უკვე დასრულებულია სამედიცინო დაწესებულების საძირკვლის მოწყობა, მიმდინარეობს პირველი და მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები.

სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი. მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ტერიტორიაზე ორი 5 სართულიანი და ერთი 4 სართულიანი ბლოკი აშენდება.

ცენტრალური შესასვლელი აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში მოეწყობა. სამშენებლო მოედანი ქ. ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქ. 2-ში მდებარეობს. ტერიტორიის ფართი 22107მ2 შეადგენს. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.

სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით ფინანსდება. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს წელს აშენდა. მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია.