07/05/2024
Latest:
ეკონომიკა

აბრეშუმის გზა – ახალი შესაძლებლობები და რეალური პერსპექტივა

თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიმართა, რომლის 800-მდე მონაწილემ აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილა. ფორუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო მხარდამჭერი აზიის განვითარების ბანკი. ორდღიან ფორუმში მონაწილეობედნენ აზიის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის და აშშ-ის სამთავრობო დელეგაციები, 20 საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

თბილისის ფორუმს მოდერაციას უწევდა ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰერნანდო დე სოტო. ფორუმის დღის წესრიგში იყო  აბრეშუმის გზის ახალი შესაძლებლობები სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საკითხები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენება. “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გაიმართა მონაწილე ქვეყნების ბიზნესმენთა შეხვედრები, თბილისის ფორუმის შედეგად გაფორმდა თანამშრომლობის დეკლარაცია.

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” სტუმრობდენ, – აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი,  ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორი შუქრათ ზაქირი, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი, ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი ვალერი დილი, გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასო ბარანია, “ეკონომისტის” წარმომადგენელი ერნანდო დე სოტო და მსოფლიოს საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები.

ფორუმში მონაწილე სტუმრების განცხადებით, საქართველო საინტერესო ქვეყანაა თავისი სატრანზიტო პოტენციალით და ბიზნესის კეთების სიმარტივით. ამასთან, ქვეყანაში კორუფციის დაბალი მაჩვენელია, რაც, მთლიანობაში, მას საინვესტიციო პოტენციალით უცხოელი მეწარმეებისთვის საინტერესოს ხდის.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” დანიშნულება არის არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის, მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, არამედ პეკინიდან ბრიუსელამდე ყველასთვის სარგებლის მოტანა. ასევე მან აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონული ცენტრის როლს ასრულებს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში.  

გთავაზობთ  ფორუმში მონაწილე უცხოელი სტუმრებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ,  ,,აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გამოთქმულ მოსაზრებებს.

,,საქართველო უნდა ტრანსფორმირდეს მულტირეგიონალურ სავაჭრო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთს”

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

,,როგორც ფორუმის მასპინძელი ქვეყანა, საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში. აბრეშუმის გზის რეგიონი მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს ფარავს. სრულად ამუშავების შემდეგ ის გახდება ვაჭრობის გაფართოების, ენერგორესურსებისა და მიწოდების ახალი ქსელების შექმნისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ამ ფორუმის ფარგლებში ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა აღვადგინოთ აბრეშუმის გზა, აღმოვფხვრათ აქტიური ინტეგრაციის წინ მდგარი დაბრკოლებები და საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში წვლილი შევიტანოთ.

აბრეშუმის გზის ქვეყნები გამოირჩევიან დინამიურობით. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წყალობით, ძლიერი და მზარდი ეკონომიკა გვაქვს. თუმცა, მიუხედავად ჩვენი ინდივიდუალური მიღწევებისა, ჩვენი პოტენციალის სრულად ამოქმედება რეგიონალურ თანამშრომლობას მოითხოვს

სულ რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე ჩინეთს, სადაც ძალიან თბილად მიმიღეს. ჩემი ენთუზიაზმი გააათმაგა საქართველოთი დაინტერესებული ბიზნესების მოზღვავებამ. ამ ვიზიტის ფარგლებში გაცხადდა ჩვენს ქვეყანაში ახალი მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაც. ეს მოვლენები ხაზს უსვამს საქართველოს ტრანსფორმაციას მულტირეგიონალურ სავაჭრო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთს. საქართველოს წყალობით, კერძო პირებსა თუ კომპანიებს მარტივად მიუწვდებათ ხელი მილიარდობით მომხმარებელზე აზიასა და ევროპაში, ხოლო აზიის პროდუქცია და ენერგორესურსები საქართველოს გავლით ბევრად უფრო სწრაფად მიეწოდება ევროპას”.

,,მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ საქართველო გახდეს ვაჭრობისა და ლოგისტიკის ჰაბი”

დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი:

“ჩვენ გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები და ვთვლით, რომ ის პოტენციალი, რაც აბრეშუმის გზას აქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.  ეს არის საკმაოდ სერიოზული ღონისძიება საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და სხვებთან, ახლა  ვიწყებთ მოლაპარაკებებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩინეთი არის მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი.

საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც, გვეხმარებიან და ხედავენ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა მიღწეულია.   ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს აქვს ძალიან დიდი პორტფელი კერძო სექტორში, აზიის განვითარების ბანკი იწყებს  მუშაობას კერძო სექტორზე, ასევე დაგეგმილია ახალი ფონდების შექმნა. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ჩემამდე გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, არის ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ დამატებითი თანხები ქვეყანაში აბრეშუმის გზის ფონდის 40 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალიდან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველო გახდეს ვაჭრობისა და ლოგისტიკის ჰაბი. უნდა შევქმნათ ახალი მიმართულებები და მოვახდინოთ დივერსიფიკაცია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ დაახლოვდეს მთავრობა, კერძო და სამეცნიერო სექტორი, გვინდა ვიპოვოთ ჩვენი ნიშა. სწორედ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის პირობებში შეგვიძლია შევქმნათ გაცილებით მეტი, შევქმნათ საექსპორტო პროდუქცია და ამ მიმართულებით უკვე ძალიან ბევრი გავაკეთეთ. ეკონომიკის სამინისტრო ასევე მუშაობს სახელმწიფო/კერძო პარტნიორობის კანონმდებლობაზე, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და აზიის განვითარების ბანკთან ერთად, რაც ასევე  შეუწყობს ხელს საქართველოში ინვესტორების შემოსვლას”.

,,არის მთელი რიგი ამერიკული კომპანიებისა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს იხილავენ”

ბრიუს ენდრიუსი, ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე:  

“ჩემთვის დიდი პატივია ვესწრებოდე ამ ფორუმს, ელჩ კელისთან და მის გუნდთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურად საქმიანობენ და მუშაობენ. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შესანიშნავი მეგობარი და პარტნიორია. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები. ამერიკული კომპანიების დაინტერესებას საქართველო მთელი რიგი მიზეზების გამო გამოიწვევს. მათ შორის გახლავთ, ბიზნესის კეთების სიმარტივე, რომლის მხრივ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია. ქვეყანაში მიმდინარეობს კორუფციასთან აგრესული ბრძოლა. ქვეყანაში ღია საბაზრო მდგომარეობაა შექმნილი, ამერიკული კომპანიებისთვის  ასევე საინტერესოა იმ მიზეზითაც, რომ საქართველო სულ უფრო მეტად წარმოაჩენს თავს, როგორც ლოგისტიკური რეგიონული ცენტრი. ჩვენ გვსურს, რომ ამერიკული კომპანიები მეტად იყვნენ საქართველოში წარმოდგენილები. სწორედ ამ მიზნით, სულ ახლახანს საქართველოს ესტუმრა ამერიკის სავაჭრო მისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა 30 კომპანია, მათ შესანიშნავი შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს მთავრობის და პოტენციური პარტნიორების წარმომადგენლებთან. არის რამდენიმე ამერიკული კომპანია, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განახორციელა ინვესტიცია. არის მთელი რიგი ამერიკული კომპანიებისა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს იხილავენ.

რეგიონში და არა მხოლოდ ამ რეგიონში არის მრავალი პრობლემა, რომელსაც განიცდის ეკონომიკა, მათ შორის არის ეკონომიკური ზრდის შენელება. იმისთვის, რომ ეკონომიკური წინსვლა მოხდეს, მნიშვნელოვანია რომ მოხდეს გაჯანსაღება გლობალურად ეკონომიკის. იმისთვის, რომ მოხდეს კაპიტალის მოზიდვა, ამისთვის საჭიროა ბიზნესკლიმატის განვითარება და იმის უზრუნველყოფა და დასტური, რომ ეს ბაზარი ღიაა ყველა მოთამაშისთვის”.

,,აბრეშუმის გზის ფორუმით” ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას”

შოქრატ ზაკირი, ჩინეთის სახლახო რესპუბლიკის, სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორი, ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი:  

,,აბრეშუმის გზის ფორუმი”  არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას.  ჩვენი მიზანია შეიქმნას მულტილატერალური ბიზნესი. ბიზნესმენებმა უნდა მოძებნონ თავიანთი ნიშა, დაიმკვიდრონ ბაზარზე ადგილი და გამოიყენონ ამ გზის პოტენციალი.

ჩინეთი გახდა კიდევ უფრო გახსნილი, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ გამჭვირვალე. ფორუმის ყველა ქვეყანას აქვს უნიკალური როლი, ყველა ქვეყანა მიიღებს სარგებელს. აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი არის პოლიტიკური პრინციპი და იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს, ჩვენს დასაყრდენს წარმოადგენს ბიზნესი. ყველა მონაწილე ქვეყნის მთავრობა ორინეტირებულია დასაქმების ზრდასა და საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანაზე. რისი გაკეთბა შეუძლია მთავრობას, რათა ხელსაყრელი გარემო შეიქმნას, ამ მხრივ, მთავრობისა და ბიზნესის შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს. აგრეთვე მნიშვნელოვანია რესურსების სწორი გადანაწილება, აუცილებელია პოლიტიკური რეგულაციების გაძლიერება, ხოლო საბაჟო ხელშეკრულებები უნდა იყოს ჰარმონიზირებული, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაფართოებას.

ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად განვახორციელოთ ეკონომიკური სარტყელის ინიციატივა. მეტი ბიზნესშესაძლებლობები იქნება შექმნილი, ხოლო ეს თანამშრომლობა აუცილებლად იქნება ურთიერთხელსაყრელი”.