საზოგადოება

„ახალგაზრდა ადვოკატები“: საქართველოს 35 841 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს

 

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს 35 841 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, მარიამ ფირცხალაიშვილის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 75 ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ჯამში 35 841 სტუდენტს შეადგენს. ორგანიზაციის მიერ 2014 წლის ანალოგიურ კვლევასთან მიმართებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების მდგომარეობა უკიდურესად გაზრდილია. 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულ იყო 28,055 სტატუსშეჩერებული სტუდენტი, 2014 წელს კი – 33,575. საერთო შეფასებით, წარმოდგენილი მონაცემი ცხადყოფს, რომ 2013 წლიდან 2016 წლის მდგომარეობით, სტატუსშეჩერებიული სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა 7 786–ით, რაც პრობლემის არსებობას და მისი გადაჭრის სწრაფ მოქმედებაზე მიუთითებს.

ორგანიზაციის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად სტუდენტების სტატუსის შეჩერების საფუძვლებსბ განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი და მისი მიზეზები. კერძოდ, ა) პირადი განცხადება; ბ) ორსულობა; გ) ჯანმრთელობის გაუარესება და დ) ფინანსური დავალიანება, ან წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველს სოციალური ფონი წარმოადგენს და ფინანსური დავალიანების გამო ვეღარ ხერხდება სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში. მართალია, სახელმწიფო ახორციელებს რიგ პროგრამებს, რომელთაგან აღსანიშნავია ბაკალავრიატის პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებიდა და სახელმწიფო სტიპენდიების გაორმაგების პროგრამები, თუმცა სტატუსშეჩერებული სტუდენტების ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა კომპლექსურ და სისტემურ მიდგომებს მოითხოვს, რაც მოგვარებადი პრობლემაა.

ორგანიზაციამ, აგრეთვე შეისწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების მდგომარეობაც. 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 1018-ს შეადგენს. შეჩერების საფუძვლებს, ძირითადად, ჯგუფში სტუდენტების არასაკმარისი რაოდენობა, სავალდებულო სამხედრო სამსახური, ჯანმრთელობის პრობლემა და ოჯახური გარემოებები შეადგენენ. აღნიშნული პრობლემების ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებას შიდა და გარე მობილობის პროგრამის დახვეწა და შემუშავება წარმოადგენს.

იქედან გამომდინარე, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა, რომელიც ამჟამინდელი მდგომარეობით 35 000 ათასზე მეტია, ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ დიდი გამოწვევაა. განათლება, რომელიც მთავარი იარაღია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და მაქსიმალურად უნდა შემცირდეს იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც ვერ ახერხებენ ფინანსური მდგომარეობის გამო სწავლის გაგრძელებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს და საკითხის კომპლექსური მოგვარებისთვის, აგრეთვე საჭიროდ მიიჩნევს შემდეგი გადაწყვეტილებების მიღებას:

  • შემუშავდეს ალტერნატიული პროგრამა, გარდა არსებულისა, რომელიც უზრუნველყოს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინანსებას, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში. კერძოდ, დაფინანსების პრიორიტეტულ კრიტერიუმებად მაღალი აკადემიური მოსწრება და სოციალური მდგომარეობა უნდა ჩაითვალოს;

  • შიდა საუნივერსიტეტო ბაზაზე, შეიქმნას სტუდენტთა დასაქმების პროგრამა, სადაც სტუდენტები სასწავლო გრაფიკის შეთავსებით შეძლებენ დასაქმდნენ კონკრეტული ვადით. დღესდღეობით, საქართველოში არაერთი სასწავლებელი მიმართავს ამ გზას. კერძოდ, ბაკალავრიატის პირველივე საფეხურებიდან სტუდენტების ანაზღაურებად დასაქმებას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში, პირველკურსელთა რეგისტრაციის დროს და ა.შ.