საზოგადოება

“რა საჭიროა რეგულაციები, რომლებიც არ შეამცირებს მწეველთა რაოდენობას და გაზრდის კორუფციის რისკებს?!”

გასულ კვირას თამბაქოს კონტროლის ალიანსმა სახელმწიფო მაღალჩინოსნები თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებაში დაადანაშაულა. როგორც ალიანსის მიერ გავრცელებული განცხადებაშია მითითებული, ქვეყანაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციების არ არსებობა სწორე მაღალჩინოსანთა დამსახურებაა. ლობისტთა შორის მოხვდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე–პრეზიდენტი ნიკოლოზ  მჭედლიშვილი. გთავაზობთ ინტერვიუს:

– ბატონო ნიკოლოზ, თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს ინდუსტრიის ლობირებაში გადანაშაულებთ. მართლა ლობირებთ ამ ინდუსტრიას?

– თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ბევრი უზუსტობაა, პირველი, მე არ ვარ ეკონომიკური საბჭოს წევრი არ ვარ, ანუ პრემიერმინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოსთან ურთიერთობა არ მაქვს. მეორე, ბახტურიძემ ამ გავრცელებულ განცხადებაში “დამაქვეითა” – მე ნიკა გილაურის თანაშემწე კი არ ვიყავი, პრესსამსახურის უფროსი, პრესსპიკერი ვიყავი; მესამეც ასეთი სპეციალობა – თამბაქოს ლობისტი –  მე არ მაქვს. მე ვარ ბიზნესის ლობისტი, რომ ბიზნესს არ შეექმნას პრობლემები და აქედან გამომდინარე, გარკვეულ ღონისძიებებში ვიღებ მონაწილეობას. თამბაქოს ყველა კომპანია არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი. შესაბამისად, თუკი მათ საქმიანობაში რამე ემუქრებათ რეგულაციების შემოღებით მათ აუცილებლად დავიცავთ და  რეგულაციებთან დაკავშირებით მომავალშიც ანალოგიურ კომენტარს გავაკეთებ.

– როგორ შეაფასებთ თამბაქოს რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით კანონპროექტს, რომელიც განსახილველად პარლამენტში გუგული მაღრაძის ინიცირებით არის შესული?

– კანონპროექტის განხილვისას ვიყავი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე და გავიმეორებ იგივეს რაც მაშინ ვთქვი. პირადად მე, როგორც არა მწეველი, მომხრე ვარ, რესტორნებში მოწევა აიკრძალოს. ამ დროისთვის ასეთ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა არსებული ფართის 50/50-ზეა დაშვებული, თუმცა ეს რეგულაცია არ არის დაცული.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ხილვადობის შეზღუდვას და თამბაქოს ნაწარმის კარადებიდან გაყიდვას, რაც მგონია, არ არის გამართლებული. მაგალითად, ბრიტანეთში ხილვადობა დიდი ხანია შეზღუდულია, სადაც ჯერ ჰიპერმარკეტებში შემოიღეს კარადებიდან გაყიდვა და ამის შემდეგ პატარა მაღაზიებში. დიდი ბრიტანეთი ამხელა ქვეყანაა, ხალხს მაღალი შემოსავლები აქვს, მაგრამ პატარა მაღაზიების ვაჭრობაში თამბაქოს გაყიდვის წილი გაცილებით მეტია, ვიდრე ჰიპერმარკეტში. შესაბამისად, ეს შეზღუდვა პატარა მაღაზიებში მხოლოდ 3 წლის შემდეგ შემოიღეს და მიზეზი ის იყო, რომ არ შეექმნათ პრობლებები მცირე მოვაჭრეებისთვის.

წარმოიდგინეთ, ამ რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ჩვენს მოვაჭრეებს რა დაემართებათ. ჩვენ ამ მოვაჭრეებს ვეუბნებით, რომ თამბაქოს პროდუქციის ხილვადობა შეამცირე და კარადა დააყენეო. ეს როგორ წარმოუდგენიათ საინტერესოა? მე სწორედ ამას ვამბობ, თორემ თამბაქოს კი არ ვიცავ.  რა უნდა ქნას იმ მაღაზიამ, რომლის ერთადერეთი ლიკვიდური საქონელი არის სიგარეტი. ეს არის ის პროდუქცია, რომელსაც ის ყოველდღე ყიდის და ასეთ პროდუქტებს შორის არ არის ძეხვი და კონსერვი, რომელიც შენახვის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს.

რაც შეეხება სანთებელას, მუდშტუკის და თამბაქოსთან დაკავშირებულ აქსესუარებზე ბრენდის დაწერის აკრძალვას, ეს აკრძალონ! ბრენდი თუ არ დაეწერება თამბაქოსთან დაკავშირებულ მოწყობილობებს, ეს არ არის პრობლემა. თამბაქოს მომხმარებელი ასეთ რამეს მაინც იყიდის და სიმართლე გითხრათ, არც მესმის ეს რა რეგულაციაა.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვამ, როდესაც დახლსქვემოთ ან კარადიდან შეიძლება გაიყიდოს თამბაქოს პროდუქცია, კორუფციას შეიძლება შეუწყოს ხელი?

– გეთანხმებით, ამან შესაძლოა ასეთი ტიპის გარკვეული უხერხულობები შექმნას. თანაც ჯერ რა კანონებიც არის ის აღვასრულოთ. 18 წლამდე ასაკის ბავშვზე იკრძალება თამბაქოს გაყიდვა, ამას ვინმე აკონტროლებს? მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია, რომ არ აკონტროლებენ, რადგან როგორც კი გაკონტროლებას დაიწყებენ, მაშინვე მექრთამეობა დაიწყება.

– ყველა ამ რეგულაციასთან ერთად, კანპონპროექტის მიხედვით ყველას ვისაც თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქციის გაყიდვის სურვილი აქვს, ლიცენზია უნდა მოიპოვოს. ეთანხმებით თუ არა ამ რეგულაციის ამოქმედებას?

– ეს არის პირდაპირ კორუფციისკენ გადადგმული ნაბიჯია. როგორ მოახერხებენ რეგიონებში მდებარე მაღაზიები ამ ლიცენზიის აღებას, სადაც ხალხს ათასი პრობლემა აქვს?  იგივე პიქტოგრამების შემოღებას რაც შეეხება, ეს მწეველთა რაოდენობას არ შეამცირებს… კარგი, შემოიღონ ეს პიქტოგრამები, მაგრამ თამბაქოს კომპანიებს საამისოდ დრო უნდა მიეცეს დაახლოებით წელიწადნახევარი მაინც, რათა კომპანიებმა შეძლონ გარდაქმნან საწარმოები, მოასწრონ ახალი კოლოფების დამზადება და ისე გაყიდვა… ფაქტია, რომ არავინ ამბობს იმას, რომ სიგარეტი არ ვნებს, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით  სიგარეტი არ არის აკრძალული საქონელი, ეს კანონიერი საქონელია და ამ ინდუსტრიაზე მოდის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანების 5-6%, ამიტომ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არც ბიუჯეტი დაზარალდეს, არც ინდუსტრია და მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც მართლა ეფექტური იქნება.

– რა იქნება ის ეფექტური ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა, სახელმწიფომ გადადგას?

– ყველა უნდა მიხვდეს, რომ ვარჯიში კარგია და სიგარეტის მოწევა ცუდი, სირბილი კარგია და ალკოჰოლის მოხმარება – ცუდი, ეს ძალიან მარტივი რამაა… ვისაც სურვილი აქვს ვინმე უშლის, რომ კამპანია აწარმოონ იმის შესახებ, რომ მოწევა ცუდია?! აკრძალვა რომ არაფერს შველის და აკრძალული ხილი რომ უფრო მიმზიდველია ეს ხომ უკვე ყველამ ვიცით – ეს საუკენეები და ათასლწულებია ვიცით…

– ხშირად გვსმენია, რომ ქვეყანა მიერთებულია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას და ქვეყანას აქვს გარკვეული ვალდებულებები. ხომ ვერ აგვიხსნით ეს რა ვალდებულებებია? რას ავალდებულებებს ჩარჩო კონვენცია საქართველოს?

– ჩარჩო კონვენცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ არის სავალდებულო და კონკრეტული ქვეყნის გადასაწყვეტია ამ რეკომენდაციებს როგორ გამოიყენებს.

– როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით? ყველას გვახსოვს, რომ მთავრობამ საგადასახადო წნეხი, თამბაქოს ინდუსტრიას ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვნად დაუმძიმა, გაიზარდა როგორც აქციზის გადასახადი, ასევე ადვალურიც…

–  აქციზის გადასახადი გაიზარდა, მაგრამ ბაზარი არ შემცირებულა… ადვალური გადასახადის შემოღებამ, მაშინ როდესაც ეგონათ, რომ ამით შემცირდებოდა თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა, ასე არ მოხდა… მწეველები კარგი ხარისხის სიგარეტის ნაცვლად დაბალი ხარისხის სიგარეტზე გადავიდნენ და ეს ჯანმრთელობისთვის უფრო ცუდია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიგარეტი ცუდია, მაგრამ უხარისხო პროდუქციის მოხმარება მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს… თამბაქო ზოგადად არაელასტიური პროდუქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის ზრდა გაყიდვების მოცულობას არ ამცირებს, შესაბამისად, სიტუაცია ასეთია – ბაზრის მოცულობა იგივეა, მაგრამ ბაზრის ამ მოცულობაში დაბალ ხარისხიანი სიგარეტის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, მაღალხარისხიანის – შემცირდა.

მე კომიტეტის სხდომაზეც ვთქვი, რომ თამბაქოს ინდუსტრია არ არის წინააღმდეგი ახალი რეგულაციების შემოღების, მაგრამ ეს უნდა იყოს ბიზნესისთვის პროგნოზირებადი და უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებადი. არ მესმის რაში გვჭირდება ისეთი რეგულაცია, რომელიც  უარეს შედეგს მოიტანს, არ შეამცირებს მწეველთა რაოდენობას და გაზრდის კორუფციის რისკებს? ამ მხრივ პლუსებისა და მინუსების გათვლა მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ინდუსტრიასთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს ამ ფაქტორების გათვლა, რადგან მათ ძალიან კარგად იციან რა მუშაობს და რა არა. თუ ჩვენ მთლიანად საცალო ვაჭრობას შევუქმნით პრობლემებს, არ მგონია ამან კაგრი შედეგი მოგვიტანოს.

– რას ფიქრობთ გარე რეკლამის შეზღუდვაზე? საქართველოში თამბაქოს პროდუქციის რეკლამა ისედაც შეზღუდულია და მხოლოდ გარე რეკლამაა დაშვებული, კანონპროექტი გარე რეკლამის შეზღუდვასაც ითვაისიწნებს.

– თუ მაინც და მაინც უნდა გადაწყდეს, რომ გარე რეკლამა უნდა შეიზღუდოს, ამაზეც ვადები უნდა იყოს გაწერილი, უნდა იყოს პროგნოზირებადი, მით უმეტეს, რომ გარე რეკლამის კომპანიების შემოსავლების 70% თამბაქოსგან მიღებული შემოსავალია და ამ საკითხის ასე გადაჭრა სარეკლამო ბიზნესს სერიოზულად დააზარალებს… არის ეს გათვლილი? – არა! ამიტომ მგონია, რომ მთავრობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მგონია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე კარგი გზა არის გაიზარდოს ხალხის შეგნება და მოწევას თავი დაანებოს.

წყარო: Bpi.ge