„აფბა“: სახელმწიფო ჩინოვნიკები – მონოპოლისტი საბანკო ჯგუფის სამსახურში არიან
2016 წლის 14 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მიერ კერძო კომპანიის მმართველი ორგანოს გადაყენებისა და აქციონერთა კრების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მონოპოლისტი საბანკო ჯგუფის წარმომადგენელთა დანიშვნის საქმეს.
12 სექტემბერს, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ პრეზიდენტმა შოთა გულბანმა და ადვოკატმა და ექსპერტმა აკაკი ჩარგეიშვილმა ბიზნეს სამართლის საკითხებში, სააგენტო „პირველის“ პრეს-კლუბში პრეს-კონფერენცია გამართეს. საუბარი შეეხებოდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ კომპანია, სს „კავკასრეესტრის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლის მმართველობაც, კანონის სრული უგულებელყოფით იქნა ჩამოშორებული კომპანიის სადავეებიდან.
როგორც კომპანიის ადვოკატმა, აკაკი ჩარგეიშვილმა განაცხადა, 2015 წლის 1 ოქტომბერს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ არნახული „დაინტერესება“ გამოავლინა და საჯარო რეესტრისთვის რეკორდულად მცირე დროში, 14 წუთში, მონოპოლისტი საბანკო ჯგუფის „თხოვნის“ საფუძველზე სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაარეგისტრირა აქციონერთა კრების მიერ არარჩეული პირები, – „ამით მან თავი კანონზე მაღლა დააყენა, ვინაიდან ერთპიროვნული განკარგულებით იგნორირება გაუკეთა აქციონერთა გადაწყვეტილებას, კრების აუდიო ჩანაწერს, კრბის თავმჯდომარისა და ოქმის შემდგენელი ნოტარიუსის წერილებს. ჩადენილის გადასაფარად მან 2015 წლის 30 ნოემბერს გააუქმა სს „კავკასრეესტრის“ წესდების იმ მუხლების რეგისტრაცია, რომლებიც მისი გადაწყვეტილების უკანონობას ადასტურებენ. მისი ამ ქმედებების შესახებ ცნობილია იუსტიციის მინისტრისა და გენერალური ინსპექციისთვის, მაგრამ მათი მხრიდან რაიმე რეაქციას ადგილი არ ჰქონია. პაპუნა უგრეხელიძის უკანონო გადაწყვეტილებით „შეიარაღებული“ პირები კი, მეორე დღესვე შეიჭრნენ სს „კავკასრეესტრის“ ოფისში და გაიტანეს მთელი დოკუმენტაცია, ინფორმაცია და ქონება“- განაცხადა ჩარგეიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების ორგანოები ზემოხსენებული მონოპოლისტი საბანკო ჯგუფის დაკვეთას ასრულებენ – „2013 წელს, მათი მოთხოვნითა და თანაინვესტირების ფონდის დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის „ლობირების“ შედეგად, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგიდან მოიხსნა ოთხი კომიტეტის მიერ მოწონებული კანონპროექტი, რომელიც შეუძლებელს გახდიდა საბანკო მონოპოლიას მის კონკურენტ სფეროში – ფასიანი ქაღალდების ბაზარზე“.
როგორც „აფბას“ პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა განაცხადა, რომ მონოპოლისტი ბანკის ინტერესებში მოქმედებდა ეროვნული ბანკიც, რომელმაც მიზანმიმართულად განდევნა ბაზრიდან ფინანსური მომსახურების კონკურენტი ინსტიტუტები – საბროკერო კომპანიები და ხელი შეუწყო საქართველოს საფონდო ბირჟის ძარცვასა და აქტივების გადაქაჩვას ახლადდაფუძნებულ კონკურენტ ბირჟაზე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ყადაღა ჰქონდა დადებული აქტივების გადაცემაზე, – „ამასთან, ამ სასამართლო ყადაღის არსებობას ხელი არ შეუშლია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ოთარ ნადარაიასთვის, რომ ლიცენზია გაეცა ახალი ბირჟისათვის. აქვე, კიდევ ისახელა თავი საჯარო რეესტრმა, რომელმაც საკუთარ ვებ-გვერდზე სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი შეცვალა და მთელ აქტივებზე დადებული ყადაღა მხოლოდ არამატერიალურ აქტივებზე ყადაღად გადააქცია.
იმავე მონოპოლისტი საბანკო ჯგუფის კანონდარღვევებზე „გაუგებარ“ ლოიალურობას ავლენს იუსტიციის სამინისტროს მეორე სტრუქტურაც – პროკურატურა, რომელმაც უარი განაცხადა სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე. მას ასევე წარედგინა უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს საფონდო ბირჟის“ ხელმძღვანელების მიერ განხორციელდა სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით დაყადაღებული სხვადასხვა აქტივების გასხვისება, რაც წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს და დასჯად ქმედებას, თუმცა პროკურატურა ჯერ-ჯერობით აქაც საეჭვოდ დუმს.
ზემოხსენებულ ჯგუფს უდაოდ დიდი ფინანსური რესურსები და გავლენა გააჩნია. თვალნათლივ ჩანს როგორ მოქმედებენ ამ ჯგუფის ინტერესებში და დაზარალებულების საწინააღმდეგოდ სახელმწიფო სტრუქტურები და არის საშიშროება, რომ იგივე გაგრძელდეს სასამართლოში და განხორციელდეს ზეწოლა მოსამართლეებზე. ამიტომ მივმართავთ თხოვნით პრეზიდენტს, ყველა სამთავრობო და არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანოებს, მედიასაშულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მონიტორინგი გაუწიონ ამ პროცესებს“ – აცხადებს შოთა გულბანი.