05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“არ არის გამორიცხული 2008-2009 წლების მსგავსი მსოფლიო კრიზისის განმეორება “

“2016 წელი საკმაოდ რთული იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის”

საქართველოს ეკონომიკისთვის 2016 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევებით დაიწყო. ეროვნული ვალუტის დევალვაციამ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. რეგიონში რთული ეკონომიკური ვითარებაა, რაც გარკვეულწილად საქართველოს ეკონომიკაზეც ჰპოვებს ასახვას. მსოფლიო ეკონომიკაც ახალი გამოწვევების წინაშეა. ამ და სხვა საკითხებზე, გვესაუბრება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ლევან ქისტაური.

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის და ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ საგარეო შოკების ზემოქმედება ლარის კურსზე ამოწურულია და კურსის შემდგომ ვარდნას არ უნდა ველოდოთ, რეალობა საპირისპიროა – ლარი კვლავაც უფასურდება. რა არის აღნიშნულის მიზეზი და რითაა ეს გამოწვეული?

– საგარეო ფაქტორების ზემოქმედება ერთჯერადი მოვლენა არ არის. ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმივითაა, პროცესები მუდმივად მიდის, მოვლენები მუდმივად იცვლება და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე, მუდმივი და ყოველდღიურია. თქვენთან ინტერვიუში მე ადრეც აღვნიშნავდი, რომ  დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, უნდა ველოდოთ ახალ და არაერთჯერად შოკებს, მათ შორის ზოგიერთი შესაძლოა უფრო ,,ფარული” იყოს, თუმცა ,,ფარული” არ ნიშნავს ნაკლებად მტკივნეულს და ნაკლებად მწვავეს. მსოფლიო ეკონომიკაში რყევები და პრობლემები გრძელდება.

– რა ტენდენციებია დღეს მსოფლიო ეკონომიკაში და რა გამოწვევების წინაშე აყენებს ეს საქართველოს?

– 2016 წლის 1 იანვრიდან ნავთობის ფასი დაახლოებით 22%-ით დაეცა და 1 ბარელ ბრენტ მარკის ნავთობზე დღეისათვის 30 დოლარის ფარგლებშია (რუსული ნავთობი, ურალს, როგორც წესი, 10-12%-ით უფრო იაფია).

აშშ-მ  და ევროკავშირმა გააუქმეს ირანისთვის დაწესებული სანქციები. ირანი მზადაა მიაწოდოს ბაზარს დღეში დამატებით 500000 ბარელი ნავთობი, ხოლო 6-9 თვეში კი მიწოდება მინიმუმ 1 მლნ. ბარელამდე გაზარდოს. მოსალოდნელია არაბთა გაერთანებულმა საემიროებმა, საუდის არაბეთმა, ბახრეინმა, ასევე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებმა უარი თქვან მათი ვალუტების აშშ. დოლარზე მიბმაზე და მოახდინონ დევალვაცია. ეს მათ საშუალებას მისცემს აინაზღაურონ ნავთობის ფასების ვარდნით გამოწვეული დანაკარგები და არ შეამცირონ ნავთობის მოპოვება მასზე ფასების ზრდის სტიმულირების მიზნით. სავარაუდოდ, ნავთობზე მაღალი ფასების ერა დამთავრდა.

ჩვენს სავაჭრო-პარტნიორ სერიოზული პრობლემებია ქვეყნებში.

რუსეთის 2016წ. ბიუჯეტით გათვალისწინებულია: ნავთობის საშუალო წლიური ფასი – 50 დოლარი, რუბლის კურსი – 1დოლარი/63.3 რუბლი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – 0.7%, ინფლაცია – 6%,  ბიუჯეტის დეფიციტი – 3% რისი დეფიციტის დაფინანსების ძირითადი წყაროებიც არის სარეზერვო ფონდი და ეროვნული კეთილდღეობის ფონდი.

ჩვენი კვლევებით და ანალიზით, რუსეთის ეკონომიკის რამოდენიმე მოსალოდნელი სცენარი შემდეგია:

  1. ნავთობის საშუალოწლიური ფასი – 40 დოლარი, რუბლის კურსი – 1 დოლარი/72 რუბლი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – მინუს 3%, ინფლაცია – 7.5%, ბიუჯეტის დეფიციტი – 5.5%  (სარეზერვო ფონდი ამოიწურება წლის ბოლოს).
  2. ნავთობის საშუალოწლიური ფასი – 35 დოლარი, რუბლის კურსი – 1 დოლარი/77 რუბლი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – მინუს 4.5%, ინფლაცია – 9%, ბიუჯეტის დეფიციტი – 6% (სარეზერვო ფონდი წლის ბოლოს ამოიწურება სრულად, ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ამოიწურება მნიშვნელოვნად).
  3. ნავთობის საშუალოწლიური ფასი – 30 დოლარი, რუბლის კურსი – 1 დოლარი /84 რუბლი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – მინუს 6%, ინფლაცია – 11%,  ბიუჯეტის დეფიციტი – 7% (სარეზერვო ფონდი და ეროვნული კეთილდღეობის ფონდი წლის ბოლოსთვის ამოიწურება სრულად).
  4. ნავთობის საშუალო წლიური ფასი – 25 დოლარი, რუბლის კურსი – 1 დოლარი/95 რუბლი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – მინუს 9%, ინფლაცია – 14%, ბიუჯეტის დეფიციტი – 9% (სარეზერვო ფონდი და ეროვნული კეთილდღეობის ფორნდი წლის ბოლომდე ამოიწურება სრულად).

მხედველობაშია მისაღები, რომ ერთ-ერთი პრობლემური რუსული სახელმწიფო ბანკის (ვნეშეკონომბანკის – რომელიც აფინანსებდა სოჭის ოლიმპიადას, სხვა სახელმწიფო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროექტებს) ,,გადარჩენა” სახელმწიფოს დაუჯდება მშპ-ს 1-1.5%, ,,არ გადარჩენა” კი გამოიწვევს პრობლემებს და ჯაჭვურ რეაქციებს რუსეთის საბანკო სისტემაში.

გასული წლის განმავლობაში რუსეთში, დაახლოებით, 15%-ით შემცირდა მოსახლეობის რეალური შემოსავლები და სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა 23 მილიონზე მეტი ადამიანი. ეს ტენდენცია მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაგრძელდება.

რუსეთს სხვა გამოსავალი აღარ აქვს და უკვე იწყებს ფიქრს ბიუჯეტის 10%-ით შემცირების მიმართულებით, ასევე განიხილავს ნავთობკომპანიებისთვის გადასახადების ზრდას და ა.შ. თუმცა, ჩვენის აზრით, ეს ზომები საკმარისი არ იქნება.

ჩვენ ვაკვირდებით და ვაანალიზებთ რუსეთის ეკონომიკას იმდენად, რამდენადაც იგი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებზე, მასზე მოდის საქართველოს სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 10%. სერიოზული პრობლემების წინაშე დგას აზერბაიჯანის ეკონომიკა, მასზე მოდის საქართველოს სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 7%, სადაც ეროვნული ვალუტა, აზერბაიჯანული მანათი, უკანასკნელ პერიოდში დაახლოებით 2-ჯერ გაუფასურდა.

პრობლემებია თურქეთის ეკონომიკაში, რომელზეც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 12% მოდის. შეინიშნება ინვესტიციების გადინება, ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება და უნდა ველოდოთ ლირას შემდგომ გაუფასურებას. მოსალოდნელია სომხური დრამის დევალვაცია მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო რეზერვების დაახლოებით 30% ,,შეწირა” საკუთარი ვალუტის სტაბილიზაციას. ასევე სახეზეა საერთაშორისო  ბაზარზე სასაქონლო ნედლეულებზე ფასების ვარდნის საერთო ტენდენცია (მ.შ. არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე არამედ, ოქროზე, ხორბალზე, შაქარზე, სიმინდზე, ალუმინზე, სპილენძზე, თუთიაზე და ა.შ.), ეკონომიკური აქტივობა ეცემა ყველა განვითარებად ქვეყანაში (ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სხვ.) და ჩვენს  სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებში (თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები), გრძელდება ვალუტების დევალვაცია აშშ. დოლართან მიმართებაში (სავარაუდოა ჩინური იუანის შემდგომი მცოცავი დევალვაცია დაახლოებით 5-7%-ის ფარგლებში და პერსპექტივაში ევრო/აშშ. დოლარის კურის გათანაბრება).

ეკონომიკურ ზრდას ადგილი აქვს  მხოლოდ აშშ-ში, სადაც 2015 წლის შედეგებით, სავარაუდოდ, 2 %-ის ფარგლებში იქნება და ევროკავშირში დაახლოებით 1.7%.

რისკების ზრდის და მოგების მარჟის შემცირების გამო უცხოური ინვესტიციები მასიურად ტოვებენ განვითარებად ბაზრებს და, ძირითადად, აშშ-ს და ევროკავშირის ბაზარს უბრუნდებიან.

არ არის გამორიცხული 2008-2009 წლების მსგავსი მსოფლიო კრიზისის განმეორება. შეიძლება ითქვას, მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკის მთლიანი გადაწყობა და ათწლეულების შემდეგ ყალიბდება ახალი რეალობა.

– როგორც ჩანს არცთუ სახარბიელო რეალობის და პერსპექტივის წინაშე ვდგავართ, რით ხვდება საქართველო ასეთ ვითარებას?

საქართველოს შემთხვევაში 2016 წლის გეგმური მაჩვენებლებია: ლარის კურსი – 1 დოლარი/2.4 ლარი, ეკონომიკის (მშპ-ს) ზრდა – 3%, ინფლაცია – 5%, ბიუჯეტის დეფიციტი – 3%.

თუმცა, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ტენდენციები  სერიოზული გამოცდის წინაშე აყენებს საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, 2016 წლის პარამეტრების შესრულებას, ლარის კურსს, ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესაქტივობას და საზოგადოებას.

მთლიანობაში, 2016 წელი საკმაოდ რთული იქნება საქართველოს ეკონომიკისათვის.

– როგორია მიმდინარე წლის თქვენი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში?

– პროგნოზების გაკეთება ძალიან უმადური და სარისკო საქმეა, მაგრამ მაინც გავბედავ და ვიტყვი, რომ თუ ასე გაგრძელდა მოვლენები:

  1. მოსალოდნელია, განსაკუთრებით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის კლება და ინფლაციის ზრდა;
  2. მოსახლეობის და ბიზნესსუბიექტების შემოსავლების, დაგროვებების და შესაბამისად მოხმარების კლება;
  3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისკლება. სახელმწიფოს პირდაპირი და ირიბი ჩართულობის გარეშე.
  4. ბიზნესსუბიექტებს შორის გადაუხდელი ვალდებულებების ზრდა;
  5. საბანკო და არასაბანკო დაწესებულებებში ე.წ. პრობლემური სესხების ზრდა;
  6. საპროცენტო განაკვეთების ზრდა;
  7. შეფერხებები ბიუჯეტის პარამეტრების შესრულების კუთხით;

სავარაუდოა ბიუჯეტის დეფიციტის დამატებით, დაახლოებით, 0.5%-ით ზრდა და ლარის დაახლოებით 8%-იანი გაუფასურება.

აღნიშნულის თქმა რთულია, მაგრამ ამას ვამბობ არა პანიკის დათესვის, თითის გაშვერის ან გადაბრალების მიზნით, არამედ პრევენციის და რეალობის ადექვატური ღონისძიებებისათვის მზადყოფნის მიზნით.

ჩვენ გვჭირდება საქართველოს ეკონომიკისთვის სხვადასხვა შემთხვევებში სხვადასხვა სცენარების გათვლა და მოდელირება, რათა მზად ვიყოთ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტისთვის და წინასწარ შევიმუშაოთ ცალკეულ სცენარზე მორგებული კომპლექსური სამოქმედო გეგმები თუ რომელ შემთხვევაში ვინ, რა და როგორ უნდა აკეთოს.

– კერძოდ რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით?

– როგორც პრაქტიკა აჩვენებს, იგივე სოციალური პრობლემების მოგვარება 60-70%-ით ხელეწიფება ეკონომიკურ ზრდას და მხოლოდ 30-40%-ით უშუალოდ ბიუჯეტის სოციალურ ხარჯებს. შესაბამისად მთელი ყურადღება გადატანილი უნდა იქნას ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებასა და დასაქმებაზე.

ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეკვეცოს სუბსიდიები და არამწარმოებლური ხარჯები, დამატებითი საბიუჯეტო რესურსები მიმართოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და თანმიმდევრულად მოახდინოს ასეთი პროექტების დაფინანსება, პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზოს ,,მზა” საინვესტიციო პაკეტები, მაგალითად, სასტუმრო ბიზნესში, ტურიზმის ბიზნესის სხვა ინფრასტრუქტურებში, საექსპორტო საქონლის წარმოების სფეროში, იმპორტული საქონლის ჩანაცვლების სფეროში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და გადამუშავების სფეროში და ა.შ. ინვესტიციების მოზიდვის კუთხით უნდა მოხდეს მიზნობროვი, პირდაპირი მუშაობა ცალკეული სახელმწიფოების (მაგალითად ჩინეთი – საიდანაც ხდება ინვესტიციების გადინება, ირანი – რომელსაც მოეხსნა სანქციები, ინდოეთი და სხვ.) და ცალკეული კომპანიების ჭრილში,  გამოაცოცხლოს პრივატიზაციის პროცესი, გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სიკეთეების მაქსიმალურად გამოყენების კუთხით და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველო პატარა ეკონომიკის ქვეყანაა და 2-3 მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებასაც კი მნიშვნელოვნად შეუძლია გააუმჯობესოს სოციალური და ეკონომიკური ფონი. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კი აუცილებელია სისტემური რეფორმების გატარება საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის რადიკალური გადაწყობის, ინსტიტუციონალური სრულყოფის და  სამეურნეო მექანიზმების გამართვის მიმართულებით.

იზა ალადაშვილი

[wpolling id=”11″ width=”” height=””]