თბილისში, რეგიონში ყველაზე მასშტაბური ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
სასტუმროში The Biltmore hotel Tbilisi, 7-8 დეკემბერს, თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართება.
ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფორუმი გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დამყარებისთვის.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფორუმს დღეს, 09:00 საათზე თბილისის მერი, დავით ნარმანია გახსნის. მისივე ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობენ პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველო პარლამენტს წარმოადგენს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგოლ ლილუაშვილი.
ლექვინაძის თქმით, ღონისძიების გახსნაში ჩართული იქნებიან საქართველოში აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით,ფორუმი ორდღიანია. მასში გაერთიანებულია 12 თემატური სესია: „გონიერი ქალაქები“, “მწვანე ქალაქები”, ფონდების მოძიება, ელექტრონული მმართველობა, ენერგოეფექტურობა, ინვეტიციები, საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებრივი ტრასნპორტი, ტურიზმი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ინფრანტრუქტურა, შემოქმედებითი ინდუსტრიები.
მისივე ინფორმაციით, ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში მოხდება ხელშეკრულების გაფორმება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და World Council on City Data-ს შორის, თბილისისთვის SMART CITY სტატუსის მისანიჭებლად ISO სტანდარტის მიღების თაობაზე, რაც ხარისხობრივად იმ პროცესების დახვეწას გულისხმობს, რაც დღეს თბილისის მერიაში არსებობს; გაფორმდება ხელშეკრულება კიოლნის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის; მოხდება ”მწვანე ინიციატივის” წარდგენა.
როგორც მერიაში აცხადებენ, წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, მასშტაბური ღონისძიებაა სესიების მრავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი სპიკერებიდან გამომდინარე. ფორუმს დაესწრება რვაასი მონაწილე, მათ შორის ასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი მომხსენებელი. ფორუმში მონაწილეობენ მერები საფრანგეთის და იტალიის ქალაქებიდან.
ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი გაწერილია ორ დღეზე. ფორუმს მოდერაციას გაუწევს 13 მოდერატორი, 103 პრეზენტატორი, მათ შორის 53 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი ტრანსპორტის, სტრატეგიების შემუშავების, ფონდების მოძიების, ინვესტიციების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ელ. მმართველობის მიმართულებებით.
2016 წლის LED ფორუმი ქალაქის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების ერთგვარი პასუხია და საფუძველს ქმნის “გონიერი” და მოქალაქეების ჩართულობით ფორმირებული ქალაქების ჩამოყალიბების მიმართულებით. ფორუმი იძლევა საქმიანი შეხვედრების და დისკუსიების წარმართვის მრავალმხრივ შესაძლებლობას.
ფორუმის მონაწილეები არიან სახელმწიფო სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონიდან, ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან.