“ასეთი წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო არჩევნების კუთხით არ გვახსოვს”
ასეთი თავისუფალი წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო არჩევნების კუთხით არ გვახსოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელვაჩაურში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა განხორციელებულ რეფორმებზე და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ასევე, წინასაარჩევნო სიტუაცია მიმოიხილა.
„ძალიან საინტერესო პერიოდი გველის წინ – საინტერესო აღმავლობის, სწრაფი განვითარების და ჩვენი ქვეყნის რეალურად თანამედროვე განვითარებულ ქვეყნად გარდაქმნის. ჩვენ გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პერიოდი იმ თვალსაზრისით, რომ მოვახდინეთ მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები გათავისუფლდნენ, ბიზნესი გათავისუფლდა, წინასაარჩვენო გარემო უპრეცედენტოდ თავისუფალია. ასეთი წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო არჩევნების კუთხით არ გვახსოვს. დღეს არ არის მედიაზე ზეწოლა, ისმის ხშირად მთავრობის კრიტიკა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ცუდები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ადამიანები არიან თავისუფლები. ადამიანი არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.