საზოგადოება

ეკონომიკური რჩევები საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ამომრჩევლებისთვის

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ ბასარია

შესავალი

წინასაარჩევნო კამპანია თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. პოლიტიკური სუბიექტებმა უკვე წარადგინა პროგრამული შეთავაზებები და გაგვიზიარა საკუთარი ხედვები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და მათი მოგვარების შესახებ.

სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული მოლოდინი იმისა, რომ პარტიები შედარებით მეტი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით მოეკიდებოდნენ მეურნეობრივ პრობლემატიკას, არ მქონდა: პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ეკონომიკური საკითხებისადმი ზედაპირული, ხშირად გულგრილი დამოკიდებულება ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ ფართო საზოგადოება დიდად არ არის გარკვეული ეკონომიკურ საკითხებში.

ეს სამწუხარო გარემოება მეტად უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკური სუბიექტებისთვის, განსაკუთრებით კი ამომრჩევლისთვის, ვფიქრობ, მეტად სასარგებლო იქნება ეკონომისტების რჩევების მოსმენა იმის თაობაზე, თუ რეალურად რა არის გასაკეთებელი უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისაგან თავის დასაღწევად და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მათი დროულად აღმოფხვრა.

შევეცდები, საზოგადოებას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრებები და რჩევები გავუზიარო.

რჩევა #1

რჩევა პარტიებს:

სამამულო ეკონომიკის სირთულეების გამომწვევი ფუნდამენტური მიზეზები მონოპოლიზმი და სახელმწიფო ხარჯების უყაირათო განკარგვაა-ამ პრობლემების გადასაწყვეტად (შესამსუბუქებლად) სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად პარტიებმა უნდა განსაზღვრონ უკოპრომისო ბრძოლა მონოპოლიებთან და საერთო-სახელმწიფოებრივი სახსრების არამიზნობრივად, არაუკუგებიანად, არაეფექტიანად ხარჯვასთან.

რჩევა ამომრჩეველს:

ამომრჩეველმა ხმა არ უნდა მისცეს ისეთ პარტიას, რომელიც ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე დუმილს ამჯობინებს!

ათეული წლებია, რაც საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება: ქვეყანაში იზრდება სიღატაკე; მაღალია უმუშევრობა; მოსახლეობა გაუსაძლის სოციალურ ყოფას განიცდის; უკიდურესად მძიმეა დემოგრაფიული ფონი; სულს ღაფავს მცირე და საშუალო ბიზნესი; სუსტია ეროვნული ვალუტა; უკიდურესად დაბალია განათლების დონე და ბევრი სხვა პრობლემაა თავმოყრილი.

ქართული მეურნეობრიობის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრის გზებს პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნოდ ისე სთვაზობენ ხოლმე საზოგადოებას, რომ სათანადოდ არ აქვთ გაანალიზებული ეკონომიკური სიძნელეების გამომწვევი საბაზისო მიზეზები, რომლებიც არც თუ იშვიათად სახასიათოა განვითარების ამა თუ იმ სტადიაზე მყოფი ეკონომიკისათვის.

მივაქციოთ ყურადღება ერთ მოცემულობას: პოლიტიკოსების მოსაზრებები საკმაოდ ხშირად იყოფა იმასთან დაკავშირებით, თუ განვითარების რომელ ფაზაში იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა – ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენთან კრიზისია, რეცესიაა, ზოგიერთს კი, პირიქით, ჰგონია, რომ ეკონომიკა აღმავლობას განიცდის; არიან ისეთებიც, რომლებიც ფატალურად აფასებენ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას და ფიქრობენ, რომ ის ფსკერზეა; ერთადერთი, რაზეც არავინ დაობს (და ეს, სამწუხაროდ, არცაა საკამათო) არის ის, რომ ქართული ეკონომიკა მისი შესაძლებლობების მწვერვალზე (პიკზე) ნამდვილად არ იმყოფება.

არადა, ამ საკითხში საფუძვლიანად გარკვევის გარეშე წარმოუდგენელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა – მხოლოდ დიაგნოზის სწორად დასმა და მის გამომწვევ მიზეზებში საფუძვლიანად გარკვევა იძლევა იმის საშუალებას, რომ სწორად დაიგეგმოს და შედეგიანად გატარდეს საჭირო ღონისძიებები.

შევეცადოთ, გავერკვეთ ქართული ეკონომიკის სიტუაციურ საკითხში. მართალია, ეკონომიკური თეორია, თავისი კლასიკური გაგებით, ეკონომიკის მდგომარეობის ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ ფაზას (კრიზისი, ფსკერი, აღმავლობა, ზენიტი) იცნობს მხოლოდ (რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, მიუხედავად მისი განვითარების დონისა, ეკონომიკური სისტემის თუ მოდელისა, დროის გარკვეულ პერიოდში ეკონომიკური ციკლის რომელიმე ზემოხსენებულ ფაზაში უნდა იმყოფებოდეს უცილობლივ), დღევანდელი ქართული ეკონომიკის მდგომარეობას, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს, ვერც ერთ მათგანს ვერ მივაკუთნებთ.

დიახ, საქმეც სწორედ ისაა, რომ ქართული ეკონომიკა ერთგვარად პარადოქსულ, არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება, და აი, რატომ:

მოდით, ეკონომიკური აქტივობის ოთხივე ფაზა განვიხილოთ და შევეცადოთ, რომელიმე მათგანს ქართული ეკონომიკის რეალობა მივუსადაგოთ.

  • დავიწყოთ ეკონომიკური ფსკერის ფაზის განხილვით, რომლისთვისაც დამახასიათებელია წარმოების მინიმალური (ნულთან მიახლოებული) და უმუშევრობის უმაღლესი (ტოტალური) დონე – საბედნიეროდ, ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას ამ ფაზას ვერ მივაკუთვნებთ, რადგან, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჩვენთან უმუშევრობა 12%-ის ფარგლებშია, რაც უმაღლესი მაჩვენებელი ნამდვილად არაა.
  • გავიმეორებთ და ვიტყვით, რომ ჩვენი ეკონომიკა ზენიტშიც არაა (ამ ფაზას წარმოების უმაღლესი მაჩვენებლები და თითქმის სრული დასაქმება ახასიათებს);
  • რაც შეეხება ეკონომიკის ვარდნის ფაზას. პოლიტიკოსების და ეკონმისტების დიდ უმრავლესობას მიაჩნია (ზოგი ამაში დარწმუნებულია, ზოგიც გარკვეული კონიუნქტურის გამო მიიჩნევს ასე), რომ ქართული ეკონომიკა კრიზისშია, რეცესიას განიცდის. სინამდვილეში საქმე ასე არაა.

ეკონომიკის ვარდნა გულისხმობს წარმოების ვარდნას და, იმავდროულად, უმუშევრობის შემცირებას: ჩვენთან კი, ბოლო 3 – წლიან პერიოდს (2013 – 2015 წლები) თუ გადავხედავთ (რაც საკმარისი პერიოდია იმისათვის, რომ გარკვეულ ეკონომიკურ ციკლზე ვისაუბროთ), თითოეულ წელს წარმოებული მთლიანი პროდუქციის (საქონელ-მომსახურების) ღირებულება ყოველთვის აღემატებოდა წინა წლის მშპ-ს; თანაც, დასაქმების თვალსაზრისითაც მზარდი ტენდენცია შეინიშნებოდა ამავე წლებში (2013-85,4%; 2014-87,6%; 2015-88%* – ეს უკანასკნელი დაუზუსტებელი მონაცემებით).

მაშასადამე, გამოდის, რომ აღნიშნულ პერიოდში, ანუ საშუალოვადიან ციკლში, ჩვენთან წარმოებაც მზარდი იყო და დასაქმებაც – ეს კი რადიკალურად ეწინააღმდეგება ეკონომიკის ვარდნის ფაზისთვის დამახასიათებელ ნიშნებს – გავიხსენოთ: იქ პირიქითაა, წარმოებაც და დასაქმებაც კლებადი ხასიათის უნდა იყოს.

  • ახლა კი ბოლო, ეკონომიკური აღმავლობის ფაზა განვიხილოთ, რომელიც წარმოებისა და დასაქმების ზრდის ტენდენციებს გულისხმობს სწორედ. წესით, ქართული ეკონომიკა ამ სტადიაში უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ ეს ასე არაა, სამწუხაროდ:

საქმე ისაა, რომ 2013 წლიდან ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპების დაცემა შეინიშნება (2013-2014 წლების საშუალო 4%-იანი ზრდის მაჩვენებლიდან 2015-ის 2,8%-მდე). მართალია, ეს მონაცემები არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვარდება, არა, ის იზრდება, მაგრამ იზრდება საკმაოდ უმნიშვნელო ოდენობით (ზოგადად მშპ-ის 5%-მდე ზრდა არ განიხილება არსებით ეკონომიკურ ზრდად და, როგორც წესი, მიიჩნევა უმნიშვნელოდ. ეს მით უფრო მართლზომიერია ჩვენი წარმოების საერთო დაბალი დონის პირობებში) – ეკონომიკაში კი ნულოვან ზრდას ან უმნიშვნელო ზრდას სტაგნაცია ჰქვია (ეს ერთგვარი გზაგასაყარია ვარდნისა და აღმავლობის ფაზებს შორის ან, პირიქით, აღმავლობასა და ვარდნას შორის).

მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც სტაგნაციაა საბოლოო ვერდიქტი ქართული ეკონომიკის აქტივობისთვის -სტაგნაციის პროცესს ბუნებრივად ახასიათებს ფასების ვარდნა (ერთობლივი მოთხოვნის კლებიდან გამომდინარე) ან, მინიმუმ, მათი სტაბილურობა – და რა ხდება ამ თვალსაზრისით ჩვენთან? საქართველოში 2013-2015 წლებში, წარმოების დაბალ აქტივობასთან ერთად, ფიქსირდება ინფლაციის ზრდის ტემპები (!)  (2013 წელს (-0,5%); 2014 – 3,1%; 2015 – 4%).

მაშასადამე, აქაც შეუსაბამობაა, თანაც პარადოქსული: ერთი მხრივ, საქმე გვაქვს სტაგნაციური სიტუაციისათვის დამახასიათებელ წარმოების უმნიშვნელო ზრდასთან (წარმოების დაბალ აქტივობასთნ), ხოლო, მეორე მხრივ, მზარდ ინფლაციასთან, რომელიც სტაგნაციისთვის აბსოლუტურად უცხოა.

თუმცა, ეკონომისტები ამგვარ პარადოქსულ ვითარებასაც იცნობენ (მართალია, მათთვის ეს მხოლოდ 1970 წლიდან გახდა ცნობილი) და მას სტაგფლაცია ეწოდება.

სტაგფლაციური მდგომარეობა კი ქვეყნის ეკონომიკისათვის მეტად საყურადღებო და განსაკუთრებით სახიფათოა!

აი, რა თვალსაზრისით: წარმოების დაბალი აქტივობის დროს, რომელსაც პროდუქციაზე ერთობლივი მოთხოვნის კლება იწვევს, მეწარმე ცდილობს დაწიოს ფასები იმისათვის, რომ, მართალია, უკვე შედარებით ნაკლები სარგებლიანობით, მაგრამ მაინც გაყიდოს საქონელი და როგორმე შეინარჩუნოს ბიზნესი.

მაშინ, რატომ ვერ ახერხებს ამას მეწარმე სტაგფლაციის პირობებში?

საქმე ისაა (მივადექით მთავარს), რომ სტაგფლაციას, როგორც წესი, იწვევს 2 ძირითადი ფაქტორი – ესაა მონოპოლიური ტენდენციები და ხელისუფლების არარაციონალური, ინფლაციური რეგულაციები:

1) მონოპოლიები ხელოვნურად ინარჩუნებენ მაღალ ფასებს საკუთარ საქონელ-მომსახურებაზე, მათ შორის იმ პროდუქციაზე, მასალასა თუ ნედლეულზე, რომელსაც არამონოპოლისტი მეწარმე საკუთარი ბიზნესის საწარმოებლად იყენებს და ამით, ფაქტობრივად, იზღუდება მეწარმის შესაძლებლობები, საბაზრო კონიუნქტურის შესაბამისად შეამციროს (დაარეგულიროს) ნაწარმზე ფასი;

2) ხელისუფლება კი არაუკუგებიანი ან არამწარმოებლური დანახარჯების გაზრდით აუფასურებს ფულს, რის შედეგადაც მოსახლეობაში იკლებს მყიდველობითუნარიანობა და ეცემა წარმოების აქტივობა.

ერთი სიტყვით, სტაგფლაციური სიტუაცია ეკონომიკის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ზემოხსენებული ფაქტორები (მონოპოლიები და ხელისუფლების გადამეტებული ინფლაციური ხარჯები) განსაკუთრებით უხეშად ერევიან ბაზრის თვითრეგულირების პროცესში და ხელს უშლიან მის ნორმალურად ფუნქციონირებას – ამას კი, საბოლოო ჯამში, კერძო ინიციატივის და რეალური სექტორის განვითარების შეზღუდულობის გაღრმავება, წარმოების დაცემა და მთლიანობაში ეკონომიკის ვარდნა, უმუშევრობის ზრდა და სიღარიბის გაღრმავება, დაბოლოს, სოციალური რყევები მოჰყვება უცილობლივ.

სხვა ეკონომიკური ფაზებისაგან განსხვავებით, რომელთა წარმოშობის მიზეზების დაკავშირება თითქმის ყოველთვისაა შესაძლებელი ბაზრის ბუნებრივი თვითრეგულირების პროცესებთან, სტაგფლაციას ეკონომიკაში (მიაქციეთ ყურადღება!) –  მეტად უხეში ხელოვნური ჩარევა  თუ იწვევს მხოლოდ!

მაშასადამე, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური (სტაგფლაციური) მდგომარეობა თავად მიგვანიშნებს (!) მის გამომწვევ უმთავრეს მიზეზებზე (მონოპოლიებსა და ხელისუფლების გადამეტებულ ინფლაციურ ხარჯებზე) და მოითხოვს მათი ზემოქმედების განეიტრალებას (შემსუბუქებას მაინც).

გაგრძელება იქნება