24/02/2024
Latest:
მსოფლიო

ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა ვერ შეძლეს სერიოზულად მიდგომოდნენ სირიის საკითხს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი არასერიოზულად მიუდგნენ სირიის პრობლემის გადაწყვეტას, – ამის შესახებ ერდოღანმა ტელეარხ CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სირიაში ომმა უსაფრთხოების საფრთხეები შექმნა თურქეთის სამხრეთ საზღვრებზე, შეფერხებები შეუქმნა ანკარას თავდაცვით შესაძლებლობებს და თურქეთს მოუწია სირიიდან 3 მილიონი დევნილისთვის თავშესაფრის მიცემა.

„ჩვენ ვრეაგირებთ ამ პრობლემებზე, განვიხილეთ ისინი პრეზიდენტ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან. ამ სიტუაციაში ისინი მოწოდების სიმაღლეზე არ აღმოჩნდნენ და ვერ შეძლეს სერიოზულად მიდგომოდნენ ამ საკითხებს. ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩვენთვის“, – განაცხადა ერდოღანმა.

გადაცემის წამყვანის რემარკას, რომ ის „აშშ-ზე ძალიან იმედგაცრუებული ჩანს“, თურქეთის პრეზიდენტმა შემდეგი უპასუხა: „ნება მომეცით გულწრფელი ვიყო. ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ მე გულგატეხილი არ ვარ. დიახ, მე ძალიან გულგატეხილი ვარ“.