გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში ხელოვნების ახალი სასახლე გახსნა
ჩოხატაურს ხელოვნების ახალი სასახლე აქვს, – 2,5 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო, ძირითადად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. ახლად აშენებული სასახლე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
ხელოვნების სასახლე აღჭურვილია განათებისა და ხმის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების აპარატურით და სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.
“ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობა დაგეგმილი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ის მიწასთან გაასწორეს და აქ არაფერი იგეგმებოდა. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი ჩოხატაურის რაიონისთვის, მთლიანად გურიისთვის და საქართველოსთვის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაიონებში კულტურული ცხოვრების აღორძინება და განვითარება. აქ ბავშვები ივლიან, იქნება წარმოდგენები, შესაძლებელია კინოფილმების ჩვენებაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის პერიოდში, აქედან წასული ოჯახები დაბრუნდნენ და იყოს სრული კულტურული ცხოვრება, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ნახონ ფილმები, დაესწრონ წარმოდგენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, რადგან შესაძლებელია, ბევრი წრე მოეწყოს, აქ იქნება ბავშვების განათლება კულტურის მიმართულებით და მინდა, ჩოხატაურელებს მივულოცო ეს დიდი შენაძენი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მშენებლობაზე სხვადასხვა პერიოდში 100-მეტი ადგილობრივი იყო დასაქმებული. ხელოვნების სახლში მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი და „კულტურის ცენტრი“ განთავსდება. 350 მაყურებელზე გათვლილი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.