საზოგადოება

BLACK SEA ARENA აშენდა საქართველოსთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და რეგიონში ეკონომიკური ინვესტიციების მოზიდვისთვის

 

“115 მილიონი დოლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი “BLACK SEA ARENA” ააშენეს ფონდმა “ქართუმ” და ადგილობრივმა მოსახლეობამ”

“ქართუ” ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი უძილაურმა 115 მილიონი დოლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზ “BLACK SEA ARENA”-ს მშენებლობასა და გურიის შავიზღვისპირეთის სამომავლო განვითარებაში, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი უძილაურმა დეტალურად განმარტა, თუ რა სარგებელს მოუტანს რეგიონს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროექტები, ისეთ რაიონებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

– 10 ივლისს ფონდმა “ქართუმ” სახელმწიფოს “BLACK SEA ARENA”-ს საკონცერტო დარბაზი გადასცა, რა თანხა დაიხარჯა ამ პროექტზე?

– დარბაზის მშენებლობა რამდენიმე წელი გაგრძელდა და მის მშენებლობაში დაიხარჯა 115 მილიონ დოლარზე მეტი (270 მილიონ ლარამდე). ამ თანხაში იგულისხმება როგორც თავად შენობა, ასევე დარბაზის გარშემო ინფრასტრუქტურა და “BLACK SEA ARENA”-ს ტექნიკური აღჭურვა.ასობით საქველმოქმედო პროექტს შორის, რომელსაც ფონდი “ქართუ” ახორციელებს, “BLACK SEA ARENA” არის ყველაზე დიდი და უპრეცედენტო მასშტაბის ღირებულების საქველმოქმედო პროექტი, რომელიც დასრულების შემდეგ სახელმწიფოს გადაეცა. ამ ტიპის, ასეთი ხარისხის და ტექნიკური უზრუნველყოფის საკონცერტო დარბაზს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ანალოგი არ გააჩნია.

– როგორ უნდა განკარგოს სახელმწიფომ ასეთი ძვირფასი ობიექტი, მას ხომ შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება?

– ობიექტი სახელმწიფომ უნდა განკარგოს ფინანსური რესურსების მოსაზიდად, რასაც უზრუნველყოფს ამ უნიკალური დარბაზის სწორი და ეფექტური მენეჯმენტი. რასაკვირველია, მეც ვნახე სოციალურ ქსელებში ოპონენტების და ყველაფერში ცუდის მძებნელების ოხვრა და მოთქმა დარბაზის წამგებიანობაზე, მის არამომგებიან მდებარეობსა და ბიუჯეტისთვის აკიდებულ ტვირთზე, საპასუხოდ შემიძლია ორი დასკვნა გამოვიტანო: ადგილი აქვს ან უვიცობას, ან მიზანმიმართულ ბოღმის ნთხევას.

პირველი, დარბაზი ვერ იქნება წამგებიანი, იმიტომ რომ საქართველოში საკონცერტო დარბაზების დეფიციტია იმ ფონზე, როცა თითქმის ყოველ კვირას ქვეყანას სტუმრობს სხვადასხვა ცნობილი მომღერალი და ბენდი.

მეორე, დარბაზის ფუნქციონირება შესაძლებელია აპრილიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე კი “BLACK SEA ARENA”-ს შეეძლება გააქირავოს მისი სრულიად უნიკალური ხარისხის აუდიო-ვიდეოაპარატურა და ტექნიკა, რაზეც არსებობს უდიდესი მოთხოვნა და შესაბამისად მოაქვს დიდი და გარანტირებული მოგება. მოკლედ,

შემიძლია დავამშვიდო ბიუჯეტზე ანაზდად ანერვიულებული “ნაციონალები”, რომ ფონდი “ქართუს” საჩუქარი სახელმწიფოს არათუ ფინანსურ მოგებას, არამედ მეტ ტურისტსაც მოიზიდავს.მესამე, პრეტენზია იყო დარბაზის ვითომდა არაეფექტური მდებარეობა. საუბარია სოფელ ნატანებზე, შეკვეთილის ზონაზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ქობულეთს.

ტერიტორია ქობულეთიდან ურეკამდე სააკაშვილის პერიოდში თითქოს საერთოდ არ არსებობდა რუკაზე, მაშინ როცა, ლოგიკურად, ეს ტერიტორიაც უნდა ემსახურებოდეს ტურიზმის მოზიდვას. საჭირო იყო ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც მოიზიდავდა ტურისტსაც და ინვესტიციასაც, სწორედ ამიტომ გადაწყდა ნატანებში უნიკალური საკონცერტო დარბაზის აშენება.

– არის ვერსია, რომ თითქოს “BLACK SEA ARENA”-ს მშენებლობის მიზანი იყო იქვე ზღვისპირას მშენებარე სასტუმრო “შეკვეთილისთვის” დამატებითი ინფრასტრუქტურის აშენება, . .

– ჯერ ერთი, სასტუმრო “შეკვეთილის” მშენებლობა დაიწყო უფრო გვიან, ვიდრე საკონცერტო დარბაზის. მეორე, რა ლოგიკაა 90-მილიონიანი სასტუმროსთვის ააშენო 270-მილიონიანი დარბაზი? ან რომც ააშენო, რაში სჭირდება სასტუმროს 10 000 კაცის ტევადობის ობიექტი? “BLACK SEA ARENA” აშენდა საქართველოსთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და რეგიონში ეკონომიკური ინვესტიციების მოზიდვისთვის. სულ მალე, დარბაზის მიმდებარე ტერიტორიები შეივსება ახალი ობიექტებით და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეეძლება ნახოს ის სარგებელი, რომელიც აქამდეც უნდა მიეღო, წინამორბედ ხელისუფლებას ბედის ანაბარად რომ არ მიეტოვებინა ოზურგეთის რაიონის ეს ზონა.

  – “BLACK SEA ARENA”-ს მშენებლობაში თუ იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა?

რასაკვირველია, დასაქმებულთა უდიდესი უმრავლესობა, როგორც საკონცერტო დარბაზზე, ასევე სასტუმრო “შეკვეთილის” მშენებლობაზე სწორედ ადგილობრივი მოსახლეობით არის დაკომპლექტებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს უნიკალური კომპლექსი სახელმწიფოს აუშენეს ფონდმა “ქართუმ” და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

ელენე ციგრიაშვილი