08/05/2024
Latest:
საზოგადოება

არის თუ არა Boom Fire ჯანმრთელობისთვის საშიში

,,როგორ ინარჩუნებს ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასს ქართული ენერჯაიზერი”

ქართული წარმოების ,,ბუმ ფაიერი’‘ წელიწადზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და კონკურენტებთან შედარებით, დაბალი ფასის გამო, საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. გასულ კვირას მედიაში გამოჩნდა სტატია, სადაც საუბარი იყო, რომ სასმელი ,,ბუმ ფაიერი’‘ ადამიანის ჯანმრთელობსითვის საშიშ დანამატებს შეიცავდა. თუმცა, კონკრეტულად, რა დანამატებზე იყო საუბარი, ამის შესახებ სტატიაში არაფერი იყო ნათქვამი. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, ,,ბანკები და ფინანსები’‘ კომპანიის გენერალურ დირექტორს ბესო ურუმაშვილს დაუკავშირდა. 

– წინა კვირას როგორც ბეჭდურ მედიაში, ასევე ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა სტატია სათაურით, – ,,რა საშიშ ნივთიერებებს შეიცავს სასმელი ,,ბუმი’‘. განუმარტეთ ჩვენს მკითხველს, რასთან გვაქვს საქმე?

–     სტატიაში არაფერია დასაბუთებული და არავის ჩაუტარებია პროდუქტის ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური ლაბორატორიული კვლევა. სტატიის რესპოდენტი, კვების ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  ამ ეტაპისთვის საქართველოში არსებული ენერგეტიკული სასმელების ანალიზი არ აქვს გაკეთებული. ამის შემდეგ სტატია მთლიანად ზოგადად ენერგეტიკების ავკარგიანობას ეხება და კონკრეტულად ,,ბუმის’‘ შესახებ რესპონდენტი არ საუბრობს.

როგორც მოგეხსენებათ, ყველა ენერგეტიკული სასმელი, რომელიც მსოფლიოში იწარმოება, თითქმის იდენტური შემადგენლობით ხასიათდება. ძირითადი აქცენტი კეთდება ორ კომპონენტზე, – ეს არის კოფეინი და ტაურინი. ის ეფექტი, რომელსაც ენერგეტიკული სასმელი უნდა იძლეოდეს, სწორედ მათი დახმარებით მიიღწევა.

საკითხს რომ ჩავუღრმავდეთ, კოფეინი თითქმის იგივე რაოდენობით გვხვდება ერთ ფინჯან უნალექო ყავაში, ან ცოტა ძლიერად მომზადებულ ერთ ფინჯან ჩაიში, რამდენსაც სტანდარტულად შეიცავს ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი.

რაც შეეხება ტაურინს, ესეც მსგავსი თვისებების მატარებელი კომპონენტია უფრო მეტი ეფექტით. ჩვენ Boom Fire ENERGY-ს წარმოებისას აღნიშნულ კომპონენტებს, ისევე როგორც დანარჩენ ინგრენდიენტებს, იღებს მხოლოდ მსოფლიოში ლიდერი გერმანული კომპანია OHLER –ისგან, რომლის მწარმოებელი ქარხანაც გერმანიაშია. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია აიღოს და შეადაროს ორი ნებისმიერი ენერგეტიკული სასმელის ეტიკეტი  ერთმანეთს. განსხვავება შემადგენლობაში უმნიშვნელოა. პროდუქციის წარმოების პროცესში გამუდმებით ვახდენთ სასმელის ლაბორატორიულ კონტროლს. მთავარი განსხვავება, ეს არის ფასი, რის გამოც ჩვენი კონკურენტები ასე ნერვიულობენ და უკვეთავენ მსგავს სტატიებს. ჩვენ მომხმარებელს არ ვახდევინებთ ფულს რეკლამაში და მარკეტინგში, ამიტომ ღირს «ბუმი” ერთი ლარი.

– სტატიაში ასევე ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ პროდუქტის მიღება ერთ ქილაზე მეტი რაოდენობით არ შეიძლება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რამდენად არის ამ ინფორმაციის დატანა სავალდებულო შეფუთვაზე?

– რაოდენობაზე აკრძალვა არ არის. ეს არის რეკომენდაცია. ქილაზე დატანილია  ევროკავშირის მიერ მოხმარების რეკომენდირებული დღიური დოზა. ქილაზე დატანილი გაფრთხილება სავალდებულოა ევროკავშირის სტანდარტებით. რადგან ,,ბუმი” მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, ჩვენ ეს რეკომენდაცია ქილაზე თავიდანვე დავიტანეთ. კოფეინის შემცველ მრავალ პროდუქტს აქვს მსგავსი მინიშნება, მათ შორის ენერგეტიკულ სასმელებს.

– სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს სასმელის მოცულობასა და ფასზე, – პროდუქტი მოცულობით გაცილებით დიდია, ვიდრე მისი სხვა ანალოგები, ფასი კი დაბალია, რაც აჩენს ეჭვის საფუძველს. რამდენად მისაღებია ეს არგუმენტი?

– ზოგადად, ენერგეტიკული სასმელების თვითღირებულება იმდენად არ განსხვავდება, რომ ამან ფასში დიდი სხვაობა მოგვცეს. როდესაც ახალ პროდუქტს ვქმნით, წინასწარ ვსაზღვრავთ როგორი მიმართულებით წავიყვანთ გაყიდვებს. პროდუქტს ძირითადად აძვირებს სარეკლამო და მარკეტინგული ბიუჯეტი. გაყიდვების სტიმულირებაში ფინანსებს ჩვენც მივმართავთ, მაგრამ როგორც კი პროდუქტი გაყიდვების პიკს მიაღწევს, შემდეგ ვამცირებთ დანახარჯებს რეკლამაზე და ეს თანხა კომპანიის მოგებას სერიოზულად ზრდის. არის გაყიდვების მეორე გზა, რომელიც ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აირჩია, – ეს არის პარტიზანული მარკეტინგი, როცა ხარისხიანი პროდუქტი მინიმალური ფასნამატით გადის ბაზარზე და ძლიერი  დისტრიბუციის ხარჯზე აღწევს სწრაფ შედეგს, რაც ჩვენს შემთხვევაში 1,5 წელიწადში იქნა მიღწეული.

ლაშა ბასლანძე