28/04/2024
Latest:
საზოგადოება

“ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში ბარიერების გარეშე გადაადგილებას”

რუსეთის ხელისუფლების განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

“გუშინ ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ხელისუფლების განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. მე ამას გუშინვე გამოვეხმაურე. ვფიქრობ, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩვენმა სახელმწიფომ ასეთი ჟესტი, ასეთი ნაბიჯი ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა. მე ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ გადაადგილებას – ბარიერების გარეშე. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, რა თქმა უნდა, ხდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით”,

– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს მთავრობას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე.