დასაქმების დერპარტამენტი 21-25 სექტემბერს ვაკანსიების კვირეულს გამართავს
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დერპარტამენტი 21 -25 სექტემბერს ვაკანსიების კვირეულს გამართავს.
როგორც დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა, თეა სტურუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დასაქმების მაძიებელ პირთა შესაბამისი რეგისტრაცია 14 სექტემბერს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს. “ვაკანსიების კვირეული 21-25 სექტემბერს გაიმართება, ამ პერიოდში სამუშაოს მაძიებლებს ექნებათ შესაძლებლობა, უკვე წინასწარ გამოცხადებული ვაკანსიების პირობებში შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ და დაუტოვონ მათ საკუთარი CV, კვირეულის ფარგლებში 22-23 სექტემბერს თბილისში არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, შეხვედრები შესაბამისად გაიმართება დედაქალაქში, ხოლო 25 სექტემბერს დამსაქმებლებთან შეხვედრა ჩატარდება თელავში”, – განაცხადა თეა სტურუამ.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტში 60-მდე დამსაქმებლის მიერ 500-მდე ვაკანსიაა შესული. “ამ დროისთვის გვაქვს 500-მდე ვაკანსია, რომელიც მოგვაწოდა 60-მდე დამსაქმებელმა, თუმცა პროცესი გრძელდება და ყოველდღიურად გვემატება ვაკანსიები. წარმოდგენილია ყველა სფერო, დაწყებული განათლებიდან, დამთავრებული ვაჭრობით, ჯანდაცვით, ტურიზმით, სარესტორნო ბიზნესით, სადაზღვევო და ფარმაცევტულ კომპანიებში დასაქმებით და ა. შ.”, – განმარტა დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურას, სტურუას თქმით, სამუშაოს მაძიებლები თავდაპირველად დასაქმების პორტალზე www.worknet.gov.ge-ზე უნდა დარეგისტრირდნენ, ხოლო უშუალოდ ვაკანსიების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდს: www.ssa.gov.ge-ს, რის შემდეგაც სპეციალური ბანერის მეშვეობით დარეგისტრირდებიან ვაკანსიების კვირეულზე. “რეგისტრაციის გავლის შემდეგ პროგრამა სამუშაოს მაძიებლებისთვის გასცემს კვირეულზე დასასწრებ სარეგისტრაციო ბარათს. პირმა უნდა ამობეჭდოს ბარათი და მასზე მითითებული იქნება კონკრეტული პირისთვის გასაუბრებაზე მისთვლის დრო და ადგილი. გასაუბრებაზე მისვლისას პირმა თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ბარათი, პირადობის მოწმობა, ასევე CV-ს რამდენიმე ეგზემპლარი”, – განაცხადა თეა სტურუამ.