02/05/2024
Latest:
საზოგადოება

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი და „აფბა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

 თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი კონკურენტუნარიან ახალგაზრდა მეცნიერებს დევნის

 

22 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო პირველის პრეს-კლუბში, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ და „აფბას“ ხელმძღვანელმა შოთა გულბანმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, 2016 წლის სექტემბერში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე, ამავე ფაკულტეტის დეკანმა – თემურ ბერიძემ, მოხერხდა და ჩატარდა, იმდენად უსამართლო კონკურსი, რომლის მსგავსი უკვე „ბანანის რესპუბლიკებშიც“ კი არ იმართება.

„ფაკულტეტის კომისიამ 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ, აკადემიურ თანამდებობაზე დაიწუნა კანდიდატი, რომელიც ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში გამარჯვების ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იქნებოდა. დაიწუნა ეკონომიკის დოქტორი, რომელსაც სხვადასხვა დროს უსწავლია და უმუშავია, ისეთ უნივერსიტეტებში როგორიცაა: ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი, ბრემენის უნივერსიტეტი, პასსაუს უნივერსიტეტი, პეტერბურგის ევროპული უნივერსიტეტი და მრავალი სხვა. დაიწუნა ადამიანი, რომელიც 29 წლის ასაკში ეკონომიკის აღიარებული ექსპერტია საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე და შესაბამისი მოწვევები აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. დაიწუნა ადამიანი, რომელსაც მოპოვებული აქვს ათეულობით სხვადასხვა ქვეყნების და ორგანიზაციების ჯილდოები, გრანტები და სტიპენდიები და რომელიც ნებისმიერი მაჩვენებლით აღემატებოდა მის კონკურენტებს“ – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

მისივე თქმით, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – დემოკრატიის ნეგატიური თანასწორობაა, სადაც უმრავლესობას არ სურს რეფორმირება და ახალგაზრდა კონკურენტებთან ღირსეული დაპირისპირება, განსაკუთრებით თუ ეს უკანასკნელი სტატუს-კვოს დამრღვევი და უფრო მეტის გამკეთებელია ვიდრე სტაგნაციასთან შეგუება.

შოთა გულბანის განცხადებით, უფროსი თაობის პროფესურის უმრავლესობა, რომელიც ერთი შეხედვით ახალი თაობების გამზრდელად და ხელისშემწყობად უნდა გვეგულებოდეს, პირიქით ახალგაზრდების ჩაგვრისკენაა მიდრეკილი, მხოლოდ და მხოლოდ მათი მაღალანაზღაურებადი პოზიციების შენარჩუნების მიზნით, – „სამწუხარო ფაქტია, რომ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ორიენტირი არა საქმეზე და ხარისხზე, არამედ ერთმანეთთან ბრძოლაზე და კონკურენტების განადგურებაზეა. გამეფებულია კლანური მმართველობა და ნეპოტიზმი.

მნიშვნელოვანია, რომ სისტემის წინააღმდეგ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, რომელიც მომავლის დამღუპველია, რომელიც არ იძლევა ახალი და ძველი თაობის მეცნიერების ერთად მუშაობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას“ – დასძენს შოთა გულბანი.