03/05/2024
Latest:
მსოფლიო

დოლარის საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

იელენმა და კომპანიამ იუველირულად იმუშავეს!

მაშ ასე, მსოფლიო საფინანსო ბაზარზე წლის მთავარი მოვლენა მოხდა – ამერიკის ღია ბაზრის ფედერალურმა კომიტეტმა (FOMC), თითქმის ათი წლის განმავლობაში პირველად, დოლარზე საპროცენტო განაკვეთი ასწია. ამერიკულმა ვალუტამ თითქმის შვიდი წელი გაატარა ნულოვანი განაკვეთის სიახლოვეს (0-0.25%), რის შემდეგაც, ჩატარებულმა რეფორმებმა და ეკონომიკის სტაბილური გაჯანსაღების უტყუარმა ნიშნებმა, ინფლაციის ჯერაც დაბალი დონის მიუხედავად, FOMC-ს და ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯანეტ იელენს, განაკვეთის ზრდის დაწყების საშუალება მისცა.Displaying US fed's interest rates.jpg

1f4563c5-403e-4e28-a328-c834fbb70f32

პირველი ნაბიჯი მოკრძალებულია – განაკვეთის გაზრდა მხოლოდ 25 პირობითი ერთეულით მოხდა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ პროცესი დაიწყო და როგორც იელენმა მიანიშნა, ეკონომიკის ზრდის ახლანდელი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, მომავალ წელს განაკვეთი კიდევ ოთხჯერ აიწევს. ამასთან, ყოველი აწევა იმავე 0.25%-ით მოხდება, რათა ამ პროცესმა უარყოფითად არ იმოქმედოს ინფლაციასა და ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესზე.

სხვათა შორის, საკმარისზე მეტი მიზეზი იყო იმისათვის, რომ FOMC-ს კიდევ ერთხელ გადაედო საპროცენტო განაკვეთის აწევის დაწყება. გავრცელებული ინფორმაციით, FOMC-ის სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე, იელენმა მიიღო ექსპორტიორთა ასოციაციის წერილი, რომლითაც ის FOMC-ს განაკვეთის აწევის გადადებას სთხოვდა. მაგრამ კომიტეტმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

უნდა ითქვას, რომ მთავარი პრობლემა, რომელსაც ექსპორტიორების მსგავსად, FOMC-იც უფრთხოდა, განაკვეთის აწევის შემდეგ, დოლარის კურსის სწრაფი გამყარება უნდა ყოფილიყო. გარდა განაკვეთის აწევისა, ამერიკული ვალუტის კურსის ზრდა, იელენის გამოსვლასაც შეიძლებოდა გამოეწვია. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ მას ეგრეთ წოდებული ქორული გამოსვლა ექნებოდა. მაგრამ მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მომხდარი ბაზარმა იმაზე გაცილებით მშვიდად აღიქვა, ვიდრე ყველა ელოდა. არ მომხდარა დოლარის კურსის ისეთი კატასტროფული მოძრაობა, როგორიც მაგალითად, ორი კვირით ადრე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და მისმა პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ გამოიწვიეს. მაშინ ევრო/დოლარის კურსი 450-ზე მეტი პუნქტით გაიზარდა.

არსებობს მოსაზრება (არცთუ უსაფუძვლო), რომ გარკვეულწილად, ECB-ს 3 დეკემბრის გადაწყვეტილებამ და დრაგის გამოსვლამ შეუწყო ხელი იელენის და FOMC-ის გაბედულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ექსპორტიორთა თხოვნას მხედველობაში მიიღებდნენ. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ 3 დეკემბრის შემდეგ, საპროცენტოს აწევის დასაწყებად, საუკეთესო გარემო პირობები შეიქმნა. ბაზრისთვის კიდევ უფრო კარგია ის, რომ ამ პროცესის დაწყებას, არც ამერიკელი ექსპორტიორების ინტერესი დაუზარალებია. მართალია, დოლარს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მისმა ფასმა ახალ წლამდე ზრდა გააგრძელოს, მაგრამ ეს მკვეთრად არ მოხდება, რაც შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.

მოკლედ, ყველაზე კრიტიკული მომენტი გავლილია. და როგორც კოსმონავტები იტყვიან ხოლმე, ჯერჯერობით, „ფრენა ნორმალურია“.

მერაბ ლორთქიფანიძე