მსოფლიო

ევროპაში ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირ შეფუთვაში გაიყიდება

ევროპულმა სასამართლომ (ECJ) უარი თქვა თამბაქოს კომპანიების სარჩელის განხილვაზე და კანონიერად მიიჩნია ხელისუფლების მოთხოვნა, რომლის თანახმად სიგარეტის რეალიზაცია სპეციალურ, უნიფიცირებული დიზაინის შეფუთვაში უნდა მოხდეს და ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირ შეფუთვაში გაიყიდება. ინფორმაციას Sky News–ი ავრცელებს.

ECJ–ის გადაწყვეტილებით, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა და რომლის გადაწყვეტილებებიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ევროკავშირის ტერიტორიაზე სიგარეტები უნდა გაიყიდოს სტანდარტულ კოლოფებში, რომელთა ფართობის 65%–ზეც უნდა იყოს განთავსებული გაფრთხილება მოწევის მავნებლობის შესახებ.

Sky News–ის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად წერტილს უსვამს თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთა და ევროკავშირის ხელისუფლებებს შოროს დაპირისპირებას. ამასთან, ეს გადაწყვეტილება აუქმებს სამართლებრივ ბარიერებს იმისთვის, რომ 2020 წლიდან აკრძალულ იქნას მენთოლიანი სიგარეტები, ასევე ელექტრონული სიგარეტების რეკლამა.

ახალი წესები ძალაში 20 მაისიდან შედის, თუმცა რითეილერებს უფლება აქვთ, დარჩენილი პროდუქცია ერთი წლის განმავლობაში გაყიდონ.

სიგარეტის ახალი კოლოფები შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ ახალგაზრდობა დაცული იქნას ამ მავნე ჩვევისგან. კოლოფები ერთნაირი იქნება, ყოველგვარი საფირმო ფერებისა და მწარმოებელთა დასახელების გარეშე.

ევროკავშირში იმედი აქვთ, რომ ეს ზომა საშუალებას მისცემთ, შეამცირონ მწეველთა რაოდენობა 2,4 მილიონი ადამიანით და აღკვეთონ ამ მიზეზით 700 ათასი ადამიანის ადრეული გარდაცვალება.

სიგარეტების სტანდარტულ კოლოფებში გაყიდვის ინიციატივას თამბაქოს გიგანტები – Philip Morris International–ი და British American Tobacco აპროტესტებდნენ.

აისახება თუ არა ეს სიახლე საქართველოზე?  „თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი” გიორგი ბახტურიძე აცხადებს, რომ ეს თემა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან ჰარმონიზაციას უკავშირდება, შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოზე აუცილებლად უნდა გავრცელდეს.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 20 მაისიდან საქართველოში ეს შეზღუდვა არ მოხდება, თუმცა, 2-3 წლიან პერიოდში ჩვენი ქვეყანა ამ პროცესს აუცილებლად უნდა შეუერთდეს. ბახტურიძე აცხადებს, რომ ძალიან მოკლე დროში უნდა დაიწყოს მთავრობაში ამაზე მსჯელობა.

„ზუსტად რა ვადებში განხორციელდება საქართველოში, არ ვიცი, თუმცა ახალ კანონპროექტში მოვითხოვთ, რომ ეს ევროდირექტივა ასახული იყოს. ასე თუ არ მოხდება, ჩვენი ალიანსი აუცილებლად მოითხოვს ამას, რადგან როდესაც ევროდირექტივა ძალაში შედის, ის ასოცირებული წევრებისთვისაც სავალდებულო ხდება ჰარმონიზაციის თვალსაზრისით,”-აცხადებს ბახტურიძე.

მისივე ინფორმაციით, ეს დირექტივა ბაზარზე არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს და მოხმარებას არ შეამცირებს, თუმცა, ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის თამბაქო მიმზიდველობას დაკარგავს. „ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვები და ახალგაზრდები მოწევას ლამაზი შეფუთვის გამო იწყებენ. ამ დირექტივით კი თამბაქოს კოლოფი მიმზიდველი აღარ იქნება. შესაბამისად, ინტერესი ბავშვების მხრიდან ნაკლები იქნება”-აცხადებს ბახტურიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ აუმოქმედებია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის მექანიზმი.

commersant.ge