17/05/2024
Latest:
საზოგადოება

გიორგი გოგოლაძე: “ფეხბურთის ფედერაცია “ადიდასის” სასაქონლე ნიშანს არალეგალურად იყენებს”

„ადიდასი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კომპანიის სასაქონლე ნიშნის არალეგალურად გამოყენებაში ადანაშაულებს.

აღნიშნული განცხადება „ადიდასის” წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი გოგოლაძემ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  გოგოლაძე ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, აღმოფხვრას აღნიშნული ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის განხილვა გადაინაცვლებს სასამართლოში და საერთაშორისო საფეხბურთო სკანდალი გარდაუვალი გახდება.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არაოფიციალურად, არალეგალურად იყენებს „ადიდასის” ნიშანს საფეხბურთო მაისურებზე. აღნიშნულ ნიშანს ფეხბურთის ფედერაცია იყენებს 17 წლამდე, 19 წლამდე, ქალთა ნაკრებებისა და ბავშვთა აკადემიის მაისურებზე. აღნიშნული ეკიპირება იკერება საქართველოში არალეგალურად და ამას ხელს უწყობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ვაჟა ჟვანია.

არ გვინდა, ამ ეტაპზე სამართლებრივ გზებს მივმართოთ და „უეფა” და „ფიფა” ჩავრიოთ საკითხში, ამიტომ ჯერჯერობით სიტყვიერად მოვუწოდებთ ფედერაციას, რომ აღმოფხვრას აღნიშნული დარღვევა. ასევე მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და მიიღოს სათანადო ზომები, რათა თავიდან ავირიდოთ საერთაშორისო საფეხბურთო სკანდალი”

-განაცხადა გოგოლაძემ.

რეპორტიორი