სხვა

„ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, არის ამ ხელისუფლების პანიკური და აგონიური რეაქცია” – საბა ბუაძე

ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, არის ამ ხელისუფლების პანიკური და აგონიური რეაქცია, – ამის შესახებ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საკრებულოს დეპუტატმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

„ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში, არის ამ ხელისუფლების პანიკური და აგონიური რეაქცია. ეს არის ძალიან ცალსახა ხაზგასმა იმისა, რომ ეს პროტესტი მიმდინარეობს სწორი მიმართულებით და ზუსტად ამას უკავშირდება ის ძალადობა და ძალადობის მცდელობები, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ. პირველ რიგში, მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ გამოაქვეყნოს სრული ინფორმაცია დაკავებულებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რამდენი ადამიანი არის დაკავებული, უნდა ვიცოდეთ როგორი არის მათი მდგომარეობა და ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან უნდა ვიცოდეთ რეალურად რა ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ის ძალიან ბევრი ძალადობის შემთხვევა, რომელიც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, არ დარჩეს პასუხგაუცემელი. თითოეულმა პოლიციელმა, თითოეულმა ფორმიანმა ადამიანმა და საჯარო სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მათზე არის პასუხისმგებლობა, არ გახდნენ ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის თანამონაწილეები. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც დიახაც არიან ამ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის ნაწილი და არავის ეგონოს, რომ ნიღბებს ამოეფარებიან და ამით გაექცევიან პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება ივანიშვილის მიმართაც და მისი მარიონეტების მიმართაც, მაგრამ ასევე დადგება თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ძალადობს ქართველ ახალგაზრდობაზე, სკოლის მოსწავლეებზე მათ შორის, სტუდენტებზე მათი თავისუფალი და მშვიდობიანი პროტესტის გამო. ეს ტერორის მცდელობა იქნება ფუჭი იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ახალგაზრდობას ეს ვერ გააჩერებს. ამ ქვეყანაში საქართველოს გადარჩენის საქმეს ეს ვერ გააჩერებს, ამიტომაც ყველას ვალდებულებაა იდგეს მორალურადაც და სამართლებრივადაც სწორ მხარეს“, – განაცხადა ბუაძემ.

კომენტარის დატოვება