გლდანის გამოცოცხლების არქიტექტურული გეგმა მილანში წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა
მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრების პროექტი მილანის არქიტექტორთა კავშირის და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა.
როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ალექსანდრე ანდღულაძის და ნიკოლოზ ლეკვეიშვილის ერთობლივი სამაგისტრო პროექტის თემა: საბჭოთა მასობრივი მშენებლობის პოლიტიკას და საბჭოთა უბნების ანალიზს ეხება, Transformation of Soviet district: formation of time bank community, პროექტის ხელმძღვანელი ცნობილი იტალიელი არქიტექტორი სტეფანო ბოერია.
ქართველმა სტუდენტებმა არქიტექტურულ პროექტში ინტერვენციის ტერიტორიად გლდანი შეარჩიეს და სამაგისტრო პროექტში საბჭოთა მასობრივი მშენებლობის ერთ-ერთი ნიმუშის – გლდანის გამოცოცხლების და უბნის ცენტრალურ ღერძზე არსებული სამი მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი შენობის ტრანსფორმაციის გეგმა წარმოადგინეს.
”პროექტის მიზანი, გლდანის ტერიტორიაზე მინიმალური ჩარევით, მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყო, რომლის განხორციელების მეთოდოლოგია, მაგისტრებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული გლდანის მსგავსი უბნების და იქ არსებული პორბლემების გადაწყვეტის ანალიზის და შესწავლის შედეგად ჩამოაყალიბეს”, – აცხადბენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, თბილისში და კერძოდ გლდანში, არსებული რეალობის გადმოსაცემად, არქიტექტორებმა კონსულტაციები თბილისის სხვადასხვა საზოგადოებრივ მოძრაობასთან გაიარეს, რომელთა ხედვაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს როგორც უბნის ისე მთლიანად ქალაქის განვითარებას.
წყარო: Fortuna.ge