23/05/2024
Latest:
ეკონომიკა

შოთა გულბანი – ინდუსტრიალიზაციის კუთხით საქართველო ნელი ტემპით, თუმცა სტაბილურად პროგრესირებს

შოთა გულბანი

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ პრეზიდენტი

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება იმ პარტიის ეკონომიკური პროგრამის დეტალები, რომელიც სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ლიდერის პოზიციაზეა, საუბარია „ქართულ ოცნებაზე“, რომელსაც ამავე რეიტინგების მიხედვით მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „აფბას“ მიერ ორივე პარტიის ეკონომიკური პროგრამების ცალკეული მიმართულებები, დასაქმება, უმუშევრობა, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები, აქტიურად განიხილება. ამ ეტაპზე კი, ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა შეეხება აღნიშნული პარტიების ინდუსტრიული განვითარების პოლიტიკას.

არსებული რეალობა

საქართველოს ეკონომიკამ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. მოხდა მთელი რიგი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესის კეთების სიმარტივის და ზოგადი მაკროეკონომიკური სურათის გაუმჯობესების კუთხით ასევე სახეზეა საგრძნობი პროგრესი,  თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, 3.7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით 32,3% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფია, რაც შეუსაბამოდ დიდი ციფრია ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც საქართველოა და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სიღრმისეული გადააზრების საჭიროებაზე მეტყველებს.

მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ტურიზმისა და მომსახურების ეკონომიკიდან, წარმოების ეკონომიკაზე აიღოს მთავარი ორიენტირი, სადაც გადამწყვეტი ადგილი  ინდუსტრიულ სექტორს უჭირავს. სწორედ ინდუსტრიული სექტორი არის ეკონომიკის ის ძირითადი ღერძი, რომელიც ქმნის ყველაზე მეტ დამატებით ღირებულებას, ასაქმებს ადამიანებს, უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრადობას და ეკონომიკურ ზრდას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ქვეყანამ სრული დეინდუსტრიალიზაცია განიცადა. იმ პერიოდისათვის არსებული ათობით მაღალტექნოლოგიური ქარხანა განადგურდა და მათი დიდი ნაწილი ჯართად გაიყიდა. ამით საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა და ინდუსტრიული სექტორის მოშლით ქვეყანა აგრარული სექტორის ანაბარა დარჩა, იმ სექტორისა, რომელზეც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 52% მოდის და რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 9,2%-ს ქმნის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამუშაო ძალის აბსოლუტური უმრავლესობა, ეკონომიკური დოვლათის შექმნაში ვერ ღებულობს მონაწილეობას.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მმართველ ძალას, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინდუსტრიული პოლიტიკა არ გააჩნია და მის წინასაარჩევნო პროგრამაშიც სულ ერთხელ არის სიტყვა ინდუსტრია ნახსენები. კერძოდ პროგრამაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნება“ შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ტიპის დოკუმენტი იქნება ის და საერთოდ შეიქმნება თუ არა, შესაბამისად მისი შეფასება ვერ მოხერხდება, თუმცა თუ გადავხედავთ „ქართული ოცნების“ ოთხ წლიანი მმართველობის პერიოდს, გარკვეული ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს და ინდუსტრიული პოლიტიკის არ არსებობის პირობებში, ამ მიმართულებით პროგრესი ქვეყანამ ნამდვილად განიცადა.

კერძოდ, მრეწველობის განვითარების კუთხით, 2012 წლის შემდგომ შეიქმნა ახალი ინსტიტუტები, რომელთა ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მრეწველობის სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით, მიმდინარე ეტაპზე სამი სახელმწიფო ორგანო ფუნქციონირებს:

  • მეწარმეობის განვითარების სააგენტო;
  • საპარტნიორო ფონდი;
  • საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი;

 „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ინდუსტრიული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა საქართველოში და გულისხმობს სამი მიკრო დონის ჩარევას, ესენია: ფინანსური ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და საკონსულტაციო დახმარება.  დღევანდელი მდგომარეობით, პროგრამას ყავს 139 ბენეფიციარი, ხოლო პროექტების ფარგლებში მოსალოდნელი ინვესტიციები 360 მილიონ ლარს უტოლდება.

„საპარტნიორო ფონდი“ ინდუსტრიული პოლიტიკის განვითარების მხრივ, მეორე მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს წარმოადგენს. ფონდის მიზანია, კომერციულად მომგებიანი პროექტების მხარდაჭერა ეკონომიკის პრრიორიტეტულ სექტორებში. საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებულ მნიშვნელოვან აქტივებს შორისაა საქარტველოს რკინიგზა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპანია. მას აქვს დაახლოებით 1,4 მილიარდი აშშ დოლარის საერთო აქციები, 2,95 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ჯამური აქტივები, ასევე თითქმის 50 მილიონი დოლარი ყოველწლიურად ინვესტიციების თანადასაფინანსებლად.

„ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი“ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შეიქმნა 2014 წელს და ამჟამად ეკონომიკის სამნისტროს დაქვემდებარებაშია. მის მიზნებს წარმოადგენს ინდუსტრიული განვითარების პროექტების შემქნა, ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაცია და ბიზნეს გეგმების მომზადება. დღეისათვის ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტების საერთო საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ეს ინსტიტუტები სავარაუდოდ არ შექმნილა სახელმწიფოს ერთიანი ინდუსტრიული პოლიტიკის ფარგლებში, თუმცა მათი საქმიანობის ხასიათი მნიშვნელოვნად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ემსახურება საქართველოში ინდუსტრიულ განვითარებას.  არსებული ტემპის გათვალისწინებით კი, შესაძლებელი იქნება ნელი, თუმცა სტაბილური პროგრესის შენარჩუნება.

მრეწველობის წილი ეკონომიკაში დღეს

მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიული განვითარების კუთხით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არანაირი ხელშემწყობი პოლიტიკა არ გატარებულა, მრეწველობა კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ 2015 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში მრეწველობაზე 16,5% მოდის, რომელსაც ოდნავ უსწრებს ვაჭრობა 16,6%-ით.

აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშპ-ში ინდუსტრიული სექტორის დიდი წილი არ გულისხმობს იმას, რომ ეს სექტორი ბევრ დამატებით ღირებულებას ქმნის, თუ ინდუსტრიული სექტორის ქვე სექტორებს ვნახავთ, 2015 წლის მონაცემებით მთლიანი მაჩვენებლის 69,2%-ს შეადგენს ე.წ. დამამუშავებელი მრეწველობა, დანარჩენი წილი კი გადანაწილებულია სამოთმომოპოვებელ მრეწველობაზე, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებაზე, და პროდუქციის გამოშვებაზე შინამეურნეობების მიერ. შესაბამისად, დამამუშავებელი მრეწველობა, რომელსაც გააჩნია ე.წ. „გადაღვრის ეფექტი“ (Spillover effect) და ქმნის ბევრ სამუშაო ადგილს, საერთო ინდუსტრიულ სექტორში მცირე წილით არის წარმოდგენილი, თუმცა გასულ წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია, რაც დაკავშირებბულია ზემოთ ხსენებული ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინდუსტრიულ პოლიტიკას, წარსული გამოცდილებიდან ნათელია, რომ მათთვის წლების განმავლობაში შეუცვლელ დოგმას წარმოადგენდა დერეგულაცია, პრივატიზაცია და ლიბერალიზაცია, რამაც მრეწველობის სფეროში უკიდურესი რეგრესი განაპირობა. მათ წინასაარჩევნო ეკონომიკურ პროგრამაში კი რათქმაუნდა ინდუსტრიულ განვითარებაზე არაფერი წერია.