02/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ინიციატივა “სიცოცხლე გრძელდება” სახელმწიფოებრივი საქმეა”

ღია წერილი

საქართველოს პრემიერ მინისტრს,

პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული

ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”

თავმჯდომარეს” ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

(გამოხმაურება ინიციატივაზე: “ცხოვრება გრძელდება”)

 

ბატონო გიორგი,

გულწრფელად ვადასტურებ ჩემს პატივისცემას თქვენდამი, როგორც მოწესრიგებული, სიტყვის კაცის, პროფესიონალი და მაღალი პასუხისმგებლობის სახელმწიფო მოღვაწისადმი. თქვენ დღეს ღირსეულად და საიმედოდ გიჭირავთ საქართველოს სახელმწიფოს მთავრობის მეთაურის პოსტი. ასევე, საიმედოდ ჩაიბარეთ და შეუდექით მოღვაწეობას პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის თანამდებობაზე ყველა განზმომილების მიხედვით ქვეყნისთვის ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი პასუხისმგებლობა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარების მიზნით.

დღემდე ჩემი ცხოვრებისეული განვლილი გზა მაძლევს იმის უფლებას გამოვხატო პირადი დამოკიდებულება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებისადმი და ღიად დავაფიქსირო, რომ მხარს ვუჭერ “ქართულ ოცნებას” და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში კანონიერი გზით მე და ჩემს ირგვლივ მყოფნი ყველაფერს გავაკეთებთ “ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვებისთვის.  

მინდა გაცნობოთ იმის შესახებაც, რომ მრავალთა შორის მეც ვარ ერთ-ერთი უდანაშაულო მსხვერპლი სააკაშვილის უღმრთო, წარმართი რეჟიმის. ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის, პროფესიით ჟურნალისტის ძირითადი დანაშაული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში მდგომარეობს. 2003-2012 წლებში საქართველოს გადაგვარების, მისი მოსახლეობის დამონების მცდელობისათვის, ამ მიზნით ჯოჯოხეთური რეჟიმის შექმნისათვის ქვეყნის და ხალხის შემარცხვენელის, მაოხრებელი კრიმინალის, პირადად გიჟვრაცუა მიშას და მისი უახლოესი დამნაშავეთა წრის _ “ხელის ბიჭების” ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან ამოძირკვისათვის მებრძოლი ვიყავი და დავრჩები სიცოცხლის ბოლომდე.

ჩემს თავთან მართალი არ ვიქნები, რომ სახალხოდ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მეამაყება, რომ მომსწრე გავხდი მისი ძალისხმევით სრულიად ახალი, ნამდვილად დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის საფუძველის ჩაყრას.  უფლის ნებით ალბათ კიდევ მექნება საშუალება თვალი მივადევნო ამ მიმართულებით მის მოღვაწეობას და გარჯას. ბატონი ბიძინას გამჭრიახმა, სიბრძნისეულმა, რისკიანმა და სხვებისაგან გამორჩეულმა სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალულმა მოღვაწეობამ განაპირობა 2012 წლის პირველი ოქტომბერი.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ბიძინას თავდადება, ხალხისა და ქვეყნისადმი უდიდესი სიყვარული, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის მამულიშვილური მოვალეობის იმუნიტეტი, რომელიც მასში ასე ძალუმად იგრძნობა, თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან, ხალხის უმრავლესობის უპირობო მხარდაჭერასთან ერთად თავის დადებით შედეგებს გამოიღებს; 2016 წლის 8 ოქტომბერს “ქართული ოცნება” ქვეყანაზე მოფიქრალ და მოჭირნა¬ხულე კონსტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რომ უახლოეს ხანში საქართველომ მიაღწიოს მის მთავარ სტრატეგიულ მიზანს _ ბატონ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს თუ დავესესხები: “თავისუფლებას, უსაფრთხოებას, თვითმყოფადობას, კეთილდღეობასა და მსოფლიო პროგრესის პროცესში ჩართულობას!”

ბატონო გიორგი,

მთავარი რამაც ეს წერილი დამაწერინა გახლავთ თქვენს მიერ გაჟღერებული ინიციატივა: “სიცოცხლე გრძელდება”, თქვენ ამ ინიციატივით ქვეყნის შვიდასი ათასი ასაკით პენსიონერის დიდი ყურადღება მიიპყარით, ბევრის ქება-დიდება და ლოცვა დაიმსახურეთ, რომ დღევანდელი მთავრობა “ჩარეცხვას” არ უპირებს, პირიქით ხანდაზმულთა ღირსეულ პატივგებაზე, ქვეყნის სამსახურში ჩაყენებაზე ფიქრობს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველა ახალ ინიციატივას, ახალ საქმეს თავისი ოპონენტები გამოუჩნდებიან ხოლმე … კარგი იქნება, თქვენი ეკონომიკური გუნდიდან ვისაც ხელეწიფება გააკეთონ საჭირო ახსნა-განმარტებები ამ საშვილიშვილო წამოწყებასთან დაკავშირებით ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს. ეს საერთო საქმეს წაადგება.

რა თქმა უნდა თავისი ასაკის, თუ ფიზიკური შესაძლებლობების გამო, ყველა პენსიონერი ვერ შეძლებს ამ ფერხულში ჩაბმას, მაგრამ დღევანდელ სინამდვილეში წინა ხელისუფლების მიერ ბევრნი არიან “ჩარეცხილი” შრომის პენსიონერები, რომლებიც თავიანთი პროფესიების მიხედვით გამორჩეულები, წარმატებულები იყვნენ და არიან. არავინ იფიქროს, რომ ეს ჭარმაგი ადამიანები განსაკუთრებულ თანამდებობებს, პრივილეგიებს მოითხოვენ ან დისონანს შეიტანენ, რომელიმე დაწესებულების საქმიანობაში, პირიქით, დამერწმუნეთ ისინი თავიანთი რჩევებით, კონსულტაციებით და სხვა საჭირო საქმიანობებით დიდ სიკეთეს მოიტანენ.

როგორც მოგახსენეთ თქვენი ინიციატივა “სიცოცხლე გრძელდება” უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი საქმეა. იგი ძველი და ახალი თაობების დაახლოების უებარი საშუალებაა, მისი განხორციელება რელიგიური თვალსაზრისითაც უდიდესი მადლია. ყველაფერი ეს ჩემს თავზე გამოვცადე; როდესაც შურისმაძიებელი, გიჟვრაცუა სააკაშვილის პირადი დავალების შესაბამისად 2010 წლის იანვარ-მარტში ჩემს მიმართ მოეწყო “ჭკუის სასწავლებელი” ტყვიის გარეშე ტერორისტული ქმედებები. ამ რეპრესიების შემდეგ, იმ საშინელ და ავადსახსენებელ პერიოდში ყველასაგან მიტოვებულს და მარტოდ მყოფს დახმარების ხელი გამომიწოდეს რადიო “კომერსანტის” მესვეურებმა და დღემდე შესანიშნავი ახალგაზრდების გარემოცვაში ვსაქმიანობ. ამ ღირსეულმა ადამიანებმა ჩემდამი გვერდში დგომით, თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულებებით დათრგუნული სიცოცხლე შემინარჩუნეს და მას აზრი შესძინეს. დღეს საკუთარ ოჯახთან ერთად მათი სახით მეორე დიდი ოჯახი გამაჩნია.

მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ჩემი მეგობრები საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირში, რომლის პრეზიდიუმის წევრად დღესაც აქტიურად ვსაქმიანობ. ასევე, როგორც ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი დაინტერესებული ვარ და ვიკვლევ თანამედროვე ჟურნალისტიკაში მიმდინარე პროცესებს და პრობლემებს, ჩემს მოსაზრებებს სიამოვნებით გადავცემ ახალგაზრდა კოლეგებს. ასე, რომ უდანაშაულოდ გადატანილი რეპრესიების შემდეგ და დღემდე სამართლიანობის აღდგენის ძიებაში მყოფი სამოცდათორმეტი წლის კაცი კეთილი ადამიანების ხელშეწყობით დასაქმებული რომ ვარ, უაღრესად სიცოცხლისუნარიანად ვგრძნობ თავს. სიცოცხლე მართლაც გრძელდება… ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იგი ჩემგან უშურველად, უბოროტოდ და დიდი სიყვარულით გადადის საზოგადოების დიდ ნაწილში, ნაცნობ-მეგობრებში, ახლობლებში, ჩემს მონაგარში: შვილებში, შვილიშვილებში და შვილთაშვილებში …

სრულებითაც არ მინდა მავანმა იფიქროს, რომ თითქოს საშუალება გამოვძებნე და საკუთარი თავის წარდგინება უზრუნველვყავი. არამცდაარამც, როგორც რიგითმა პენსიონერმა ჩემი მაგალითი ფაქტად გამოვიყენე, სხვის ძიებას აღარ შევუდექი. ეჭვი არ მეპარება, რომ მომენდომებინა აღმოვაჩენდი…, ასევე იმაშიც ღმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემზე უკეთესი განვლილი საინტერესო ცხოვრებისეული გზის, მაღალპროფესიონალი, განსწავლული ბევრი ხანდაზმული ჯანღონით სავსე და საღი გონების სხვადასხვა სპეციალობების მქონე მოქალაქეების შესაძლებლობები დღემდე გამოუყენებელია. პენსიონერები მარტო არჩევნებში ხმების მისაცემად და სტატისტის როლში არ უნდა განიხილებოდნენ. დღეს მათი ხმების მოპოვებისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში რიგი პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები პენსიებზე ფსონების მომატების თაღლითურ თამაშში არიან გართულნი. ამას ყველაფერს პენსიონერები კარგად ვხედავთ და ვხვდებით. ჩვენზე დღევანდელი ვირტუალური დაპირებები და იაფფასიანი ტრიუკები აღარ სჭრიან…

დღეს საქართველოში რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გონებადახშული და შურით დაბრმავებული უნდა იყოს კაცი, რომელიც ვერ ხედავს და აღიქვამს განვლილ ოთხ წელიწადში საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის თავისუფლების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის დამკვიდრებისათვის, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის გაწეული საქმიანობის შედეგებს, ასევე ისეთი ვითარების დამკვიდრებას, როდესაც თანამოქალაქეთა შეხსენების გარეშეც ხდება აღიარება თანაცხოვრების ყველა სფეროში არსებული ნაკლოვანებების, ჯერ კიდევ გადაულახავი პრობლემების, ხმაურის გარეშე ისახება მათი მოწესრიგების, გადაწყვეტის რეალური პროგრამები და გზები. ამიტომაც დღევანდელ ჩვენს მომართვაში კონკრეტულად თქვენს მიერ ინიცირებულ ერთ ახალ წამოწყებაზე გავამახვილე ჩემი ყურადღება.

პატივცემულო გიორგი,

მე ძირითადი სათქმელი გითხარით. გულწრფელად ვარ დარწმუნებული, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ პირველივე კანონს, რომელსაც მიიღებს საქართველოს პარლამენტი და “ქართული ოცნების” უმრავლესობა სწორედ ინიციატივის: “სიცოცხლე გრძელდება” საკანონმდებლო პაკეტი იქნება.

ვხედავთ და გვესმის თქვენი ხელმძღვანელობით არჩევნების უპირობო მოგებისათვის, როგორ დაუღალავად იღწვიან ყველა ქალაქსა და რაიონში პარტიის წევრები, შტაბები, აქტივისტები, მხარდამჭერები. მათ შორის, ახალგაზრდები, მაგრამ თუ თქვენს მხარდამჭერ, ცნობილ ღვაწლმოსილ ადამიანებთან ერთად არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში რიგით პენსიონერებსაც შესაძლებლობების ფარგლებში საზოგადოებრივ საწყისებზე დაგვასაქმებთ კარგი იქნება.

ბევრ ჩვენთაგანს გააჩნია ხალხთან ურთიერთობების, საორგანიზაციო საკითხების მოგვარების საინტერესო და საკმარისი გამოცდილება. რაც მთავარია გვაქვს ამის მორალური უფლება და შეგვწევს ძალა და უნარი. ყველაფერს ამას ვითხოვთ არა რაიმეს საფასურად, არამედ უშურველად, ყოველგვარი ანგარების გარეშე, იმის საფასურად, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2016 წლის 8 ოქტომბერს ღირსეულად დაიცვას და დამაჯერებლად განამტკიცოს 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი, რომელშიც იოტისოდენა ეჭვიც არ გვეპარება.

აღნიშნულთან და ზოგიერთ საყურადღებო პროექტთან დაკავშირებით პირადად გვინდოდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ვერ მოხერხდა, ამიტომ როგორც ჟურნალისტმა გაზეთის საშუალებით მოგმართეთ და თუ ძალიან არ დავაგვიანე, გთხოვთ შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთ ჩემს მიერ მოხსენიებული.

 

პატივისცემით და გამარჯვების რწმენით,

 

დავით წერეთელი,

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი