17/05/2024
Latest:
საზოგადოება

ფალსიფიცირებული ყავა – რას სვამენ ქართველები?

კონკურენციის სააგენტომ ყავის ბაზარზე დარღვევები აღმოაჩინა. ბაზრის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა ყავაში სხვადასხვა მინარევების დამატებას. შესაბამისად, კონკურენციის სააგენტო ბაზარზე რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს. ყავის ფალსიფიკაცია არათუ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბური პრობლემაა. პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად მატულობს, მაგრამ საკმარისი ნატურალური ნედლეული არ არსებობს. შესაბამისად, ფალსიფიკაციას ფართო გასაქანი ეძლევა.

„ყავის სასაქონლო ბაზრებზე (ნალექიანი/ხსნადი) მონიტორინგის წარმოების პროცესში მოწვეული ეკონომიკური აგენტები, ყავის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ცალსახად ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ შესაბამის სასაქონლო ბაზარზე ადგილი ჰქონდა ყავაში სხვადასხვა მინარევების დამატებას. ასეთი მინარევი შესაძლებელია ყოფილიყო ბარდა, მუხუდო, სოია და სხვა. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში არ იყო ინფორმირებული, შეფუთვის დროს შესაბამისი ინგრედიენტების შესახებ ეტიკეტზე მითითება არ კეთდებოდა. ისინი ასევე არ გამორიცხავდნენ პროდუქციის ფალსიფიცირების ფაქტების არსებობასაც“, – აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.

პროდუქციის შემცველობის კონტროლი ანდა მისი ფალსიფიცირების ფაქტების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად სცილდება სსიპ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებას. ამის მიუხედავად, სააგეტომ შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები. ყავის სასაქონლო ბაზრის მონიტორინგში გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ 2015 წლის დეკემბერში უკვე წარედგინა კიდეც შემდეგი რეკომენდაციები:

1. გამკაცრდეს ყავის პროდუქტებზე ფიტოსანიტარული კონტროლი;

2. უზრუნველყოფილ იქნას პროდუქტებში კონცენტრატების შემცველობის სისტემატიური და ეფექტური კონტროლი;

3. მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გაუმჯობესდეს პროდუქციის ეტიკეტირების წესებისა დაცვის მონიტორინგის პროცესი.

მიუხედავად ამისა, მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა. მონიტორინგის შემდგომმა პერიოდმა აჩვენა, რომ კონკურენციის სააგენტოს ვარაუდი ყავის ბაზარზე შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით დადასტურდა. კერძოდ, 2016 წლის აგვისტოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა დიდი რაოდენობით ყავის ფალსიფიკაციის ფაქტი.

საერთოდ, ყავის ფალსიფიკაცია მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. პროდუქციაზე მოთხოვნილება სწრაფად იზრდება, ნატურალური ყავის წარმოების ზრდა კი ვერ ხერხდება. ის კი არადა, ბოლო კვლევებით, საგანგაშო სურათიც გამოიკვეთა. გლობალური დათბობის გამო, მილიარდობით ადამიანის საყვარელი სასმელი ყავა 2080 წლისთვის, შესაძლოა, აღარ არსებობდეს.

„კლიმატის ინსტიტუტის“ ახალი ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის გლობალური დათბობა ყავის მოსავლის 50 პროცენტს გაანადგურებს. 2080 წლისთვის კი ველური ყავა, ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსი შეიძლება საერთოდ გაქრეს.

„2050 წლისთვის მსოფლიოში ყავის მომყვანი მიწების ნახევარი გამოუსადეგარი იქნება ტემპერატურის მატების გამო. შესაბამისად, გაჩნდება ყავის დეფიციტი, რაც პროდუქტის სრულ გაქრობას გამოიწვევს“, – ნათქვამია „კლიმატის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

სწორედ ამიტომაა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყავის ფალსიფიცირება მიმდინარეობს და მასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. დაფქულ ყავაში მუდმივად ურევენ სოიას, ბარდას, რკოს. მუდმივად მზარდი ბაზრის დაკმაყოფილება სხვა მეთოდით შეუძლებელია. როგორც „სტარბაქსის“ მომარაგების დირექტორმა ჯიმ ჰანა ამბობს, თუ პირობები არ გაუმჯობესდა, რამდენიმე ათეულ წელიწადში ყავის წარმოებას დიდი რისკი შეექმნება.

წყარო: for.ge