ივა ჭყონია: „ქართული ოცნების“ დაპირება სამართლიანობის აღდგენაზე, ვერ ან არ განხორციელდა
ბიზნესმენი, დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია „ქართული ოცნების“ დაპირებაზე საუბრობს და აცხადებს: „2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მათ უამრავი დაპირება გასცეს, თუმცა შემდეგ რეალობაში აღმოაჩინეს, ზოგი მათგანის შესრულება შესაძლებელი არ იყო“.
„რაზეც „ქართული ოცნება“ მასშტაბურად საუბრობდა სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით ის ვერ, ან არ განხორციელდა. უფრო მინდა, ვიფიქრო, რომ ვერ განხორციელდა.
მაშინ იმდენად უნდოდა „ქართულ ოცნებას“ მოსვლა, რომ დაპირებებიც ძალიან დიდი იყო. ეს დაპირება იყო ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და რეალური მათი მხრიდან, რამაც უფრო მარტივად გადაალახვინა ბარიერი და ხელისუფლებაში მოვიდნენ“,- განაცხადა ჭყონიამ.
„გასაგებია, რომ ოთხმა წელმა კარგად ჩაიარა, სტაბილურობა იყო ბიზნესში და უსამართლოდ არავინ შეხებია მას. შეიძლება, ერთი ორი გადაცდომა იყო, მაგრამ ისეთი მასშტაბური არა, როგორიც წინა პერიოდში.
ვუსურვებდი ამ ხელისუფლებას, რომ ანალოგიური შეცდომები არ დაუშვან. ეს ქვეყნისთვის დამანგრეველია. საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ დღეს. არ ვიცით, ხვალ ლარი რა დღეში იქნება.
ეკონომიკაზე, ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებზე დგას სახელმწიფო და ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ჩვენ გვემსახუროს. ჩვენი გადახდილი გადასახადებით იღებენ სახელმწიფო მოხელეები ხელფასებს. ისინი ვალდებულები არიან ბიზნესს ემსახურონ. რაც უფრო პოპულარულ ნაბიჯებს გადადგამენ ბიზნესის კუთხით, უფრო წარმატებული იქნება ყველა ხელისუფლება“,- აღნიშნა ჭყონიამ.
ბიზნესმენის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ამ გაცემულ დაპირებას „ქართული ოცნება“ მომავალი 4 წლის განმავლობაში მაინც შეასრულებს.
მან მმართველ გუნდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ბიზნესზე წნეხი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ხორციელდებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიზნესზე ძალოვანი უწყებების მხრიდან ჩარევა იყო. ეს ყველაზე არაპოპულარულია. იგივე პროკურატურა, რომელიც საერთოდ არაფერ შუაშია ბიზნესთან, პერმანენტულად იბარებდა ბიზნესმენებს და გარიგებებზე მიდიოდნენ. ეს ძალიან სამწუხაროა. ამან გახადა ხელისუფლება ყველაზე მეტად არაპოპულარული. დაუშვებელია, ბიზნესში ძალოვანი სტრუქტურა ჩაერიოს, მით უმეტეს, პროკურატურა. გასაგებია, რომ მათ დროს შეიქმნა ფინანსური პოლიცია და მან ნაწილობრივ თავის საქმე შეასრულა, თუმცა დაახლოებით 2008-2009 წლის შემდეგ ეს გადამლაშებული იყო. ვფიქრობ, ამან გამოიწვია წინა ხელისუფლების წასვლა.