06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ჯორჯ ველტონი საგადასახადო რეფორმით ინვესტიციების ზრდას ელის

ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი მიიჩნევს, რომ საგადასახადო რეფორმა წაახალისებს რეინვესტირებას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.

ამის შესახებ ველტონმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც უწყებას ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ამ ინიციატივით, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ და განვუმტკიცებთ იმის რწმენას, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისთვის. ვთვლით, რომ სწორედ ეს ინიციატივა შეუწყობს ხელს ქვეყანაში შემოვიდეს მეტი უცხოური ინვესტიცია”, – განაცხადა ჯორჯ ველტონმა და აღნიშნა, რომ საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯი იქნება.

სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი  ამბობს, რომ რეფორმის 2017 წლიდან ამოქმედება ბიზნესისთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო, რათა „ბიზნესს ჰქონოდა საკმარისი დრო დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის, ახალი ინიციატივისთვის სწორად და ადეკვატურად მომზადებისთვის”.

შეგახსენებთ, საგადასახადო რეფორმა 3 ეტაპად ამოქმედდება.

პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს – ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება, რაც ასევე გულისხმობს ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება.

მეორე ეტაპზე მოხდება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება.

მესამე ეტაპი შეეხება საფინანსო სექტორს, რომელზეც კანონპროექტის გავრცელება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება.

წყარო: GBC