“ყოფილი ბანკირი ვარ და მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანია”
ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით, ჩემი პოზიციის დაფიქსირებით გადაწყვეტილება არ შეცვლილა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თავის დროზე, მაშინ როცა ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს, ამაზე კონსესუსი არსებობდა.
”რა თქმა უნდა, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს მაშინ არსებობდა კონსესუსი, შესაბამისად კანონს კენჭი ეყარა. მე არ ვარ კანონმდებელი და მაქვს უფლება, რომ მქონდეს ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. მეტსაც გეტყვით, გარკვეული სენტიმენტები გამაჩნია, ყოფილი ბანკირი ვარ და ამიტომ მიმაჩნია, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი არის მნიშვნელოვანი და დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი, რაც აისახა კიდეც ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ბიზნესის განწყობებზე მომენტალურად. ის, რომ დღეს ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთი კურსით იხედება, ერთი ხედვა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და შესაბამისად ხედავს თუ როგორ უნდა განვითარდეს ფისკალური ან მონეტარული პოლიტიკა, ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებაზე”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ”იმედის” ეთერში.
მისივე თქმით, გავიდა დრო და ბევრი მსჯელობა იყო და მსჯელობამ მოიტანა ის, რაც მოიტანა.
”მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამ მსჯელობების შედეგად. ეს პოზიცია შემეძლო არ დამეფიქსირებინა, თუმცა ჩემი პოზიციის დაფიქსირებით არ შეცვლილა არც გადაწყვეტილება და გამოსატანი აქვს საბოლოო ჯამში უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს. გუნდი არის საკმაოდ მყარი, შედუღაბებული და დარწმუნებული ვარ, ჩვენ საკმაოდ მძლავრად გავივლით არჩევნებამდე გასავლელ გზას და არჩევნებზე გავიმარჯვებთ”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.