27/04/2024
Latest:
ეკონომიკა

,,წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდება”

,,ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 782,814 შეადგინა, რაც 18.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”

მიმდინარე წელს ხელისუფლებამ აქტიური კამპანია დაიწყო ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად და საერთაშორისო ვიზიტორების მოსაწვევად. ამ მიზნით, დაიწყო პროექტი Check In Georgia, რომლის ფარგლებშიც 20 მილიონი დაიხარჯება და მსოფლიო დონის მომღერლების ჩამოყვანა იგეგმება. მიმდინარეობს აქტიური სარეკლამო კამპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მიმდინარე აქტივობებმა შესაბამისი შედეგიც გამოიღო და საქართველოში 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. 2016 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 782, 814 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,8%-ია.

რა მოლოდინი აქვს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ძირითადად რომელი ქვეყნებიდან უნდა ველოდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადებს, რამდენად მომზადებული ხვდება საქართველოს ტურისტული ქალაქები საზაფხულო სეზონს, რა მარკეტინგული კამპანიები მიმდინარეობს ამჟამად, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გაზეთ ,,ბანკები და ფინანსებს” საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესაუბრა.

ბოლო წლების განმავლობაში ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს ყველაფერი და როგორი მოლოდინები გაქვთ სამომავლოდ?

– პირველში დავიწყებ იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ ამ რაოდენობის ტურისტი საქართველოს არასოდეს ჰყოლია. სანამ სტატისტიკურ ციფრებს გაგაცნობთ თამამად გეტყვით, რომ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდება და ჩვენ ახალ რეკორდებს მივაღწევთ. ტენდენცია არის ძალიან დინამიური. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ შევიმუშავეთ ახალი სამოქმედო გეგმა და მთავრობის ერთობლივი და აქტიური ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ დადებითი და პოზიტიური ტენდენციის ჩამოყალიბება საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის გასაზრდელად. ჩვენ ჩავატარეთ აქტიური მარკეტინგული კამპანიები საერთაშორისო მიზნობრივ ბაზრებზე, მოწვეული გვყავდა 400-ზე მეტი ჟურნალისტი, განვახორციელეთ მრავალი სატელევიზიო პროექტი სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ტელევიზიების ეთერში, ავითვისეთ ახალი ბაზრები, შედეგად ერთ წელზე მეტია დაწყებული საერთაშორისო მოგზაურების ზრდის ტენდენცია და პროცესი დღემდე გრძელდება. 2015 წელს ქვეყანას 5,901,094 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წელთან შედარებით +7%-ია. ზრდის ტემპი წელს გაცილებით მაღალია. იანვრიდან მოყოლებული მაისის ჩათვლით, ყოველ თვეში ჩვენ ახალ რეკორდებს მივაღწიეთ, მხოლოდ მაისში საქართველოს 522,359 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,9%-ია.
მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 204,714 შეადგინა. ზრდა +24.3%-ია 5 თვის მონაცემებითაც, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 2,119,275 შეადგინა, ზრდა კი +15.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 782,814 შეადგინა, რაც +18.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

მიმდინარე წელს თურქეთსა და რუსეთს შორის დაიძაბა პოლიტიკური ურთიერთობა. ამავდროულად წლის განმავლობაში რამდენიმე ტერაქტიც მოხდა, რაც ტურიზმზე ნეგატიურად აისახა. რამდენად აქვს საქართველოს შანსი, რომ მოიზიდოს ტურისტთა ის დიდი რაოდენობა, რომლებიც აქამდე თურქეთში ისვენებდნენ?

– პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ რეგიონში განვითარებული ნებისმიერი კრიზისი ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. რაც შეეხება რუსეთს ჩვენ 2015 წლის დასაწყისიდან აქტიურად დავიწყეთ რუსეთის ბაზრის ათვისება და კიდევ უფრო გავააქტიურეთ კამპანიები წლის მეორე ნახევარში.

საქართველოს აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს იმ ტურისტების დიდი ნაწილი, რომლებიც ადრე თურქეთში ისვენებდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს რუსეთის ბაზარზე. წელს რუსეთიდან მოვაწყვეთ არაერთი ინფო და პრესტური, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ეწვია უმარავი ჟურნალისტი და ტურ-ოპერატორი.

ზაფხულის კამპანიის ფარგლებში, ახლახან ჩვენ სტუმრად გვყავდა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის “СТС”-ის გადამღები ჯგუფი. მაღალრეიტინგული სამოგზაურო პროგრამის “Russo Turisto”-ს წამყვანებმა აჭარის რეგიონი მოინახულეს და ნახევარსაათიანი გადაცემა მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ “Russo Turisto”-ს ზაფხულის სეზონის პირველი გადაცემა სწორედ აჭარის ტურისტული პოტენციალის გაშუქებას დაეთმო. ასევე მსოფლიოში პოპულარული პროექტის “Follow me to” გადამღები ჯგუფი, რომლებიც რუსული აუდიტორიისათვის საქართველოს შესახებ 25 წუთიან ტელეგადაცემას იღებენ. უახლოეს მომავალში ჩვენი მოწვევით ჩამოვა ყველაზე რეიტინგული გადაცემა ტურიზმის შესახებ დსთ-ს სივრცეში “არიოლ ი რეშკა”, რომელიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას გააკეტებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ჩართულია ონლაინმარკეტინგულ კამპანიაში. მაისის თვიდან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო პორტალ “Tripadvisor”-ზე ჩვენ ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დავიწყეთ. სარეკლამო კამპანია 10 მიზნობრივ ბაზარს მოიცავს: აზერბაიჯანი, გერმანია, ისრაელი, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი. საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერს 6 თვის განმავლობაში, ათივე ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი იხილავს.

სარეკლამო კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და დამატებით ტურისტული ნაკადების მოზიდვას. ასევე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ინტერნეტ პორტალ “Profi + Travel Expo”-ზე, რომელიც რუსეთისა და “დსთ”-ეს ტურისტულ ბაზარზეა ორიენტირებული ჩვენ ერთკვირიანი მასშტაბური სარეკლამო კამპანია გავმართეთ. სემინარში მონაწილეობდა 2300 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი. კამპანიის მსვლელობისას ონლაინ რეჟიმში საქართველოს სარეკლამო მასალას და ინფორმაციას ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ რუსეთსა და დსთ-ს სივრცეში ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული 100,000-ზემეტი ადამიანი გაეცნო. ვფიქრობ ასეთი ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანია მნიშვნელოვნად გაზრდის რუსი ტურისტების რაოდენობას საქართველოში. სტატისტიკური მონაცემებით კი 5 თვეში რუსეთიდან საქართველოს 303678 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა 19.6%-ით მეტია.

საქართველო და ჩინეთი ტურიზმის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გადადიან. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა სახის ნაბიჯები გადაიდგმება ამ კუთხით?

– რაც შეეხება ჩინეთს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს ჩინელი ტურისტების მოსაზიდად, რომლებიც ყველაზე მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან მსოფლიოში. ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ პეკინში, სადაც შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კონსულტაციებს საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1994 წ. გაფორმებული შეთანხმების ტურისტული ჯგუფების უვიზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდას. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფებისათვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა აღდგება.

საზღვაო კურორტებიდან, ზაფხულში, ძირითადი აქცენტი მუდმივად ბათუმზე კეთდებოდა. ვგულისხმობ, სხვადასხვა აქტივობებს, კონცერტებს, ფესტივალებს, რომლებიც სეზონზე იმართებოდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ანაკლია სადაც GEM Fest-გაიმართა. წელს ამ კუთხით რა მდგომარეობა იქნება, გაქვთ თუ არა რაიმე გეგმები სხვადასხვა ზღვისპირა რეგიონების პოპულარიზაციისათვის, თუ ძირითად აქცენტი კვლავ ბათუმზე გაკეთდება?

– საქართველოს ზღვისპირა რეგიონებიდან აჭარაში ინფრასტრუქტურა ყველაზე მეტად არის მოწესრიგებული და ბათუმს აქვს დიდი რესურსი რომ გრანდიოზულ ფესტივალებსა და კონცერტებს უმასპინძლოს. მიმდინარე წელს ბათუმში ჩასულ სტუმრებს ტრადიციულად მრავალი საინტერესო ფესტივალი და კონცერტი დახვდება. ასევე წელს აქტუალური იქნება ანაკლია, სადაც დაგეგმილია GEM Fest-ი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს ურეკთან ახლოს იგეგმება საკონცერტო დარბაზის (Black sea arena) გახსნა, რომელსაც მრავალი ფუნქცია ექნება და, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს გურიის მხარეში ტურიზმის განვითარებას.

გარდა საზღვაო კურორტებისა, რა მდგომარეობაა სამთო კურორტებზე, რამდენად მზადაა აღნიშნული კურორტები ტურისტთა მისაღებად და თუ იგეგმება რაიმე აქტივობები ამ მიმართულებით?

– ჩვენ 2015 წელს მსხვილი მარკეტინგული კამპანია განვახორციელეთ ზამთრის სეზონისთვის, რაც ქვეყანაში ჩვენი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციას გულისხმობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს სამთო კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, როგორც იცით მეორე წელია ვახორციელებთ პროექტს “გაიცანი საქართველო” რომლის მიზანია საქართველოს მეტმა მოქალაქემ დაიწყოს მოგზაურობა საქართველოში და გაეცნოს სხვადასხვა კუთხეს, მათ შორის სამთო კურორტებსაც. ამ მიზნით ჩვენ რამდენიმე პრესტური მოვაწყვეთ, რაჭაში, სვანეთში, მთიან აჭარაში, ხევსურეთში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს და მონაწილეობს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა სამთო რეგიონებში ტარდება, მაგალითად ახლახანს ვიმყოფებოდით საკურორტე ადგილ საწირეში, ტყიბულის წყალსაცავთან, სადაც სპეციალური ბანაკი მოეწყო. ღონისძიებაში მთელი საქართველოდან ასეულობით მოლაშქრე ღებულობდა მონაწილეობას.

ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურად მონაწილეობს მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ჩვენ ბაკურიანსა და გუდაურში დავაპროექტეთ და შევქმენით ველო ბილიკები მოვაწყვეთ, როგორც იცით ექსტრემალური ტურიზმის მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის, ამიტომ ველოტურიზმის განვითარება ტურისტების მოზიდვას საქართველოში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ასევე, მნიშვნელოვანია სამთო ბილიკების მარკირება, მოწყობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ტრანსკავკასიური მარშრუტების ასოციაციასთან, როგორც იცით იწყება ახალი გრანდიოზული პროექტი, რომლის მიხედვითაც, მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეიქმნება მარშრუტების ქსელი, რომელიც მოიცავს მთელ კავკასიას და დააკავშირებს რეგიონის 20-ზე მეტ არსებულ და დაგეგმილ ეროვნულ პარკს. ზაფხულიდან სვანეთსა და რაჭაში არსებული მარშრუტების გაუმჯობესება და ბილიკების გაკვალვა დაიწყება.

რას გულისხმობს პროექტი Check In Georgia, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო დონის მომღერლების ჩამოყვნა იგეგმება. მთელი ზაფხულის განმავლობაში რა ღონისძიებების გამართვა იგეგმება და როგორი მარკეტინგული აქტივობები გექნებათ ამ მიმართულებით?

– ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მთავრობის ინიცირებული პროექტი Check In Georgia.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მხარს უჭერს პროექტ Check In Georgia-ს, რომლის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით, 19 ქალაქში დაიგეგმა 35 ღონისძიება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებებთან დაკავშირებით ტურიზმის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო ბაზარზე, გამოფენებისა და ონლაინ-მარკეტინგის საშუალებით. რაც ხელს უწყობს მეტი ტურისტის ინფორმირებასა და მათ ჩამოყვანას, უკვე ჩატარებული კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მრავალი ადამიანი დაესწრო.

დღემდე ჩატარებული მარკეტინგული აქტივობებით, რა მოლოდინი გაქვთ, ძირითადად საიდან უნდა ველოდოთ ტურისტების დიდ რაოდენობას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროპიდან თუ ამერიკის ან აზიის ქვეყნებიდან?

– 2015 წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო 25 საერთაშორისო და შიდა ტურისტულ გამოფენაში, განახორციელა 14 მარკეტინგული კამპანია და ჩაატარა 64 პრეს და გაცნობითი ტური. მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება როგორც ევროპის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ამ მომენტში მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანიები 16 ქვეყანაში. შესაბამისად განხორციელებული აქტივობების შედეგად აღნიშნული რეგიონების ქვეყნებიდან მოგზაურთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომავალშიც გაიზრდება.

რამდენად მომზადებული ხვდება საქართველოს ტურისტული ქალაქები საზაფხულო სეზონს. ვგულისხმობთ, საოჯახო და კერძო სასტუმროების რაოდენობას, ფასებს, სერვისს?

– ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აწარმოებს ჩვენი ძირითადი ტურისტული მიმართულებების მონიტორინგს და ცენტრალური და ადგილობრივ მთავრობებთან ერთად ჩართულია პრობლემების კოორდინაციაში, იმისთვის რომ ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ტურისტულ სეზონს.

უცხოეთში ზაფხულის სეზონისთვის მზადება ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ. ჩვენი დაკვეთით მომზადდა საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლი “Summer in Georgia” რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტელეკომპანიების, ინტერნეტგვერდებისა და სოციალური ქსელების საშუალებით უამრავი ადამიანი უყურებს. საიმიჯო ვიდეორგოლი საერთაშორისო მოგზაურებს საქართველოს ზაფხულის ტურისტულ პოტენციალს აცნობს და ის ინგლისურ და რუსულ ენებზეა დამზადებული. გარდა ამისა ჩვენ ზაფხულის აქტივობების პოპულარიზაციის მიზნით მონაწილეობა მივიღეთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში, მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე ჩავატარეთ ფართომასშტაბიანი ონლაინ სარეკლამო კამპანიები.

რაც შეეხება ფასებს, სულ უფრო მეტი საოჯახო და კერძო სასტუმრო იხსნება და მატულობს მოთხოვნა ასეთი ტიპის განთავსების ობიექტებზე, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი. ჩვენ სახელწიფო სტრუქტურა ვართ და ბუნებრივია ფასების რეგულირებას არ ვახდენთ, ფასებს ბაზარი არეგულირებს. რაც შეეხება სერვისს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორისთვის ახორციელებს ტრენინგებს. 2015 წელს საქართველოს მასშტაბით გადავამზადეთ 1100 ადამიანი. ტრენინგები გრძელდება 2016 წელსაც და მოიცავს სხვადასხვა რეგიონსა და სხვადასხვა თემატიკას. მაგალითად:

1. საბაზისო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, სასტუმროს მომსახურე პერსონალისთვის.
2. სასტუმროს საქმე და მომსახურების უნარ-ჩვევები.
3. შშმპ პირთა მომსახურების უნარ-ჩვევები.
4. პირველადი სამედიცინო დახმარება.
5. საგადასახადო კოდექსი და ფინანსური ანგარიშგება.
6. მარკეტინგის და გაყიდვების მხარდაჭერა.
7. ინგლისური ენის კურსები ტაქსის მძღოლებისათვის.
8. აგროტურისტული ობიექტების ოპერირება.
9. გიდის უნარ-ჩვევები.
10. ალპური გამყოლის ტრენინგი.

ესაუბრა ბაჩო ჯინჭარაძე