19/05/2024
Latest:
ეკონომიკა

კობა გვენეტაძე ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორების შენარჩუნების პირობას დებს

ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს.

კობა გვენეტაძე აქტიურ მუშაობას იწყებს. მას რამდენიმე მიმართულებით მოუწევს ნაბიჯების გადადგმა, მათ შორისაა უმთავრესი, სწორი  მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა და ინფლაციის სამიზნე დონეზე შენარჩუნება, ასევე ლარიზაციის ხელშეწყობის გაძლიერება. მან დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის მთავარ პრობლემად ჯერ კიდევ სებ-ის საბჭოს წევრად არჩევამდე დაასახელა.

მას მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციაში ყოფნაც მოუწევს, რათა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი მეტად ეფექტური იყოს.

მედიასთან პირველივე შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ პირობა დადო, რომ მისი მმართველობით სებ-ი „გააკეთებს ყველაფერს, რომ მოხდეს ეკონომიკის წინსვლისათვის აუცილებელი ფაქტორების (ზომიერი, სტაბილური ინფლაცია და ფინანსური სტაბილურობა) შენარჩუნება ქვეყანაში.

კობა გვენეტაძის მაღალ კვალიფიკაციას ენდობა ქვეყნის პრეზიდენტი.

„მიმაჩნია რომ ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ნამდვილად გამოადგება  საქართველოს ეროვნულ ბანკს და იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლის იმედიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს,  კობა გვენეტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე ღია და დემოკრატიული პროცესის შედეგად შეირჩა.

კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პორტფელი 17 მარტიდან, 7 წლის ვადით ჩაიბარა.

წყარო: GBC