17/05/2024
Latest:
საზოგადოება

“კომპანიებს დასაქმებულთა პირადი მიმოწერის გაკონტროლების უფლება არ აქვთ”

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანიები არა თუ უფლებამოსილები, არამედ ვალდებულებიც არიან დასაქმებულთა პირადი მიმოწერა გააკონტროლონ. ეს ასე არ არის“, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა „2030“-ში განაცხადა.

მისი თქმით, კანონის თანახმად, დასაქმებულის მიერ ნებისმიერი პერსონალური მონაცემის დამუშავება არ უნდა იწვევდეს დასაქმებულის ღირსების შელახვას და ასეთი ტიპის ჩარევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის ადეკვატურად, მინიმალური მოცულობით.

„საქართველოში გარკვეული კომპანიები იყენებდნენ ამ მეთოდს, როდესაც ისინი სამსახურებრივი მიმოწერის თუ კომუნიკაციის კონტროლს ახორციელდებნენ. ოღონდ რა თქმა უნდა ნებისმიერი დასაქმებული ამის შესახებ ინფორმირებული უნდა ყოფილიყო. დასაქმებულს ბუნებრივია აქვს გარკვეული უფლებები ამ პროცესში, მათ შორის გაეცნოს რა მონაცემებს ამუშავებს კომპანია მის შესახებ, მოითხოვოს მაგალითად პირადი და სამსახურებრივი კომუნიკაციის გამიჯვნა.

ძირითადად ეს უფრო კერძო სექტორშია გავრცელებული ასეთი ტიპის კონტროლი და გამოიყენება იმ კომპანიების მიერ, რომლებიც მომსახურების სფეროში მოღვაწეობენ. არაერთი კომპანია სოციალური ქსელით თუ მესინჯერით თუ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით სთვაზობს კლიენტებს მომსახურებას…“, – აღნიშნა თამარ ქალდანმა.

ქალდანის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს ქონდა რამდენიმე მიმართვა, რომ შიდა პროცედურებში კომპანიებს ეს უფლებამოსილება კარგად არ ჰქონდათ გაწერილი.

„რამდენიმე კონსულტაცია გავეცით ამ თემაზე. ჩვენი ჩარევის შედეგად აღდგა სწორედ ის ბალანსი და გაემიჯნა სამსახურებრივი და არასამსახურებრივი კორესპოდენცია, ისე, რომ არც კოპანიის და არც მოქალაქის ინტერესები არ დაზარალებულიყო.

ჯერ კიდევ 2014 წელს მოვამზადეთ სპეციალური რეკომენდაციები, შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“,

– აღნიშნა თამარ ქალდანმა.

კითხვაზე, რა ტიპის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების უფლება აქვს დამსაქმებელს, ქალდანმა უპასუხა:

„გააჩნია კომპანიის საქმიანობას, გააჩნია რა ტიპის შრომით ურთიერთობაშია. იგივე მოხელის შემთხვევაში შეიძლება ცოტა განსხვავებული იყოს, საჯარო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე კი სხვა…

მაგალითად ხშირად გვეუბნებიან, როდესაც იღებს დამსაქმებელი თანამშრომელს, რა ინფორმაციის შეგროვება შეუძლია მას, რა წყაროებიდან შეუძლია ამ ინფორმაციის მოპოვება. არის როდესაც იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არის შემთხვევები, როდესაც ნასამართლეობის ცნობა აუცილებელია წარედგინოს დამსაქმებელს, მაგრამ იგივე პოლიტიკური, რელიგიური შეხედულება ან ფილოსოფიური მრწამსი ბუნებრივია გადამწყვეტი ვერ იქნება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

აქედან გამომდინარე, ყოველთვის ურთიერთობის ხასიათიდან უნდა გამოვიდეთ. მთავარია, ასეთი ტიპის კომუნიკაცია და ნებისმიერი მონაცემთა დამუშავება აუცილებელად იყო სამართლიანი და კანონიერი. სხვათაშორის ამ თვალსაზრისით, ევრპული კანონმდებლობა, რომელთან ჰარმონიზაციისკენ ჩვენ მივისწრაფვით, და ძალიან დიდი ნაბიჯები იქნა უკვე ამ მიმართულებით გადადგმული, ძალიან კარგ მდგომარეობაშია დამსაქმებელი, თუმცა ამავე დროს დასაქმებულსაც ექმნება საშუალება, რომ საკუთარი კორპორატიული ინტერესები დაიცვან. შესაბამისად მისი სახელით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებაც საჭიროებისამებრ ქონდეს ინფორმაცია“.

ქალდანის თქმით, დასაქმებულს უფლების და ინტერესების დასაცავად შეუძლია მიმართოს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, ასევე სასამართლოს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულმა აპარატმა 2015 წელს 54 ორგანიზაციაში განახორციელა ინსპექტირება.

„დარღვევები სხვადასხვა სახის იყო, იგივე ვიდეო თვალთვალის წესების დარღვევა. მაგალითად როდესაც ვიდეო თვალთვალი გამოიყენებოდა არა იმ მიზნებისთვის, რომელიც კანონშია გაწერილი, იგივე უსაფრხოების, საკუთრების დაცვის მიზნით, არამედ თანამშრომელთა ქცევის კონტროლისთვის, მაშინ როდესაც არესებობდა გაცილებით უფრო ადეკვატური საშუალებები ქცევის კონტროლისთვის, იგივე მენეჯერი და სხვა საშუალებები, რომელსაც კომპანიები იყენებენ, რომ ნაკლები ჩარევა მოხდეს დასაქმებულის პირად ცხოვრებაში. გარკვეულ შემთხვევებში გამოყენებული იყო კანონით გათვალისწინებული სანქციები. იყო შემთვევები როდესაც ორგანიზაციებს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებიც მიეცათ“,

– განაცხადა თამარ ქალდანმა.

 ipress.ge