03/05/2024
Latest:
საზოგადოება

ლევან კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული სამართლიანობის სამსახური იქმნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული სამართლიანობის სამსახური იქმნება, – ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა აღმასკომის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს აღმასკომის წევრებთან ვისაუბრე ხობში მომხდარ ძალიან სამწუხარო ფაქტზე. პირველი ლიგაში მოასპარეზე ერთ-ერთ ფეხბურთელს დაუკავშირდნენ, კონკრეტულად კოლხეთის „ხობსა“ და ცხინვალის „ლიახვს“ შორის მატჩში გარიგებაში მიეღო მონაწილეობა, რის სანაცვლოდად კონკრეტულ თანხას სავაზობდნენ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ იმ ფეხბურთელის სახელისა და გვარის დასახელებისგან.

არ იყო იოლი თამაშის გადადების გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ავიღე ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე და დადებითად შეაფასეს და გვერდში დაგვიდგნენ მხარეები. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ არ ვიყავი დარწმუნებული, თუნდაც სხვასთან არ იყო დარეკილი და იმ სხვას არ ეთქვა და დაემალა. მქონდა იმის საფუძველი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სხვასთანაც განხორციელებული ყოფილიყო მსგავსი ზარი. საშიშროება, რომ ამ კონკრეტულ მატჩში მართლა ხდებოდა, ეს რეალური იყო.

ამ ადამიანებმა მემგონი საერთოდ ვერ გაიგეს რა შეიცვალა ფეხბურთში და რატომ მოხდა ეს ცვლილებები. ამ ხნის განმავლობაში და მომავალშიც, დარწმუნებული იყავით, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ფეხბურთი განვითარდეს, როგორ მოვიზიდოთ კერძო სექტორი, როგორ დავაინტერესოთ, როგორ დავუბრუნოთ ნდობა, ხალხი როგორ მობრუნდეს ფეხბურთისკენ, ასეთი ქმედებებით ეს ადამიანები ჩვენს მუშაობას წყალში ყრიან, აფუჭებენ ყველაფერს. ჩვენ ვემიჯნებით და ვეწინააღმდეგებით, ყველა ჩვენი რესურსით, რაც გაგვაჩნია, შევებრძოლებით, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. ეს უკარგავს ფეხბურთს ნდობას.

ფეხბურთის ფედერაციაში იქმნება სპორტული სამართლიანობის სამსახური, ანუ სპეციალური სამუშაო ჯგუფი კონკრეტულად ასეთ საკითხებზე 24 საათის განმავლობაში იმუშავებს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტის, კახა ჭუმბურიძის განცხადებით კი, სპორტული სამართლიანობის სამსახურის მასალებისა და დასკვნების წარდგენით, სადისციპლინო კომიტეტს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს, ისე რომ სამართალდამცავი ორგანოები არ ჩაერთონ ამ საქმიანობაში.

„უეფას დელიგირებული აქვს ფეხბურთის ფედერაციებზე, სპორტული სამართლიანობის სამსახურს შეუძლია წარმოადგინოს მასალები, დასკვნები და ამის მიხედვით სადისციპლინო კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას. სისხლის სამართალი არ არის აუცილებელი ჩაერთოს ამ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, თუ იქნება სისხლისსამართლის ნიშნები, ჩაერთვებიან სამართალდამცავები, თუ არადა განიხილავს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი“, – აღნიშნა კახა ჭუმბურიძემ.

წყარო: Ipress.ge