05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

დიდი მოსავალი და რუსეთის ანტითურქული სანქციები – ქართველი მეციტრუსეები საუკეთესო სეზონს ელოდებიან

ქართველი მწარმოებლები მზად არიან რუსულ ბაზარზე თურქული პროდუქცია ჩაანაცვლონ. როგორც ცნობილია, თურქეთიდან რუსეთში ბოსტნეულისა და ხილის შეტანაზე აკრძალვა წესდება, თუმცა ეს ზომა ძალაში რამდენიმე კვირაში შევა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას საქართველო აუცილებლად გამოიყენებს, თუმცა, მეზობელ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ძირითადად კი, ციტრუსი, აქამდეც გადიოდა. ფუტკარაძის თქმით, გასულ წელს ექსპორტის უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა.

„წელს გასულ წელთან შედარებით გაცილებით დიდი მოსავალი მოვიდა, შესაბამისად, გაიზრდება ექსპორტი. აქამდე ციტრუსი უფრო მეტად რუსეთში გადიოდა, წელს გვინდა შუა აზიის მიმართულება გავააქტიუროთ, თუმცა, რუსეთი მაინც პირველი ექსპორტიორი იქნება”

-აცხადებს ფუტკარაძე.

მისი ინფორმაციით, წელს ციტრუსთან დაკავშირებით სრული მზადყოფნაა, მოგვარებულია ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის საკითხებიც. შესაბამისად, რუსეთში გაზრდილი რაოდენობა უპრობლემოდ გავა. „წინა წლისგან განსხვავებით, როცა ლარსის და აზერბაიჯანის გავლით ხდებოდა რუსეთში ციტრუსის გატანა, წელს გაიხსნა რეგულარული რეისი ბათუმი ნოვოროსიისკის მიმართულებით. ერთ წაღებაზე 100-150 სატვირთო მანქანა გადის, ჯამურად 3 000 ტონა”-აცხადებს ფუტკარაძე.

ისარგებლებს თუ არა საქართველო რუსეთის აღნიშნული შეზღუდვით და მზად არიან თუ არა ქართველი მწარმოებლები გაიტანონ პროდუქცია რუსეთში?

როგორც აღმოჩნდა, რუსეთის მხრიდან აღნიშნული შეზღუდვით ძირითადად ციტრუსის მწარმოებელი კომპანიები ისარგებლებენ, რასაც ვერ ვიტყვით ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანიებზე.

ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბიას” ხელმძღვანელი ზურაბ ჯანელიძე აცხადებს, რომ თუ შემცირდება თურქეთის ექსპორტი რუსეთში, საქართველოდან ექსპორტი აუცილებლად გაიზრდება. მისი თქმით, „ჰერბია” და მისი მსგავსი კომპანიები რუსეთის ბაზარს ძირითად ექსპორტიორ პარტნიორად განიხილავენ.

თუმცა, მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საქართველოს, ბოსტნეულიდან მხოლოდ მწვანილის გატანა შეუძლია, რადგან ამ დროისთვის ქვეყანაში არ იწარმოება იმ ოდენობის ბოსტნეული, რომ ექსპორტზე გავიდეს.

„კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი და ასე შემდეგ, იწარმოება მინიმალური რაოდენობით, ის ადგილობრივი ბაზრის 10 პროცენტსაც ვერ ავსებს. საქართველოში ბოსტნეული თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის. როცა ბაზარი ითხოვს, იმ პერიოდში საექსპორტო ბოსტნეული არ არის, როცა არის, მაშინ თვითღირებულება იმდენად დიდია, რომ სხვა ქვეყნის ადგილობრივ წარმოებას ფასით კონკურენციას ვერ უწევს. ნახევარი წლის მანძილზე საქართველოში დაახლოებით 20 000 ტონა კიტრი და პომიდორი შემოდის. კიტრის და პომიდვრის ექსპორტზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია”

-აცხადებს ჯანელიძე.

მისი განმარტებით, ეს სეგმენტი გასავითარებელია, რასაც ფინანსები სჭირდება. მართალია სახელმწიფოს მხრიდან არის ხელშეწყობა, მაგრამ ის არასაკმარისია. „ჩვენი მეურნეობა მხოლოდ 3 ჰექტარია. ამის გამო, დიდი რაოდენობით პროდუქციას ვერ აწარმოებს. იმერეთის რეგიონში შესაძლოა 1 000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყოს, რომელსაც ამ მიმართულებით გამოიყენებს, თავისუფალი საერთაშორისო სტანდარტებით კი 1 ჰექტრის მოწყობა 1.5 მილიო ევრომდე ჯდება. ჩვენნაირი კომპანიები ამას ვერ იზამენ, რთული იქნება”-აცხადებს ჯანელიძე.

ხილის ექსპორტიორი კომპანია „ციტროს” ხელმძღვანელი თენგიზ ცხადაძე აცხადებს, რომ რუსეთში ექსპორტი ყოველთვის მისაღები იყო და ახლაც ასე იქნება. აქედან გამომდინარე, რუსეთის ეს გადაწყვეტილება მისი კომპანიისთვის დადებითი ეფექტის მომცემი იქნება.

„ექსპორტს აქამდეც ვაწარმოებდით, მაგალითად, გასულ წელს რუსეთში 600 ტონა გაიზგავნა, რუსეთის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ამ ქვეყანაში ექსპორტს აუცილებლად გავზრდით. ამასწინათ რუსეთში რომ ციტრუსით დატვირთული მანქანა ჩავიდა, გაუკვირდათ, აღფრთოვანებულები შეხვდნენ. რუსეთიდან მოთხოვნა არის. ჩვენ მოსკოვში გუშინაც გავგზავნეთ პროდუქცია,”

-აცხადებს ცხადაძე.

შეგახსენებთ, შაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთის მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ, რაც იყო პასუხი თურქული მხარის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. პუტინმა რუსეთში ცალკეული თურქული პროდუქციის შეტანა აკრძალა. მათი ჩამონათვალის დადგენა მთავრობას აქვს დავალებული. ამის შემდეგ, როსსელხოზნადზორის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი ალექსეენკომ განაცხადა, რომ ეს ცნობა საქართველომ და აზერბაიჯანმა ძალიან პოზიტიურად მიიღეს, რადგან ეძლევათ შესაძლებლობა, გაზარდონ თავიანთი მცენარეული პროდუქციის მიწოდება. ამასთან, ალექსეენკო ამბობს, რომ ეს პროდუქცია მაღალი ხარისხისაა.

commersant.ge